Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის ისრაელის ახალი ლიდერი - ნაფტალი ბენეტი?


ნაფტალი ბენეტი
ნაფტალი ბენეტი

კვირას ფიცი დადო ისრაელის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა, რომელიც, როგორც მიმომხილველები შენიშნავენ, ისრაელის სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობების განსახიერებაა.

ის არის მორწმუნე იუდეველი, რომელმაც მილიონები გააკეთა სეკულარულ - მაღალი ტექნოლოგიების სექტორში; მხარს უჭერს ახალშენების მოძრაობას და ცხოვრობს თელ-ავივის პრესტიჟულ გარეუბრანში; ადრე იყო ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტნიორი, ახლა კი კოალიციაში შევიდა მემარცხენე-ცენტრისტულ კოალიციაში, რომელმაც წერტილი დაუსვა ნეთანიაჰუს 12-წლიან მმართველობას.

მარტის საპარლამენტო არჩევნებში მისმა ულტრამემარჯვენე პარტია იამინამ შვიდი მანდატი მოიპოვა 120-ადგილიან ქნესეთში. ორი წლის განმავლობაში მას მეოთხედ ჰქონდა ასეთი შედეგი. მაგრამ იმით, რომ უარი თქვა, დამორჩილებოდა ნეთანიაჰუს ან მის ოპონენტებს, ბენეტი ფაქტობრივად მთავარ პოლიტიკურ ფიგურად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ერთმა თანამებრძოლმა დატოვა მისი რელიგიურ-ნაციონალისტური პარტია, ბენეტმა მაინც მოახერხა გვირგვინის მოპოვება.

ულტრანაციონალისტი ზომიერ კოალიციაში

ბენეტი დიდი ხნის განმავლობაში პოზიციონირებდა ნეთანიაჰუზე უფრო მემარჯვენე პოლიტიკოსად. მაგრამ ამჯერად ის ძალზე შეზღუდული იქნება თავისი კოალიციის ფარგლებში, რომელსაც პარლამენტში მცირე უპირატესობით აქვს მოპოვებული უმრავლესობა და შედგება მემარჯვენე, მემარცხენე და ცენტრისტული პარტიებისგან.

ის ეწინააღმდეგება პალესტინელთა დამოუკიდებლობას და ძლიერ უჭერს მხარს ებრაელთა დასახლებებს ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში, რასაც პალესტინელები და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევენ მშვიდობისკენ გზაზე.

ბენეტმა მწვავედ გააკრიტიკა ნეთანიაჰუ მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ზეწოლის შედეგად დათანხმდა, შეენელებინა დასახლებების მშენებლობა.

მოკლე ხნით იყო დასავლეთ ნაპირის დასახლებების საბჭოს, იეშას თავმჯდომარე, სანამ ქნესეთში მოხვდებოდა 2013 წელს. მოგვიანებით მინისტრთა კაბინეტში დიასპორის, განათლებისა და თავდაცვის მინისტრების პოსტები ეკავა ნეთანიაჰუს სხვადასხვა მთავრობაში.

„ის არის მემარჯვენე ლიდერი, უშიშროების სფეროში მკაცრი კურსის მომხრე, მაგრამ ამავე დროს ძალიან პრაგმატულია,“ თქვა იოჰანან პლესნერმა, ისრაელის დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იცნობს ბენეტს.

პლესნერი ვარაუდობს, რომ ბენეტი სხვა ფრაქციებთან ითანამშრომლებს „საერთო მნიშვნელის“ გამოსანახავად, ვინაიდან ის ეროვნული ლიდერისთვის საჭირო ლეგიტიმაციის მოპოვებას შეეცდება.

ნეთანიაჰუსთან მეტოქეობა

49 წლის ბენეტს, რომელიც ოთხი შვილის მამაა, ნეთანიაჰუს მსგავსად ძლიერი ხელის პოლიტიკა ახასიათებს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში, მაგრამ ამ ორ პოლიტიკოსს შორის წლების განმავლობაში იყო დაძაბულობა.

ბენეტი ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ნეთანიაჰუს შტაბს, მაგრამ მათი გზები გაიყო საიდუმლოებით მოცული კონფლიქტის შემდეგ. ამაში ისრაელის მედია ბრალს სდებს ნეთანიაჰუს ცოლს, სარას, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობს მეუღლის ვიწრო წრეში.

მარტის არჩევნებისთვის ბენეტი უდრეკი მემარჯვენის პოზიციიდან აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას და ტელევიზიაში საჯაროდ დადო პირობა, რომ არასოდეს მისცემდა პრემიერ-მინისტრობის უფლებას ცენტრისტსა და ნეთანიაუჰუს მთავარ მეტოქეს, იაირ ლაპიდს.

მაგრამ როცა ნათელი გახდა, რომ ნეთანიაჰუ ვერ ახერხებდა მმართველი კოალიციის ფორმირებას, ბენეტმა სწორედ ეს გააკეთა - ის დათანხმდა ორი წლით დაეკავებინა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, სანამ კოალიციის არქიტექტორს, ლაპიდს გადასცემდა ძალაუფლებას.

ნეთანიაჰუს მომხრეები ბენეტს მოღალატეს უწოდებენ და ბრალს სდებენ, რომ მან ამომრჩეველი მოატყუა. ბენეტი კი ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება ქვეყნის გაერთიანებისა და არჩევნების მეხუთე რაუნდის თავიდან ასაცილებელი პრაგმატული ნაბიჯი იყო.

მთავარი ცვლილება

ორთოდოქსი იუდეველი ბენეტი ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრი იქნება, რომელსაც რეგულარულად ახურავს კიპა - მორწმუნე იუდეველების ტრადიციული პატარა ქუდი. ცხოვრობს თელ-ავივის პრესტიჟულ გარეუბანში, რაანანაში, და არა ებრაულ ახალშენში, რომლების მხურვალე მხარდამჭერიცაა.

ბენეტის მშობლები ამერიკაში არიან დაბადებული, თავად კი ჯერ ჰაიფაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ხან ჩრდილოეთ ამერიკაში იყო, ხან ისრაელში. მსახურობდა არმიაში, დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი და შემდეგ კერძო სექტორში მუშაობდა.

ჯარში ის ელიტურ „საიერეტ მატკალის“ სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა. ამის შემდეგ იურისპრუდენციას სწავლობდა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში. 1999 წელს იყო თანადამაარსებელი სოფტვერის კომპანია Cyota-სი, რომელიც 2005 წელს 145 მილიონ აშშ დოლარად იყიდა ამერიკულმა კომპანია RSA Security-მ.

ბენეტი ამბობს, რომ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა 2006 წელს ლიბანურ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან ბრძოლისას მიღებული გამოცდილების შედეგად. გაჭიანურებული ომი უშედეგოდ დასრულდა და ისრაელის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მწვავედ აკრიტიკებდნენ წარუმატებელი კამპანიის გამო.

ბენეტი წარმოადგენს ისრაელის ლიდერების მესამე თაობას სახელმწიფოს დამაარსებლებისა და ნეთანიაჰუს თაობის შემდეგ. მისი თაობა არაბულ სახელმწიფოებთან მძიმე ბრძოლების ფონზე წამოიზარდა.

„ის არის ისრაელი 3.0,“ ამბობს ისრაელის მემარცხენე ორიენტაციის გაზეთ Haaretz-ის ავტორი ანშელ პფეფერი ბენეტის შესახებ ახლახან დაწერილ სტატიაში.

„ებრაელი ნაციონალისტი, მაგრამ არა მთლად დოგმატიკოსი. ცოტა რელიგიური, მაგრამ აშკარად არა ღვთისმოსავი. სამხედრო, რომელიც ურბანული სამოქალაქო ცხოვრების კომფორტს ანიჭებს უპირატესობას და high-tech-ის სფეროს მეწარმე, რომელიც აღარ ცდილობს მეტი მილიონების გაკეთებას. ისრაელის დიდი მიწების მხარდამჭერი, მაგრამ თავად არა ახალმოსახლე. და სავსებით შესაძლებელია, არც პოლიტიკოსი დარჩეს სიცოცხლის ბოლომდე,“ წერს პფეფერი.

(Associated Press-ის მიხედვით)

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG