Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე იაკობი ამბობს, რომ ნინოწმინდაში ახალი სახლების ასაშენებლად მიწას სახელმწიფო გამოუყოფს


ეპისკოპოს იაკობის თქმით, რომელიც ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, გეგმავენ ახალი სახლების აშენებას, რომლისთვისაც მიწას სახელმწიფო გამოყოფს. ეს არის ერთ-ერთი ბოლო კომენტარი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

"თქვენ [დაფინანსებაზე] არ ინერვიულოთ, ცოტა ხანში დაგიძახებთ ახალ მშენებლობაზე. მიწას გამოგვიყოფენ და დავიწყებთ... რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა გამოგვიყოს... 1000-დან და 1500 კვადრატამდე უნდა თითო იმას [სახლს], ბავშვები რომ განვითარდნენ... ჩვენი სახლებისთვის ხომ არ გვინდა?" - განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.

პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დირექტორად ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი 14 ივნისს დაინიშნა. თავის მომავალ გეგმებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ იწყებს პანსიონის გარდაქმნის პროცესს. კერძოდ, აპირებს რამდენიმე მცირე სახლის აშენებას, სადაც ოჯახური გარემო იქნება.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა. ნინო ლომჯარიამ 15 ივნისს საპატრიარქოს ნინოწმინდის პანსიონში შესვლის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.

ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

XS
SM
MD
LG