Accessibility links

site logo site logo

პლატოდან პიკისკენ - საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება


ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რომ მძიმდება, ამას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უკვე აღიარებს - პლატოდან ქვევით დაშვება ვერ მოხერხდა და პირიქით, მაჩვენებელი პიკისკენ მიემართება. ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია შეინიშნება. თუკი ამ ნათქვამს რიცხვებში გადავიყვანთ, ის ასე გამოიყურება: ბოლო 14 დღის განმავლობაში, ვირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი 3,27%-ია. ბოლო შვიდი დღის კი 3,72. მაგალითად, 6 ივლისს, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,49% იყო.

ივნისის ბოლოდან მოყოლებული, ქვეყანაში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი სტაბილურად, 1000-ზე მეტია და 1400-მდე აღწევს. არ იკლებს გარდაცვლილთა ყოველდღიური მაჩვენებელი და 15-20-ის ფარგლებში მერყეობს.

გართულებული სიტუაციის რამდენიმე სავარაუდო მიზეზი

დელტა შტამი

ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს ბრიტანული, ალფა შტამი და ნელ-ნელა ძალებს იკრებს ინდური, ანუ დელტა შტამი. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დელტა შტამის 50-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვარაუდობს, რომ საქართველოში კოვიდით ინფიცირების 15-20% უკვე დელტა შტამზე მოდის, რომელიც პირველადი გამოკვლევების თანახმად, სხვა შტამებზე მეტად გადამდებია და ერთ ინფიცირებულს 6-7 ადამიანის დაინფიცირება შეუძლია.

უჰანური, ტრადიციული შტამისგან განსხვავებით, დელტა შტამი საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობასაც. ის აქტიურად ვრცელდება მოზარდებში. 8 ივლისს, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება:

„კორონავირუსის ინდური ვარიანტი მეტად აინფიცირებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას. ბავშვებში ეს ვარიანტი უფრო მეტია, ვიდრე ალფა და ჩინური ვარიანტი. ამის უკან უფრო მეტი რისკი დგას. რისკი ბავშვების ჰოსპიტალიზაციის, მათი მდგომარეობის დამძიმების. საქართველოს ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, რომელიც მართავს კორონავირუსით დაავადებულ პედიატრიულ პაციენტებს, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში უკვე სამი, წლამდე ასაკის პაციენტია ხელოვნურ სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაავადების მიმდინარეობის ასეთი სიმძიმე არ ყოფილა კორონავირუსის მეორე ტალღის დროს“.

მოხსნილი კოვიდ-შეზღუდვები

ამ ფონზე, ქვეყანაში თითქმის მოხსნილია კოვიდ-შეზღუდვები. თუ არ ჩავთვლით, მაგალითად, დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარების ვალდებულებას, რასაც სულ უფრო და უფრო ცოტა მოქალაქე ასრულებს. ამას ისიც დაემატა, რომ პრემიერ-მინისტრის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმები, მათ შორის, ნიღბის ტარების წესის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიც გაუქმდა. დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ ჟესტმა მოქალაქეების ნაწილში გააჩინა მოლოდინი, რომ მომავალში, რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, მათი ჯარიმებიც განულდება და დარჩენილი რეგულაციების შესრულებაზეც აღარ ზრუნავენ.

რუსეთიდან შემოსული ტურისტები

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ერთ-ერთ ფაქტორად სახელდებიან რუსეთიდან შემოსული ტურისტებიც, სადაც ამ დროისათვის დელტა შტამი მძვინვარებს.

საქართველოს საზღვრის კვეთის წესების თანახმად, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსით (მათ შორის, იგულისხმება რუსული ვაქცინა „სპუტნიკიც“, რომელიც არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და არც სხვა რომელიმე მკაცრ მარეგულირებელს აღიარებული არ აქვს), საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა შეუძლია ვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტით, ხოლო სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლის შემთხვევაში, ვალდებულია წარადგინოს როგორც ვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ისე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი. თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე ვკითხულობთ, კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლის უფლება აქვს 38 ქვეყნის და მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებსაც, მაგრამ ამ შემთხვევაში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით.

რუსეთიდან შემოსული ტურისტების შემთხვევაში, საქმეს ის ართულებს, რომ გარდა იმისა, რომ ქვეყანაში დელტა შტამი მძვინვარებს, რუსეთში უკვე ღრმად გაიდგა ფესვი როგორც ყალბი პისიარ ტესტების, ისე ვაქცინაციის ყალბი ცნობების თაღლითურმა ბიზნესმა. ამის შესახებ რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ თებერვალში წერდა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთიდან შემოსული ტურისტების ნაწილი სწორედ ყალბი კოვიდ-საბუთებით სარგებლობდნენ.

მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის 29 ივნისის მონაცემებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კორონავირუსი საქართველოში შემოსულ 400-ზე მეტ ტურისტს დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძის თქმით, მათ ნაწილს ვირუსი ქვეყანაში ყოფნისას გამოუვლინდა.

დარგის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ სიტუაცია საფრთხის შემცველია, თუმცა, იმასაც აცხადებენ, რომ ამ საკითხზე, სხვადასხვა უწყება და მათ შორის, განსაკუთრებით, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა რისკისა და სარგებლის ანალიზის საფუძველზე ერთობლივად უნდა იმუშაონ.

ვაქცინაციის ნელი პროცესი

8 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-საწინააღმდეგო აცრა ჯამში 283 631 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან სრულად აცრილია 111 589 მოქალაქე. ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, ქვეყანამ მოსახლეობის 60%, მილიონ შვიდასიათასი ადამიანი უნდა აცრას.

ვაქცინაციის პროცესი უკვე თითქმის ოთხი თვეა მიმდინარეობს, თუმცა, ე.წ. საყოველთაო ვაქცინაცია ქვეყანაში ორიოდ დღის წინ დაიყო, მას შემდეგ, რაც საქართველოში მილიონი დოზა ჩინური ვაქცინები, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ შემოვიდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ივლისის პირველ კვირაში უნდა ჩამოსულიყო ამერიკული წარმოების „ფაიზერიც“ (ამ შემთხვევაში დოზების რაოდენობა არ კონკრეტდებოდა), თუმცა, ეს ვაქცინა ჯერჯერობით არ ჩანს და ხელისუფლება არც მისი შემოტანის კონკრეტულ თარიღს ამჟღავნებს. ერთადერთი განცხადება, რასაც ისინი აკეთებენ, არის ის, რომ ხელშეკრულება „ფაიზერთან“ კონფიდენციალურია და ამ ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის თარიღი ჯერჯერობით ვერ დაზუსტდება.

ჭიანურდება კოვაქს-პლატფორმისგან დაპირებული 43 ათასი დოზა „ასტრაზენეკას“ შემოტანის პროცესიც, რომელიც ქვეყანას ჯერ კიდევ 22 ივნისს უნდა მიეღო. „ასტრაზენეკას“ 5000 დოზა ვაქცინა საქართველომ 5 ივლისს, ავსტრიის მთავრობისგან დახმარების სახით მიიღო და ამ ვაქცინით ის პირები აიცრებიან, ვისაც პირველი დოზა გაკეთებული აქვთ და პირველი აცრის გაკეთებიდან გასულია 10-დან 12 კვირამდე დრო.

გასათვალისწინებელი ისიც, რომ არ არსებობს მკაფიო და მონაცემებზე დაფუძნებული კვლევები ჩინური ვაქცინის შესახებ, თუ რაოდენ ეფექტური და მდგრადია ეს ვაქცინები დელტა შტამის მიმართ, შესაბამისად, დარგის სპეციალისტები ერთი მხრივ აცხადებენ, რომ აუცილებელია მოქალაქეები აიცრან იმ ვაქცინით, რაც დღეს ხელთ გვაქვს, მეორე მხრივ კი ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ქვეყანაში მაღალეფექტური ვაქცინების შემოტანა.

ამ აზრს იზიარებს იმუნოლოგი მაია ბუწაშვილიც. მისი თქმით, არასწორია იმ ადამიანების დამუნათება, რომლებიც, ჯერჯერობით, ისევ ელიან ამერიკული წარმოების „ფაიზერს“. მისივე თქმით, აუცილებელია, ხელისუფლების მხრიდან დაკონკრეტდეს ინფორმაცია ვაქცინის შემოტანა-არ შემოტანასთან დაკავშირებით:

„კრიტიკული დამოკიდებულება, თუ რატომ ელოდება ადამიანი "ფაიზერს" არასწორია. ადამიანები ეცნობიან სამედიცინო პუბლიკაციებს. ყველასთვის ნათელია, რომ „ფაიზერი“ უკონკურენტოა სხვებთან შედარებით. ასევე ჩვენ ვერ ვპოულობთ დამაჯერებელ მონაცემებს დელტა შტამთან დაკავშირებით „სინოფარმსა“ და „სინოვაკზე“. მით უმეტეს, რომ „ფაიზერზე“ მუდმივად იყო ანონსი, რომ შემოვა, შემოვა და ამ მოლოდინში, ბევრი ადამიანი აუცრელი დარჩა ამ დრომდე. ან უნდა ითქვას მკაფიოდ, რომ ეს ვაქცინა ქვეყანაში აღარ შემოვა და ეს ადამიანები იმ ვაქცინით აიცრებიან, რაც ხელმისაწვდომია. ან თუ შემოდის, მაშინ უნდა ითქვას კონკრეტული თარიღები, როდის შემოდის და რამდენი“.

მოსალოდნელია თუ არა შეზღუდვების გამკაცრება?

ამ კითხვაზე პასუხი, ჯერჯერობით, არ არის. თუმცა, თუკი ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიერ აპრილში გაკეთებულ განცხადებას გავიხსენებთ, როდესაც ქვეყანაში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს სცდება, ეს არის ნიშანი, რომ დაიწყოს საუბარი შეზღუდვების გამკაცრებაზე:

„მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა, დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4%-ს ასცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოკდაუნზე, დახურვებზე, შემდეგ გამკაცრებებზე“, - აცხადებდა ტიკარაძე აპრილში.

ირმა კვიცარიძე, ავსტრიაში, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოონკოლოგიისა და სხივური თერაპიის განყოფილების უფროსი ექიმი, რადიო თავისუფლებას ავსტრიის მაგალითზე უყვება, თუ როგორ მოხდა ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა და რას ეფუძნებოდა ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები. მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი იყო:

„შეზღუდვები მოიხსნა ეტაპობრივად. რაც მეტი ვაქცინირებული გვყავდა, მით უფრო მსუბუქდებოდა შეზღუდვები. ვიდრე იმუნიზაციის სურათი მკაფიოდ არ გამოიკვეთა, მანამდე ქვეყანაში შეზღუდვები არ მოიხსნა. თუმცა, დისტანციის დაცვა და ნიღბის ტარება ქვეყანაში კვლავ სავალდებულოა და ცხადია, ეს არ ატარებს ფორმალურ ხასიათს, როგორც საქართველოში“.

8 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 კოვიდინფიცირებული და გარდაცვალების რიცხვმა 5 415-ს მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG