Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებელია სასამართლო, როცა მოსამართლეები კრიტიკას ანტისახელმწიფოებრივ კამპანიად აღიქვამენ?


300-ზე მეტმა მოსამართლემ დღეს განცხადება გაავრცელა და მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების ნაწილი მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო ანიტისახელმწიფოებრივ კამპანიაში დაადანაშაულა. მოსამართლეები კმაყოფილებას არ მალავდნენ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებით და ამისთვის სტატისტიკურ მონაცემებსაც იშველიებდნენ.

"ჩვენ, მოსამართლეები, მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი ჯანსაღი კრიტიკა და შენიშვნები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების შემდგომ გაძლიერებასა და გაჯანსაღებას ისახავს მიზნად... მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, სასამართლო ხელისუფლებას მისცენ კონსტიტუციური უფლებამოსილებების შესაბამისად მოქმედების შესაძლებლობა და ჩაერთონ ჯანსაღ დისკუსიაში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცების უზრუნველსაყოფად", - წერია მოსამართლეების ერთობლივ განცხადებაში.

მართალია, დღევანდელ განცხადებაში ყურადღება არ გამახვილებულა, რომ კრიტიკა საერთაშორისო პარტნიორებსაც ეხებოდა, თუმცა, ამაზე ითქვა გუშინ, მოსამართლეთა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

"რამდენიმე მოსამართლემ დაასახელა და მოსამართლეთა კორპუსის ნაწილის აღქმაში, როგორც ჩანს, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოსთან და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობების პრინციპებს", - ამბობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი გუშინ განცხადების შემუშავებაზე საუბრის დროს.

მოსამართლეები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდებოდა. საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რამდენჯერმე არ მოერიდა მკაფიოდ ეთქვა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პროცესი პარლამენტს და მმართველ პარტიას უნდა შეეჩერებინა. ის მუდმივად იმეორებდა, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ ლიდერებს შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო.

"ეს შეთანხმება უზრუნველყოფს [მოსამართლეთა დანიშვნის] პროცესის შეჩერებას რეფორმის გატარებამდე. მათ ვალდებულება აიღეს ასევე, რომ რეფორმის გატარებამდე, უნდა წარიმართოს ჯანსაღი დისკუსია იმის შესახებ - თუ რა სახის რეფორმას საჭიროებს სასამართლო სისტემა. სწორედ ამას მოველით ჩვენც. საქართველოს კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს..." - ამბობდა კელი დეგნანი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ერთ-ერთ ბოლო კომენტარში.

პროცესის "შენელება" ურჩია საქართველოს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმაც.

"ვიმედოვნებ, არ აჩქარდებიან, რადგან ეს სიჩქარე ცუდი სტარტი იქნება ამ ხელშეკრულების განხორციელების პროცესში", - ამბობდა ის.

"ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე არ ფიქრობს, რომ მოსამართლეები მათი პარტიის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ შეაგულიანა და ამიტომ გაავრცელეს მსგავსი განცხადება.

"მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სასამართლო ხელისუფლების შესაფასებელი და ვფიქრობ, რომ გადაჭარბებულია ასეთი შეფასება…" - თქვა მან.

მოსამართლეთა განცხადების შეფასებაზე უარს თქვა ამავე პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა და ამ თემაზე მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ მოსამართლეებმა კონფერენცია გამართეს, აქვთ პოზიციები და ფიქრობენ, რომ ის გადაჭარბებული, პიროვნების მიზანში ამომღები კამპანიები არ არის სასიამოვნო და ხელს არ უწყობს დემოკრატიულ დისკუსიებს, გადაჰყავს ეს მთელი მსჯელობა პიროვნებებზე, ემოციებზე და აბსოლუტურად გვერდით წევს არგუმენტირებული დისკუსიის შესაძლებლობას", - თქვა შალვა პაპუაშვილმა, "ქართული ოცნების" ლიდერმა.

არასამთავრობო ორგანიზცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" მოსამართლეების სახელით გავრცელებული განცხადების შინაარსი არ გაჰკვირვებიათ. მეტიც, მიაჩნიათ, რომ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი ახლა მმართველი პარტიის მოსაზრებებს ავრცელებს, როცა ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაზე საუბრობს.

"ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავდით მცდელობებს, რომ მარტივად და ზედაპირულად შესრულებულიყო მართლმსაჯულების ნაწილი - ეს იყო "ქართული ოცნების" სურვილი და აწყობდა სასამართლოში გავლენიან ჯგუფსაც. ეს დამღუპველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ამას უხსნიან საერთაშორისო პარტნიორებიც ხელისუფლებას, მკაცრი განცხადებებიც გაკეთდა..." - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამების მენეჯერი, გია გვილავა.

მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" საჯაროდ განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებდა, ახლა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს. საბჭომ პარლამენტს 9 კანდიდატი შესთავაზა. მოსამართლის უვადოდ ასარჩევად 76 დეპუტატის ხმაა საჭირო, მმართველ პარტიას კი 84 ხმა აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG