Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია: ვაქცინაციაზე რეგისტრაცია კიბერშეტევის გამოა შეფერხებული


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინებზე რეგისტრაცია კიბერშეტევის გამოა შეფერხებული. ამის შესახებ მინისტრის მოადგილე რადიო თავისუფლებას ესაუბრა.

"იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე საათში შევძლებთ რეგისტრაციის განახლებას... გასულ პერიოდში იყო ხარვეზი, რომელიც გამოწვეული იყო ერთდროულად ბევრი მომხმარებლის შესვლით, რაც მალევე გამოსწორდა... ტექნიკური მზაობა, ბრიგადების მზაობისა და ვაქცინების გადანაწილების კუთხით გამართულია", - ამბობს გაბუნია.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი მუხლით იძიებს:

  • (მუხლი 285) კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება;
  • (მუხლი 286) კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

გაბუნიას თქმით, თუ კიბერშეტევა გაგრძელდება, ვაქცინაციის მსურველებს ცხელი ხაზის საშუალებით დაარეგისტრირებენ. შესაძლებელია, სამედიცინო დაწესებულებებშიც დაემატოს ცხელი ხაზის სისტემა.

ამ დრომდე უცნობია, როდის ამუშავდება ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდი, რომელზეც ვაქცინებისთვის რეგისტრაცია დღეს 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.

ვებგვერდზე booking.moh.gov.ge-ზე შესვლის დროს ჩნდება წარწერა:

"გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება. ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის".

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოვიდა ნახევარ-ნახევარი მილიონი ჩინური წარმოების ორი ვაქცინა - "სინოფარმი" და "სინოვაკი". გუშინვე ცნობილი გახდა, რომ "სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრირებული ადამიანების აცრა ორშაბათს, 5 ივლისს დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG