Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე "ქართულ ოცნებას": ან კლანის გავლენის ქვეშ ხართ, ან რუსული ინტერესი ტარდება


პარლამენტის ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ ხალხი ყრუ და ბრმაა და თურმე, უკვე მიღებული აქვს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ახალი კანონი, რასაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, "თავისუფალი ტრიბუნის" ფორმატით გამოსვლისას ხაზარაძემ ისიც თქვა, რომ არასწორად გაიგეს მისი ინიციატივა, რომ თუ „ქართული ოცნება“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს:

„ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას. არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ, არ დაგტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული აქვს, რომ ამ დოკუმენტს[მიშელის დოკუმენტი] გაუკეთოს ობსტრუქცია... გავაკეთებთ ყველაფერს, კანონის ფარგლებში ბუნებრივია, რომ გავაკეთოთ სრული ლუსტრაცია იმისა, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე“.

მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებაში“, რომელმაც კლანური სასამართლო „ნაციონალური მოძრაობისგან“ გადაიბარა, გარკვეული ჯგუფი ანგარიშვალდებულია „კლანისადმი“, რომელიც მართავს ამ პოლიტიკურ ჯგუფს, ან „მიშელის დოკუმენტს“ ობსტრუქციას უკეთებს რუსეთის ინტერესთა გატარების გამო: „როგორ დავიჯერო, რომ ორი თვე არ გაქვთ იმისთვის რომ ახალი კანონი მივიღოთ?!“

ხაზარაძის შეფასებით, „ქართული ოცნება" წვავს მთავარ ხიდს, რომელმაც საქართველო უნდა დააკავშიროს ევროატლანტიკურ სივრცესთან, ხოლო სასამართლო სისტემაში არეულობა, რომელიც საბოლოო ჯამში, იწვევს არეულობას და ქაოსს ქვეყანაში, აწყობს სწორედ რუსეთს:

„ან კლანის გავლენის ქვეშა ხართ, ან რუსული ინტერესი ტარდება ამ ქვეყანაში. თუ რამე მესამე ვარიანტია, ძალიან გთხოვთ, რომ მითხრათ. სხვა შემთხვევაში მე ვერ გავიგებ, ეს დაჩქარებული მოსამართლეების დანიშვნა რას ნიშნავს... აუცილებლად, როგორც ბოლო, ყველაზე უკიდურესი ფორმა ჩვენი პროტესტისა იქნება, რომ პასუხისმგებლობას აიღებთ თქვენ ამ ჩავარდნილ დოკუმენტზე - მანამდე გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ გაგაკეთებინოთ - და საქართველო საბოლოოდ, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებში დაკარგავს ნდობას და გავუშვებთ შანსს, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და დავაყენოთ ახალ ლიანდაგებზე".

"ქართულ ოცნებაში" 23 ივნისს განაცხადეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ აპირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას, რადგან "შარლ მიშელის" დოკუმენტით აღებული ვალდებულება შესრულებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობამ „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში" შესატანი ცვლილებები სამი მოსმენით ჯერ კიდევ აპრილში მიიღო და ახალი კანონი ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას.

"მიშელის დოკუმენტის" მესამე პუნქტის თანახმად, ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით:

  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებში მიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად: ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით; ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას; გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს; დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით;
  • უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG