2019 წლის 19-20 ივნისს ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის დაშლის ოპერაციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმდროინდდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მხრიდან „გაუგებრად დაგეგმილს უწოდებს. კობახიძეს მიაჩნია, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შეიძლებოდა რბილი საშუალებების გამოყენება.
„დაგროვდა ქმედებები, რომელიც ამყარებს ეჭვს, რომ გახარია გავლენის ქვეშ გაცილებით უფრო ადრე იყო. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გაგვიჩნდა ბუნებრივია კითხვები“, - ამბობს კობახიძე ბოიკოტის შეწყვეტის შემდეგ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში და კონკრეტულ მაგალითს ასახელებს - „20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან, რამაც საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. ვგულისხმობ მარტივ რაღაცას, ვინც ერკვევა... ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი და გარკვეული კითხვები მაქვს დასმული. რატომ იდგნენ შსს-ს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, ეს ერთი“.
როგორც კობახიძე ამბობს, რა თქმა უნდა, 20 ივნისს გახარია იღებდა გადაწყვეტილებებს და თავად არის პასუხისმგებელი ოპერაციის დაგეგმვაზე. დეპუტატი გახარიას მისამართით კონკრეტულ შეკითხვებს სვამს: „თვითონ აკეთებდა ამას ერთ-ერთ მოადგილესთან [კახა საბანაძესთან] ერთად. რატომ იდგა ე.წ. სპეცრაზმი გარეთ? მეორე, რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი საშუალებები? საბოლოო ჯამში უკვე იძულება იყო ტყვიების გამოყენება, რომ მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე... ჭიშკრის დაცვა იყო მარტივი, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის რაოდენობა არ იყო იმდენი, რომელიც იძლეოდა მეტი საფრთხის საშიშროების საფუძველს“.
ირაკლი კობახიძის თქმით, გახარიას მოქმედებები მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას შეცდომად მიაჩნდა, თუმცა თავად ამატებს, რომ შესაძლოა, ეს არც იყო შეცდომა.
კობახიძე კიდევ ერთი გარემოებას იხსენებს: „მე ვრეკავ ბაქოდან და ვკითხულობ, რა ხდება? მას ვურეკავ პირადად და ვეკითხები [გახარიას] - რა ხდება? მისგან პასუხი მივიღე რომ შტურმის ორგანიზატორები აუცილებლად შევიდოდნენ პარლამენტში. ვერ ახერხებდა ის პარლამენტის დაცვას. ეს იყო მისი პოზიცია, რაც მე გამიკვირდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო შეცდომა თუ შეგნებული „შეცდომები“ მე ვეღარ ვიმსჯელებ, მაშინ, დამატებით შეთქმულებებში უნდა გადავიდე“.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარლამენტზე შტურმი ნამდვილად იყო და ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს [ოპოზიციის წარმომადგენლებმა], მაგრამ ამის მოგერიება შეიძლებოდა უფრო რბილად.
ანტისაოკუპაციო აქცია 2019 წლის 20 ივნისს, 19 საათისათვის დაიგეგმა. პარლამენტის წინ შეიკრიბა ათასობით მოქალაქე. სცენა დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სცენაზე გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მმართველ ძალას, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის უფლება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ აქვს.
ოპოზიციის ლიდერები მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ და მათ ერთსაათიან ვადას აძლევენ.
20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებისგან მიყენებული ტრავმის გამო თვალი დაკარგა. თვალისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცავი.
21 ივნისს პოსტი დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
ანტისაოკუპაციო, საპროტესტო აქციები სახელწოდებით „სირცხვილია“ სამი თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების გათავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.
გიორგი გახარია სექტემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა.
„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დადებული პირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა, ნოემბერში გაქარწყლდა. საპარლამენტო უმრავლესობამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.