საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სალჩო აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერენ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით.
„შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კერი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა.
დღესვე ელჩმა მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს აზრის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას და ისინი ვისაც სურთ ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას, არღვევენ კონსტიტუციას.
"პრაიდის კვირეული" საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1 ივლისს გაიმართა დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, "ღირსების მარშის" ჩატარება კი 5 ივლისსაა დაგეგმილი.
"ღირსების მარშის" ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.
5 ივლისს დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი ძალადობრივი ინციდენტების გამოსარიცხად, ორგანიზატორები ცდილობენ მაქსიმალურად შეამცირონ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „ღირსების მარშის“ საორგანიზაციო ჯგუფი უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს და საბოლოოდ შეთანხმებული გეგმა 5 ივლისს დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.