Accessibility links

site logo site logo

როგორი იქნება ირანის საგარეო პოლიტიკა პრეზიდენტ რაისის ხელში


ბრაჰიმ რაისი

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარი ფავორიტი, სასულიერო პირი ებრაჰიმ რაისი, გამოვიდა დაპირებით, რომ თეირანი შეასრულებს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობებს. თუ ის პრეზიდენტად აირჩიეს, რაისი ყველა ქვეყანასა და მეზობელთან ურთიერთობას გეგმავს.

ავტორი: გოლნაზ ესფანდიარი


ებრაჰიმ რაისის, ირანის 18 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების ფავორიტის, მმართველობისას, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თეირანის ტონი დასავლეთის მიმართ, შესაძლოა, უფრო გამკაცრდეს, თუმცა მოელიან, რომ ის გააგრძელებს გზების ძიებას 2015 წლის ისტორიული ბირთვული შეთანხმების განახლებისათვის.

მაშინ როცა პრეზიდენტი ირანში საშინაო საქმეებსა და საგარეო პოლიტიკაშიც ტონის მიმცემია, საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები მხოლოდ ის არ არის.

ამ მხრივ, ისლამურ რესპუბლიკაში მთავარ როლს თამაშობს უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელმაც მწვანე შუქი მისცა ირანელ დიპლომატებს მსოფლიოს სახელმწიფოებთან ბირთვული შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებაზე დასაბრუნებლად. ირანს სასიცოცხლოდ სჭირდება აშშ-ისა და დასავლეთის სანქციების შერბილება თავისი განადგურებული ეკონომიკის გადასარჩენად.


მთავარ გადაწყვეტილებებს ირანში იღებს უშიშროების უზენაესი ეროვნული საბჭო, რომლის სათავეშიც პრეზიდენტია, და ხამენეი, რომლის სიტყვაც გადამწყვეტია.

თეირანის ბირთვული პოლიტიკა, სავარაუდოდ, არ შეიცვლება რაისის დროს, რომლის გზაც პრეზიდენტობისკენ, როგორც ჩანს, გუშაგთა საბჭოს მიერ მისი პოტენციური მეტოქეების კენჭისყრიდან ჩამოშორებით იქნა გაკვალული.

რაისის ბუნდოვანი საგარეოპოლიტიკური პოზიცია


რაისი, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე სქემატური განცხადება გააკეთა საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, სავარაუდოდ, მთლიანად დაემორჩილება ხამენეის, რომელიც დიდი ეჭვით უყურებს შეერთებულ შტატებსა და დასავლეთს.

რაისი, დიდი ალბათობით, ასევე ყურადღებით მოუსმენს ძლევამოსილ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, რომელიც აკონტროლებს რეგიონალურ საქმიანობას მეზობელ ქვეყნებში.

უკომპრომისო სასულიერო პირმა, რაისიმ, რომელიც სასამართლო სისტემას უდგას სათავეში და რომელიც, ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო, შეერთებული შტატების მიერ შავ სიაშია შეყვანილი, განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი იქნება მსოფლიოსთან და, განსაკუთრებით, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა.

"ჩვენ ეროვნულ ინტერესებს პირველ ადგილზე დავაყენებთ", განაცხადა მან სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში და დასძინა: "ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეპრესიული სანქციები უნდა გაუქმდეს და ამ მიმართულებით ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ".

აიათოლა ალი ხამენეი და ებრაჰიმ რაისი. თეირანი, 2019 წელი.
აიათოლა ალი ხამენეი და ებრაჰიმ რაისი. თეირანი, 2019 წელი.

სანამ ვაქილი, Chatham House-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის დირექტორის მოადგილე, მიიჩნევს, რომ რაისი, სავარაუდოდ, "მიზანშეწონილ საგარეო პოლიტიკას" გაჰყვება.

"მიზანშეწონილ პოლიტიკას იდეოლოგიური ტონი ექნება, მაგრამ, შესაძლოა, პრაგმატიზმით იქნეს შეფერილი", - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას.

რაისიმ საპრეზიდენტო დებატებისას ცხადად გამოხატა თავისი დამოკიდებულება, რომ არჩევის შემთხვევაში ის განახორციელებს ბირთვულ შეთანხმებას - ერთობლივი მოქმედების საყოველთაო გეგმას (JCPOA), რომელზეც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ კვლავ შეუერთდებოდა, თუ ირანი დაუბრუნდებოდა მისი პირობების დაცვას.

გასული კვირების განმავლობაში ირანი და შეერთებული შტატები ჩართული იყვნენ არაპირდაპირ მოლაპარაკებაში ვენაში. მოლაპარაკების მიზანი იყო განახლება შეთანხმებისა, რომლიდანაც შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, 2018 წელს გამოვიდა და ასევე კვლავ დააწესა მკაცრი სანქციები, რომლებმაც დიდი ზიანი მიაყენა ირანის ეკონომიკას. საპასუხოდ, თეირანმა უარი თქვა თავისი მოვალეობების შესრულებაზე ამ შეთანხმების ფარგლებში.

ბირთვულ სფეროში პოზიციის შეცვლა არ არის მოსალოდნელი

"ჩვენ ერთობლივი მოქმედების საყოველთაო გეგმის ერთგულ ვიქნებით, როგორც შეთანხმებისა, რომელიც ჩვენი უზენაესი ლიდერის მიერ იყო დამტკიცებული", - განაცხადა რაისიმ დებატებისას 12 ივნისს.

"ბირთვული შეთანხმება ძლიერმა მთავრობამ უნდა განახორციელოს, თქვენ ამას ვერ შეძლებთ", - დაამატა მან და მიმართა თავის ზომიერ მეტოქეს, აბდოლნასერ ჰემათის, რომელიც ცენტრალური ბანკის უფროსად მსახურობდა მიმავალი პრეზიდენტის, შედარებით ზომიერი ჰასან როჰანის, მმართველობისას, როცა შედგა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება. შეთანხმების პირობები ათავისუფლებდა თეირანს ეკონოკიური სანქციებისგან, მის ბირთვულ პროგრამაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვების დაწესების სანაცვლოდ.

როჰანიმ უკანასკნელ თვეებში თავისი მეტოქეები დაადანაშაულა ბირთვულ მოლაპარაკებებში გარღვევისთვის ხელისშეშლის მცდელობაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ.


რაისიმ, რომლის პოტენციური პრეზიდენტობა დაასრულებს ქვეყანაში არჩეული ინსტიტუტების მიტაცებას მკაცრი ხაზის მომხრეების მიერ, შესაძლოა, იხეიროს ბირთვული შეთანხმების უპირატესობებით პრეზიდენტობის პირველი ერთი ან ორი წლის განმავლობაში, თუკი შეთანხმება აგვისტომდე მიიღწევა, როცა როჰანი დატოვებს თავის პოსტს, ფიქრობს ჰენრი როუმი, ვაშინგტონში ევრაზიის ჯგუფის უფროსი ანალიტიკოსი ირანის საკითხებში.
თუმცა როუმმა დასძინა, რომ, როჰანისგან განსხვავებით, რაისი, სავარაუდოდ, არ იქნება გახსნილი მსხვილი დასავლური ინვესტიციებისთვის ქვეყანაში.

რაისი არ იქნება დასავლური ინვესტიციების მხარდამჭერი


"რაისი არ დაუჭერს მხარს მსხვილ ინვესტიციებს დასავლური მრავალეროვნული კომპანიებიდან, რომელთა ადგილიც არ არის წინააღმდეგობის ეკონომიკის ხამენეისეულ ხედვაში".

იმის მიხედვით, თუ ვინ წაიყვანს ბირთვულ მოლაპარაკებებს, ის, შესაძლოა, უფრო რთული გახდეს, ვიდრე აქამდე იყო.

რაისიმ, შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება შეცვალოს ბირთვული მოლაპარაკების გუნდი, რომელსაც სათავეში უდგას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აბას არაყჩი, დამსახურებული დიპლომატი, რომელიც ჩართული იყო იმ მოლაპარაკებებში, 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაზე ხელმოწერით რომ დასრულდა.

ალი ვაეზი, საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის ანალიტიკურ ცენტრში ირანის პროექტის დირექტორი, ამბობს, რომ თუ შეთანხმება აგვისტომდე არ იქნა მიღწეული, ერთობლივი საყოველთაო მოქმედების გეგმის განახლება, შესაძლოა, გაჭირდეს, რადგან ირანის წინსვლა ბირთვულ სფეროში თითქმის შეუქცევადი გახდება.

"ძნელი წარმოსადგენია, რომ რაისი თავიდანვე მზად იყოს დათმობებზე წასასვლელად, რასაც როჰანიც კი არიდებდა თავს. მაგრამ თუ შეთანხმება გარდამავალი პერიოდის განმავლობაში აღდგა, ის მოიპოვებს ეკონომიკურ დივიდენდებს და როჰანის დაადანაშაულებს ნებისმიერ პოტენციურ გადაცდომაში", - განუცხადა ვაეზმა რადიო თავისუფლებას.

"თეორიულად, იდეოლოგიურმა შესაბამისობამ ირანის ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრებს შორის, შესაძლოა, შედეგად მოიტანოს ნაკლებად დაძაბული გარემო, უფრო შესაფერისი იმის შესასრულებლად, რის გაკეთებასაც სისტემა აირჩევს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის სფეროში", - განუცხადა ვაეზმა რადიო თავისუფლებას.

ვინ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი


ყველას ყურადღება მიპყრობილი იქნება იმისკენ, თუ ვის აირჩევს რაისი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე. 60 წლის სასულიერო პირს არანაირი მინიშნება არ გაუკეთებია იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს მოჰამად ჯავად ზარიფი, რომელსაც განათლება შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული და რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ცოტა ხნის წინ გაჟონილი ინტერვიუს გამო, სადაც ის თეირანის საგარეო პოლიტიკაში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ჩარევას უჩიოდა.

ვაეზმა აღნიშნა, რომ ორ ყოფილ დიპლომატს, რომლებიც, მისი თქმით, რაისის მრჩევლები არიან საგარეო პოლიტიკის საკითხებში, "ქორული" შეხედულებები აქვთ.

მათ შორის არიან ალი ბაღერი, რომელიც სასამართლო სისტემის ადამიანის უფლებათა საბჭოს უფროსად დაინიშნა რაისის მიერ, და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო ახლო აღმოსავლეთის საქმეებში და ამჟამად პარლამენტის სპიკერის თანაშემწეა.

ერთი სახელი, რომელიც გაჩნდა საგარეო საქმეთა შესაძლო მინისტრობასთან დაკავშირებით, არის ბირთვული შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების ყოფილი მონაწილე და ერთ დროს პრეზიდენტობის კანდიდატი, საედ ჯალილი, ულტრაკონსერვატორი, რომელიც კრიტიკულად იყო განწყობილი ვენაში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებების მიმართ.

საედ ჯალილი
საედ ჯალილი

"რაისი, შესაძლოა, იძულებული გახდეს შეინარჩუნოს ზოგიერთი ამჟამად მოქმედი თანამდებობის პირი, დროებით მაინც, რათა უზრუნველყოს შეუფერხებელი გადასვლა ზოგიერთ საკვანძო საქმეზე, მათ შორის ბირთვულ საკითხზე", - განაცხადა ვაეზმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG