Accessibility links

site logo site logo

სტალინიდან პუტინამდე. ბელადის ფიგურა რუსეთსა და საქართველოში


სტალინი, 29 აპრილი, 1932 წ.

სტალინის პატივისცემა რუსეთში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, „ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვის თანახმად, ორჯერ გაიზარდა და თუ 2012 წელს ამ გრძნობით საბჭოთა დიქტატორის მიმართ გამოკითხულთა 21% იყო განმსჭვალული, მათი რაოდენობა ამჟამად 45 %-ს აღწევს.

მათგან 15 % სტალინით აღფრთოვანებულია. გაღიზიანებას, შიშსა და ზიზღს სტალინი გამოკითხულთა 11 %-ში აღძრავს. „ლევადა-ცენტრის“ ანგარიშში ცალკეა მოყვანილი უკრაინის მონაცემები, რომლის თანახმად, უკრაინაში სტალინის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს 17 %-ს, ხოლო 39 % დიქტატორისადმი უარყოფითადაა განწყობილი.

საინტერესოა, რომ, რუსეთისგან განსხვავებით, სტალინის მშობლიურ საქართველოშიც კი მის მიმართ უფრო ნაკლები, 16 %, აღმოჩნდა დადებითად განწყობილი, ხოლო 39 % სტალინს უარყოფითად აფასებს.

ასეთ განსხვავებულ სურათს სოციო-ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და ისტორიული მეხსიერების ფაქტორებით ხსნის სოციოლოგი ალექსი გუგუშვილი, ოსლოს სოციოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც პეტერ კაბაჩნიკოვთან, ნიუ-იორკის პროფესორთან ერთად, სტალინის მიმართ დამოკიდებულების შედარებითი გამოკვლევა ჩაატარა საქართველოსა და რუსეთში.

თაობათა და გეოპოლიტიკური ფაქტორები

სოციოლოგებმა საქართველოში კვლევა დაიწყეს თაობისა და გეოგრაფიული ასპექტების, სოციო-ეკონომიკურ იერარქიაში მდგომარეობისა და განათლების დონის შესწავლით და შემდეგ გადაწყვიტეს, რომ მიღებული სურათი რუსული კონტექსტისთვის შეედარებინათ. საქართველოში უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თაობებს შორის განსხვავება. გაირკვა, რომ ხანდაზმული ადამიანები უფრო პოზიტიურად აღიქვამენ სტალინს. ბევრს ნიშნავს თურმე გეოგრაფიული ფაქტორიც: სტალინის ყველაზე დიდი მომხრეები განსაკუთრებით მის მშობლიურ ქალაქ გორის მახლობლად მდებარე რაიონებში მცხოვრები ადამიანები აღმოჩნდნენ.

„და ვინც თვლის, რომ ეთნიკური კონტექსტი მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული თვითიდენტიფიცირებისთვის, ისინი უფრო დადებითად აფასებდნენ სტალინს, მიიჩნევენ, რომ მისი (სტალინის) ნაციონალური ინდენტურობა მნიშვნელოვანია. რუსეთში კი სხვა სურათი აღმოვაჩინეთ. თაობათაშორისი განსხვავება რუსეთში არ არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოში. ვერ ვიტყვით, რომ რუსეთში ახალგაზრდები არსებითად უფრო ნაკლებად უჭერდნენ მხარს სტალინს. გეოგრაფიულად, მოსკოვში, მაგალითად, ადამიანები სტალინის მიმართ არცთუ უფრო დადებითად არიან განწყობილი, ვიდრე მის ფარგლებს გარეთ. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი მაინც პოლიტიკური, იდეოლოგიური ფაქტორია. ვისაც რუსეთის დემოკრატია მნიშვნელოვნად მიაჩნია, ისინი უარყოფითად არიან განწყობილი სტალინის მიმართ და, პირიქით, რუსეთზე, როგორც სუპერსახელმწიფოზე წარმოდგენა სტალინისადმი დადებითი დამოკიდებულების განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა“.

სტალინის ბიუსტი
სტალინის ბიუსტი

აღსანიშნავია, რომ, „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, რუსეთში გამოკითხულ მოქალაქეთა ნახევარზე მეტი, 54 %, მთლიანად ან ძირითადად ეთანხმება აზრს, რომ „სტალინი იყო დიდი ბელადი“, რესპონდენტების 14 % განსხვავებულ თვალსაზრისზე დგას. უკრაინის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 16 % და 40 %-ს შეადგენს.

ისტორიულ შეცდომებზე თვალის დახუჭვის შედეგი

ამასთან, სტალინის პიროვნების წარმოჩენა, სოციოლოგ დენის ვოლკოვის დაკვირვებით, რუსეთის ხელისუფლების მიერ შეგნებულად კი არ ხდება, არამედ ეს არის „საკუთარი ლეგიტიმურობის მხარდასაჭერად“ და ქვეყნის „ემოციური შეკავშირების“ მიზნით დიდ სამამულო ომში გამარჯვების გამოყენების ერთგვარი „გვერდითი ეფექტი“ იმ ფონზე, როდესაც რუსეთში მიღებული არ არის სტალინური ხელისუფლების შეცდომებსა და გამარჯვებისათვის გაღებულ ფასზე მსჯელობა.

„ჩემი წარმოდგენით, რეპრესიებსა და ქვეყნის არაეფექტიან მართვაში, მათ შორის ომის დროს, სტალინის როლის ყურადღების გარეშე დატოვება მის მიმართ დადებითი განწყობის პროპაგანდას იწვევს. თუ უარყოფით მომენტებზე არ ილაპარაკებთ და რუსეთის თვითიდენტიფიკაციის მიზნით ომის როლს ხაზს გაუსვამთ, ეს ირიბად ხელს შეუწყობს სტალინის დადებით აღქმას“, - ამბობს ალექსი გუგუშვილი, ოსლოს სოციოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორი.

ივლისის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს საბჭოთა კავშირის „გადამწყვეტი როლის“ უარყოფას „ნაცისტური გერმანიის განადგურების საქმეში“.

საუბარია იმ ფედერალურ კანონში შეტანილ ცვლილებაზე, რომელიც 1941-45 წლების „დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების უკვდავსაყოფად“ შეიქმნა.

კერძოდ, კანონს დაემატა ერთი მუხლი, რომლითაც არა მხოლოდ „ნაცისტური გერმანიის განადგურების საქმეში“ საბჭოთა კავშირის „გადამწყვეტი როლის“ უარყოფა იკრძალება, არამედ ასევე კანონგარეშე ცხადდება მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის „მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების“ ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირე ქვეყნების ხელმძღვანელობის „მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებთან“ გაიგივება.

ბელადისადმი დამოკიდებულების შეცვლის გეოპოლიტიკური კონტექსტი

ამ ფონზე სტალინის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ზრდას, სოციოლოგების აზრით, შესაძლოა ხელს უწყობდეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ასევე მსოფლიო პოლიტიკაში შექმნილი საერთო ვითარება - პოპულიზმის ზრდა და ზოგიერთ ქვეყანაში „კოლექტიური მეხსიერების“ ჭიდილი. ესეც უწყობს ხელს რუსეთში საბჭოთა წარსულისა და მასთან ერთად სტალინისადმი დადებითი ტრენდების სტიმულირებას, თუმცა ალექსი გუგუშვილი ეჭვობს, ეს დიდხანს გაგრძელდეს.

„90-იანი წლების დასაწყისში და 2000-იანების ბოლოს სტალინს ბევრად უფრო ნეგატიურად აღიქვამდნენ და ეს მდგომარეობა სტაბილური იყო. მაგრამ შემდგომ გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა, მოხდა უკრაინის მოვლენები და დაიწყო რუსეთში სტალინის უფრო მიმზიდველად წარმოჩენა. მაგრამ გეოპოლიტიკური კონტექსტი მომავალშიც შეიძლება შეიცვალოს და შეიცვალოს ასევე სტალინის აღქმა - არ ვფიქრობ, რომ ეს იყოს რაღაც ფესვებგადგმული რუსეთში“, - დასძენს ალექსი გუგუშვილი, რომლის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა ის, რომ სტალინის აღქმაზე თურმე მაინცდამაინც დიდ გავლენას არ ახდენს სტალინურ რეპრესიებთან დაკავშირებული პირადი ოჯახური ისტორიები, როგორიც ცნობილ ფილმ „მონანიებაშია“ აღწერილი.

„ჩვენ ადამიანებს ვეკითხებოდით, არსებობს თუ არა მათი ოჯახების ისტორიაში ვინმე, რომელიც იდევნებოდა საბჭოთა პერიოდში, განსაკუთრებით 30-იან წლებში. და აღმოჩნდა, რომ ეს არ ახდენს გავლენას სტალინის აღქმაზე, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა იყო. ასეთ ისტორიებთან პირადი კავშირიც კი განსაკუთრებით არ ცვლიდა მის (სტალინის) აღქმას. ოჯახური ისტორიები მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვა ფაქტორები უფრო ძლიერი შეიძლება იყოს“.

წარსულში ჩარჩენილი სტალინის მუზეუმი

ოსლოს სოციოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორის, ალექსი გუგუშვილის, კიდევ ერთი კვლევა მიეძღვნა გორში სტალინის ძეგლს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 2010 წელს აიღო და რომლის აღდგენასაც ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილი ითხოვდა.

სტალინისტების აქცია გორში
სტალინისტების აქცია გორში

„აღმოჩნდა, რომ გორის მცხოვრებნი განსაკუთრებით დადებითად არიან განწყობილი სტალინისადმი. მაგრამ ყველაზე მეტი მისი მომხრე ქალაქის მოსაზღვრე სასოფლო ადგილებში ცხოვრობს. ჩვენ შევისწავლეთ არა მხოლოდ გეოგრაფიული დაშორება, არამედ ისიც, თუ როდის მიიღეს მოსაზღვრე სასოფლო ადგილებმა ქალაქის სტატუსი. ბევრ ადგილას, რომელიც საბჭოთა ინდუსტრიალიზაციის დროს, განსაკუთრებით სტალინის სიცოცხლეში, განვითარდა, ძლიერია მისი (სტალინის) დადებითი აღქმა, რადგან ამ სოფლების განვითარებას მისი მცხოვრებლები სტალინის მმართველობის დადებით გავლენას მიაწერენ. მე ვიმყოფებოდი გორში და ჩემთვის ყველაზე განსაცვიფრებელი აღმოჩნდა სტალინის მუზეუმი, დღემდე ძალიან აქტუალური, რომელიც თითქოს წარსულში ჩარჩა. როგორც 70-80-იან წლებში, გიდები ძირითადად დადებითი განწყობით ჰყვებიან სტალინზე. თქვენ იქ ნახავთ მის ქაღალდებს, საგნებს, სიკვდილის შემდგომ ნიღაბს, ცოტა სიურრეალისტურად რომ გამოიყურება“, - ამბობს სოციოლოგი.

სტალინის მუზეუმის ამ სიურრეალიზმის გაგრძელებას, ალექსი გუგუშვილის თანახმად, წარმოადგენს შენობაში, კიბის ქვეშ, მდებარე სტალინური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პატარა ოთახი, რომლის მოძებნა მისი სიმცირის გამო იოლი არ არის.

რაც შეეხება პუტინს, საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც პუტინს რუსეთისათვის კარგ ლიდერად მიიჩნევს, დადებითად ეკიდებიან სტალინსაც და მხარს უჭერენ გორის ცენტრში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დემონტირებული სტალინის ძეგლის აღდგენას.

მაგრამ რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, მიმართ საქართველოში დადებითად ძალიან ცოტა ადამიანია განწყობილი.

„ზუსტი ციფრები არ მახსოვს, მაგრამ ეს არ არის 10 %-ზე მეტი და ძალიან ჭირს მათი შეხედულებების განმსაზღვრელი ფაქტორების დადგენა. ჩემთვის ეს ძირითადად აიხსნება რუსეთსა და საქართველოს შორის კულტურის, რელიგიის ზოგიერთ ასპექტს შორის მსგავსებითა და საბჭოთა და რევოლუციამდელი საერთო წარსულით. არსებობს საქართველოზე რუსეთის ხანგრძლივი ისტორიული გავლენა. რუსული კულტურა უფრო ახლობელი ჩანს ბევრი ადამიანისთვის, ვიდრე ევროპული კულტურა და დასავლური ფასეულობები. მაგრამ, ამასთანავე, ეს ადამიანები არ არიან უმრავლესობაში, გამოკითხვების თანახმად, რამდენადაც მახსოვს, სულ მცირე 60 % მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, დასავლეთევროპულ გაერთიანებაში უნდა ინტეგრირდეს. რუსეთთან კავშირი არსებობს, მაგრამ ის არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც დასავლეთის აღქმა“, - ამბობს ალექსი გუგუშვილი, ოსლოს სოციოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორი.

ყველა ბოლო გამოკითხვით, ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 70 %.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG