Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესა, „სი ბრიზი“ და მოდარაჯე რუსეთი


აშშ-ის საზღვაო ძალების გამანადგურებელი USS Ross-ი ოდესის პორტში. USS Ross-ი მონაწილეობას იღებს Sea Breeze 2021-ში.
აშშ-ის საზღვაო ძალების გამანადგურებელი USS Ross-ი ოდესის პორტში. USS Ross-ი მონაწილეობას იღებს Sea Breeze 2021-ში.

28 ივნისს უკრაინის მთავარ საპორტო ქალაქ ოდესაში სტარტი აიღო ერთობლივმა ამერიკულ-უკრაინულმა საერთაშორისო საზღვაო წვრთნამ, „სი ბრიზ 2001“-მა (Sea Breeze-2021), რომელიც მასპინძელი ქვეყნის, უკრაინის, შეფასებით, მის ტერიტორიულ წყლებში გამართული ყველაზე უფრო მასშტაბური სწავლებაა.

მანევრებში, რომელიც 10 ივლისამდე გრძელდება, 32 ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, 3 000-მდე სამხედრო მოსამსახურე, 30 თვითმფრინავი და შვეულმფრენი, 32 გემი, 50 ერთეული სამხედრო ტექნიკა და ასევე სპეცდანიშნულებისა და მყვინთავების 18 რაზმი მონაწილეობს.

1997 წლიდან მოყოლებული, რაც უკრაინა თავის ტერიტორიაზე „სი ბრიზს“ მასპინძლობს, მანევრებს გამოკვეთილად სამშვიდობო ხასიათი აქვს, ემსახურება რეგიონში „სტაბილურობისა და მშვიდობის“ შენარჩუნებას და ნატოს ქვეყნებიც მონტროს კონვენციით დადგენილ სამკვირიან ვადაში ტოვებენ შავი ზღვის რეგიონს.

თუმცა მოსკოვმა, რომელსაც ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით უკრაინის ყირიმის ნახევრაკუნძული აქვს ანექსირებული და თავად წარმოადგენს რეალური საფრთხის წყაროს შავი ზღვის რეგიონში, აშშ-სა და მის მოკავშირეებს მოუწოდა, უარი ეთქვათ სამხედო მოქმედებების დამუშავებაზე შავ ზღვაში. მსგავსი მანევრები „ზრდის გაუთვალისწინებელი ინციდენტების რისკს“ და „კიევს მილიტარისტული განწყობებისკენ წაახალისებს“, - ნათქვამია აშშ-ში რუსეთის დიპლომატიური მისიის მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკული გამანადგურებელი USS Ross-ის კვალდაკვალ

რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ამჯერადაც მოსვენებას უკარგავს შავ ზღვაში აშშ-ის მართვადი ბალისტიკური რაკეტებით ნაღმოსანი გამანადგურებლის, USS Ross-ის, გამოჩენა.

„შავი ზღვის ფლოტის ძალებმა და საშუალებებმა ხელი მიჰყვეს 26 ივნისს შავი ზღვის აკვატორიაში შესულ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო გამანადგურებელ Ross-ის კონტროლს“, - განუცხადეს რუს ჟურნალისტებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მართვის ეროვნულ ცენტრში.

აშშ-ის სამხედრო ხომალდი USS Ross-ი (DDG 71) არის Arleigh Burke-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური შესაძლებლობების წყალქვეშა ნავები ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად. ამერიკულ ხომალდს იცნობენ საქართველოშიც, სადაც USS Ross-მა პირველად 2019 წლის 21 აპრილს ჩაუშვა ღუზა ბათუმის ნავსადგომში, სადაც ორი წლის წინ საზეიმო დახვედრის ცერემონია გაიმართა​. ​

ხომალდი USS Ross-ი ესპანეთის როტის ნაწილია და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონში.

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების მე-6 ფლოტმა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, „სი ბრიზ 2021“-ის სცენარი ითვალისწინებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპის, აფრიკის, აზიისა და ავსტრალიის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ერთობლივ მოქმედებას ხმელეთზე, ჰაერსა და წყალში, მათ შორის, ოპერაციების ჩატარებას მოწინააღმდეგის გემებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურების, საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის უნარების დახვეწის მიმართულებით.

„მთელი ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერა“

უკრაინულ-ამერიკული ერთობლივი საერთაშორისო მანევრების, „სი ბრიზ 21“-ის, მთავარი ამოცანა შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნებაა. მასპინძელთა განცხადებით, წლევანდელი მანევრები მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკურ დატვირთვას იძენს რუსეთის ამასწინანდელი აგრესიული ქმედებების ფონზე ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულსა და სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ უკრაინის მიმდებარე რუსეთის სამხედრო ოლქებში.

„წელს „სი ბრიზში“ მონაწილეობენ მსოფლიოს ყველა კონტინენტის წარმომადგენლები, რაც არის ნიშანი იმისა, რომ უკრაინას მხარს უჭერს მთელი ცივლიზებული სამყარო. სწავლება, რომელსაც 1997 წლიდან დაწყებული დიდი ისტორია აქვს, მიზნად ისახავს ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ჩვენი მიზანია, შავი ზღვა ყველა კონტინენტის ქვეყნებისათვის უსაფრთხო რეგიონად გადავაქციოთ“, - განაცხადა საერთაშორისო მანევრების გახსნის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა, კონტრადმირალმა ალექსანდრ ნეიჟპაპამ.

ამერიკულ-უკრაინულ ერთობლივ მანევრებს, „სი-ბრიზს“, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ალექსეი დოსკატო და მისი კოლეგა, ასევე პირველი რანგის კაპიტანი, სტიუარტ ბაუმანი ხელმძღვანელობენ.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორ კვირას გრძელდება, მანევრების გეოგრაფია ოდესას, ოჩაკოვოს, დნესტრის ლიმანს, კინბურნის ნახევარკუნძულს, კუნძულ ზმეინის და პირველი მაისისა და უკრაინის სხვა რაიონებს მოიცავს.

ცხადია, მანევრები გვერდს აუვლის რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს, ქალაქებს სევასტოპოლსა და სიმფეროპოლს, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს საკმაოდ მძლავრი ბაზები აქვს განლაგებული.

წვრთნების დაწყებამდე რუსეთის საელჩომ აშშ-ში განაცხადა, რომ Sea Breeze-ის „მასშტაბურობა და აშკარად აგრესიული ხასიათი არანაირად არ შეესაბამება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების რეალურ ამოცანებს, ზრდის არამიზანმიმართული ინციდენტების რისკებს და ის კიევის მილიტარისტული განწყობების წახალისებაა“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნატოს ძალების მონაწილეობით შავ ზღვაში მიმდინარე სწავლებას ყურადღებით დააკვირდებიან.

ამ გაფრთხილების ფონია „სი ბრიზის“ დაწყებამდე ხუთი დღით ადრე რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მახლობლად მომხდარი სერიოზული სამხედრო ინციდენტი.

მოსკოვი იტყობინებოდა, რომ მისმა სამხედრო გემმა გაფრთხილების ნიშნად ისროლა, ხოლო სამხედრო თვითმფრინავმა ბომბები ჩამოყარა ბრიტანეთის სამხედრო ხომალდ HMS Defender-ის გზაზე, რათა მას კურსი შეეცვალა ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის მახლობლად.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ HMS Defender-ს ცეცხლი გაუხსნეს, რომ ის რუსეთის წყლებში იყო და ხაზგასმით აცხადებს, რომ ის იმყოფებოდა უკრაინის საზღვაო წყლებში, როცა საქართველოსკენ, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიემართებოდა.

მაგრამ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტები, რომლებიც, ბი-ბი-სის თანახმად, ბრიტანეთში ავტობუსის გაჩერებაზე ნახეს, ნათელს ჰფენს ნაღმოსან HMS Defender-ის მისიას.

დოკუმენტების თანახმად, ბრიტანელმა სამხედროებმა საგულდაგულოდ დაგეგმეს სამხედრო ხომალდ HMS Defender-ის გავლა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან. ისინი არ გამორიცხავდნენ აგრესიულ რეაქციას რუსეთის ფლოტისა და სამხედრო შეიარაღებული ძალების მხრიდან ბრიტანული ხომალდის ქმედებაზე.

ბრიტანული სამხედრო ხომალდის ქმედებებზე რუსეთმა მკვეთრი რეაგირება მოახდინა და მათ პროვოკაციული უწოდა.

ინციდენტის კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი, არა მხოლოდ გამაფრთხილებელი დაბომბვით, არამედ „მიზანში სროლითაც“ დაიმუქრა, თუ შემდგომშიც განმეორდება „მათ ტერიტორიულ წყლებში შეჭრის ფაქტი“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG