Accessibility links

site logo site logo

ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ცესკოში იმიტირებული არჩევნები ტარდება


დღეს დილიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები ტარდება. იმიტირებული კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო.

ახალი ტექნოლოგიები გამოიყენება უკვე დანერგილ პროცედურებში - ამომრჩევლის იდენტიფიცირება საარჩევნო უბანზე შესვლამდე სპეციალური მოწყობილობით მოხდება. ამის შემდეგ ამომრჩეველი რეგისტრატორთან მივა, სადაც კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ მის ვინაობას. რეგისტრატორი ამომრჩევლისთვის გადაცემული ბიულეტენის შტრიხკოდს სპეციალური მოწყობილობით დააფიქსირებს, სასურველი კანდიდატის ან პარტიის არჩევის შემდეგ კი ბიულეტენის შტრიხკოდს საარჩევნო ყუთთან მჯდომი პირი კიდევ ერთხელ დააფიქსირებს. ბიულეტენი ყუთში ვარდება შტრიხკოდის გარეშე - ამით შეუძლებელი იქნება დადგინდეს, რომელმა ამომრჩეველმა რომელ კანდიდატს მისცა ხმა, თუმცა დადგინდება, ხომ არ გაიტანეს ბიულეტენი უბნიდან ან რამდენი ხანი არ ჩავარდა ის საარჩევნო ყუთში.

"კენჭისყრის პროცესი ცესკოში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობების საკითხებზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის ორგანიზებით მიმდინარეობს... საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები პოლიტიკური პარტიების ინიციატივითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით 2021 წლის მარტიდან მიმდინარეობს", - აცხადებენ ცესკოში.

იმიტირებულ პროცესში 822 ამომრჩეველია რეგისტრირებული, პროცესს აკვირდება მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ საკითხზე გამართულ შეხვედრებში, ცესკოს თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობდნენ წარმომადგენლები პოლიტიკური გაერთიანებებიდან - „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ევროპელი სოციალისტები“, „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ და „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG