ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი 14 ივნისს განცხადებით გამოვა და იტყვის, რომ COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების სრული მოხსნა გადაიდო, ვირუსის ე.წ. დელტა ვარიანტის გავრცელებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო.
ბრიტანეთში ეტაპობრივად იხსნებოდა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდები, გეგმით, რომელიც ითვალისწინებდა ყველა შეზღუდვის მოხსნას "არაუადრეს" 21 ივნისისა. მაგრამ როგორც მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ადგილას, ვირუსის "დელტა" ნაირსახეობა - რომელმაც ინდოეთს დიდი ზიანი მიაყენა - ბრიტანეთშიც ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მაჩვენებელი აქვს მოსახლეობის იმუნიზაციის თვალსაზრისით. ჯანდაცვის სფეროს მესვეურთა თქმით, "დელტა" შესაძლოა 60 პროცენტით უფრო გადამდები იყოს, ვიდრე ვირუსის ორიგინალური ვერსია - რაც იწვევს შეშფოთებას, რომ აუცრელ მოსახლეობაში ის ინფიცირების მესამე ტალღას და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდას გამოიწვევს.
გერმანიაში, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ გარე სივრცეში ჩატარებულ ღონისძიებებზე შესაძლოა მოიხსნას ნიღბის ტარების აუცილებლობა, თუკი ინფიცირების მაჩვენებელი კვლავაც გააგრძელებს კლებას.
ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს აშშ-ის მასშტაბით - შვიდი დღის საშუალო მონაცემი იქ ყოველდღიურად 10,000 შემთხვევას უტოლდება, შესაბამისად, იხსნება შეზღუდვებიც.
ბრაზილიაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი იანვრის შემდეგ არ იკლებს. მაგრამ, კრიზისის მიუხედავად, ბრაზილიამ 13 ივნისს მაინც გახსნა "კოპა ამერიკა", საფეხბურთო ჩემპიონატი. ეპიდემიოლოგები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ამ ღონისძიებამ შესაძლოა გაძლიეროს COVID-19-ის აფეთქება.