Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო: ვლოცულობთ ჟურნალისტებისთვის, პასუხისმგებლობას ძალადობაზე "თბილისი პრაიდს" ვაკისრებთ


საპატრიარქო 5 ივლისს თბილისში მომხდარ ძალადობრივ შემთხვევებზე რამდენიმე განცხადებას ავრცელებს, სადაც მომხდარზე პასუხისმგებლობას ანაწილებს, დიპლომატიურ კორპუსს თხოვს მხარი არ დაუჭიროს ლგბტქ+ თემს და სამოქმედო გეგმებზე საუბრობს.

"საქართველოს საპატრიარქო, რა თქმა უნდა, დიდად წუხს, რომ დაშავდნენ ადამიანები, ყველაზე მეტად კი - ჟურნალისტები. ეს ფრიად სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის და ვიმედოვნებთ, რომ მალე გამოჯანმრთელდებიან.

მშვიდობისაკენ მომწოდებელი განცხადებები ჩვენ ადრეც და დღესაც გავავრცელეთ და მიგვაჩნია, რომ ძალადობა მიუღებელია და დასაგმობი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი; ამიტომაც სათანადო რეაგირება გვექნება ძალადობისკენ წამქეზებელ სასულიერო პირთა მიმართაც, თუკი ასეთები არსებობენ. არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ რუსთაველზე მყოფთა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ავლენდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს" - ნათქვამია ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საპატრიარქოს ცნობით, დღის ბოლოს დაშავებული ჟურნალისტების მოსანახულებლად კლინიკა "ნიუჰოსპიტალში" იმყოფებოდა მათი წარმომადგენელი, წმიდათა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ყიფშიძე. მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც წინა დღეებში მრევლს მოუწოდა გასულიყვნენ 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, რათა ხელი შეეშალათ დაგეგმილი "ღირსების მარშის" ჩატარებისთვის, ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობას "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს აკისრებს, რომლებსაც მოუწიათ უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით უარი ეთქვათ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარებაზე.

"მომხდარზე პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში, უნდა დაეკისროს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, რომელთაც, ქვეყანაში არსებული რეალობის გაუთვალისწინებლად, ჯერ დაგეგმეს და შემდგომ უარი არ თქვეს ამ ღონისძიებაზე , რითაც დისკრედიტაციის დიდი საფრთხის წინაშე დააყენეს დასავლური ღირებულებები.

ქვეყანამ ბოლო ათწლეულების მანძილზე მრავალ განსაცდელს გაუძლო; გადაიტანა სამოქალაქო ომი, უკიდურესი გაჭირვება, პოლიტიკური დაპირისპირებები..., მაგრამ ვერ შეეგუება ზნეობრივ გადაგვარებას.

დიდია მცდელობაც იმისა, რომ ეკლესია დაადანაშაულონ პრობლემათა ესკალაციაში, რაც სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება. ჩვენი მიზანი შეძლებისდაგვარად ღვთისა და ხალხის მსახურებაა.

ამ გზას, უფლის შეწევნით, არ ვუღალატებთ და იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება გაგებით მოეკიდება ჩვენს პოზიციას" - წერს საპატრიარქოს პრესსამსახური.

„თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თბილისის ცენტრში დილიდან შეიკრიბნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი დილას, მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა რომ თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის" ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მოგვიანებით "ღირსების მარში" ორგანიზატორებმა გააუქმეს, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა შსს-ს მიერ შეთავაზება, შეეცვალათ მარშის ჩატარების ადგილი.

დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი, სულ იძალადეს 55 ადამიანზე, რომელთაგან 53 მედიის წარმომადგენელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG