Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ვეძებთ გზებს, რომ სანქციები გამოვიყენოთ"


ჟოზეპ ბორელის მანდატით, სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ჩამოსულმა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს კონტექსტში რუსეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ. ბოგდან აურესკუმ ასე რადიო თავისუფლების კითხვას უპასუხა საქართველოს პერსპექტივებთან დაკავშირებით, იმის ფონზე, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია, ევროკავშირი კი მხოლოდ უკრაინის გამო უწესებს სანქციებს რუსეთს და პერსპექტივაში განიხილავს მასთან მაღალი დონის დიალოგის აღდგენას.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღეს გამართულ შეხვედრებზე სხვა მინისტრებთან ერთად საუბარი ჰქონდათ საქართველოში არსებული კონფლიქტის ყველა ასპექტზე და მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა ამ კონფლიქტში. მაგალითად, იმის განხილვა, თუ როგორ შეიძლება გახდეს საქართველო უფრო მიმზიდველი სეპარატისტული რეგიონებისთვის.

"ამავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მთავრობას აქვს გარკვეული მიდგომა სეპარატისტული რეგიონის მიმართ. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით შეიძლება მეტი იდეა არსებობდეს, მათ შორის, სეპარატისტული რეგიონისთვის ეკონომიკური მიმზიდველობა.

სანქციის ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, აქტიურად ვეძებთ გზებს, რომ ისინი გამოვიყენოთ. მე დავასახელებდი „ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმს“, რომელიც ევროკავშირმა ახლახან მიიღო და განხორციელება დაიწყო ამ წლის დასაწყისში. ჩვენ ამას ყურადღებით დავაკვირდებით, მაგრამ ჯერ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ ჩვენს კოლეგებთან ერთად ბრიუსელში", - განაცხადა ბოგდან აურესკუმ.

26 ივნისს საქართველოს ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ. ისინი საქართველოში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის მანდატით, სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდნენ. მინისტრები შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსაც.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების კავკასიაში ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს 27 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაფორმალურ მინისტერიალზე, სადაც განიხილებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებული კონფლიქტების პრობლემატიკა.

XS
SM
MD
LG