Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს კიევში გაიმართება უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა


საქართველოს პრეზიდენტი იწყებს უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებულ შეხვედრებს.

უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში, დახვედრის ცერემონიის შემდეგ გაიმართება სალომე ზურაბიშვილის და ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრა, რომელიც გაფართოებული ფორმატის შეხვედრით გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტის თანმხლებ სახელმწიფო დელეგაციაში არიან მისი ადმინისტრაციის, პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლები.

კიევში ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილი შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს და პარლამენტის თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.

საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ბოლო რამდენიმე თვეა გააქტიურდა. ივნისის დასაწყისში, თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინის პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს და უკრაინის მთავრობებს შორის ურთიერთობა დაიძაბა 2020 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნა რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. საქართველოს მთავრობამ მაშინ განაცხადა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა შეკითხვებს იწვევს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც უკრაინაში თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის აპრილში დაბრუნდა. ელჩის დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 9 აპრილს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია კიევში ელჩის სასწრაფოდ დაბრუნება. 21 აპრილს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტები ზელენსკი და ზურაბიშვილი შეთანხმდნენ ელჩის დაბრუნებაზე.

XS
SM
MD
LG