Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილი: "თბილისი პრაიდს" ზიზღის ტალღის აგორების გარდა არაფერი შედეგი არ აქვს


თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი და საქართველოს პარლამენტის წევრი, ალეკო ელისაშვილი ლგბტქ უფლებადამცველებს, რომლებიც თბილისში "პრაიდის კვირეულს" მართავენ, თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობდა კვირეულის გამართვასთან დაკავშირებით.

"რატომ მართავენ ამ პრაიდს, რომელსაც სიძულვილის, ზიზღის ტალღის აგორების და პრორუსული ძალების გამოცოცხლების გარდა არაფერი შედეგი არ აქვს, ამას ვერ ვხვდები უბრალოდ... თავს თუ შეიკავებენ, იქნება ძალიან კარგი", - თქვა ელისაშვილმა.

ელისაშვილის მსგავსად თბილისის მერი კახა კალაძეც არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ამ კვირეულის გამართვას:

"მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის გაკეთება იმიტომ, რომ არსებობენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან", - თქვა კალაძემ.

თბილისში "პრაიდის კვირეული" 1 ივლისს იწყება, 5 ივლისს კი დაგეგმილია "ღირსების მარში". "პრაიდის კვირეულის" დაანონსებიდან მალევე ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კონტრაქციების გამართვის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG