Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ სახელმწიფოს 35 000 ლარის გადახდა დააკისრა ბავშვების სასარგებლოდ, რომლებიც დედას დააშორეს


სასამართლო მოგებულია - ბავშვებს, რომლებიც სიღარიბის გამო დედას ჩამოართვეს და მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს და რომლებიც ერთი წლის წინ, დედამ მაინც დაუბრუნა, სახელმწიფომ მორალური ზიანი უნდა აუნაზღაუროს და მათ 35 000 ლარი გადაუხადოს.

მოსარჩელეები ამ საქმეში სწორედ ბავშვები იყვნენ.

მას შემდეგ, რაც შარშან მინდობით აღზრდაში მყოფი ორი შვილი (ერთი, უმცროსი დედასთან დატოვეს) სასამართლოს გზით დედასთან დაბრუნდა, ბავშვებისვე თხოვნით, საქმე სასამართლოში მაინც გაგრძელდა. ბავშვები ითხოვდნენ, რომ მათი უფლებები ბოლომდე ყოფილიყო დაცული და სახელწმიფოს მათთვის მიყენებული მორალური ზიანიც აენაზღაურებინა.

მათ უფლებებს იცავდა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) და ადვოკატი ანა არგანაშვილი, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ PHR-მა სასამართლოს სამივე ბავშვის (ერთი, უმცროსი ბავშვი დედასთან იყო) შემთხვევაში მოსთხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება.

„მთავარი მტკიცება გვქონდა ის, რომ ბავშვები დედას სიღარიბის გამო დააშორეს და ეს არის უკანონობა“, - ეუბნება ანა არგანაშვილი რადიო თავისუფლებას.

15 ივნისს, სასამართლოში თავად ბავშვებმა ილაპარაკეს.

ისინი იყვნენ ერთადერთი მოწმე თავიანთი მდგომარეობის, რადგან, როგორც ანა ამბობს, არავინ დაადასტურებდა იმას, რომ ისინი დედასთან დაშორების გამო ცუდად გრძნობდნენ თავს.

„ეს მართლა უპრეცედენტო საქმეა, რადგან ბავშვების ასეთი მოსმენა, სასამართლოში, მე არ მინახავს. პროცესზე ბოლო სიტყვა ყველაზე უფროსს მისცეს. ის მიუბრუნდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელს და უთხრა, თქვენ რომ ამბობთ, რატომ არ ვაპროტესტებდი ამას, მე თქვენი მეშინოდა და ხმას ამიტომ არ ვიღებდიო“.

ანა არგანაშვილი აცხადებს, რომ ამ საქმით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ერთ მთავარ რამეს - სიღარიბე არ არის მშობლების ბრალი - ეს სახემწიფოს ბრალია, რომ მშობელი არ გააძლიერა.

ამ საქმით, ამბობს ადვოკატი, სასამართლომ დაამტკიცა 2 მთავარი რამ:

  • დედას ბავშვები სიღარიბის გამო ჩამოართვეს.
  • არ შეიძლება სიღარიბის გამო დედას შვილები დააშორო.

2020 წლის 16 სექტემბერს სასამართლომ მშობლის შეზღუდული უფლება აღუდგინა ქალს, რომელსაც თავისი 2 შვილი ჯერ ნაწილობრივ ჩამოაშორეს, შემდეგ კი ორივე ჩამოართვეს და თბილისიდან შორს, ერთ-ერთ რეგიონში მინდობით აღზრდაში გაუშვეს.

2017 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებაში კი, დედისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზეზად ეწერა, რომ:

  • ოჯახს არ გააჩნია სათანადო პირობები.
  • ბავშვები ვერ იღებენ სამედიცინო მომსახურებას.
  • არ იკვებებიან ნუტრიციულად დაბალანსებული საკვებით, რაც აუცილებელია მათი განვითარებისათვის.
  • არადამაკმაყოფილებელია არასრულწლოვანთა პირადი და საცხოვრებელი ჰიგიენური მდგომარეობა.
  • ბავშვები სისტემატურად აცდენენ სკოლას....

დასკვნა კი ასეთი იყო:

„ბავშვები არიან უგულვებელყოფის მსხვერპლნი და საჭიროებენ განთავსებას სახელმწიფო მზრუნველობაში“. და რომ უნდა მოხდეს „მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევება“.

რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ ბავშვები ისევ დედასთან არიან. ახლა სახელმწიფო ვალდებულია სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულოს და ოჯახს მორალური ზიანისთვის დაკისრებული თანხა - 35 000 ლარი გადაუხადოს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG