Accessibility links

site logo site logo

გაიმართა ავღანეთში სამშვიდობო მისიის დასრულების ცერემონია


სენაკის სამხედრო ბაზაზე დღეს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების 17-წლიანი სამშვიდობო მისიის დასრულების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა, მათ შორის მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ბატალიონის ჯარისკაცებმა. 32-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა და მის მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. 2004 წლიდან დღემდე კი სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მიმართეს.

„მინდა გითხრათ, რომ საქართველო მომავალშიც აუცილებლად განაგრძობს ყველა არსებულ ფორმატში გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას და ამ მიზნით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობას და საკუთარი წვლილის შეტანას. ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის პარტნიორობისა და უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობა.

ამ და სხვა ვალდებულებების წარმატებით შესრულების მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას, მათი მზადყოფნის დონის ამაღლებას, ჩვენი ჯარის მომზადების ხარისხს და სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი სამხედროების ღირსეულად დაფასებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო ცერემონიალზე.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ძლიერი თავდაცვის ძალები ჰყავს, ქართულმა ჯარმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის სახელმწიფოს მთავარი დამცველი და საყრდენი და საქართველო არის საიმედო და ღირსეული პარტნიორი რეგიონული და გლობალური გამოწვევების დასაძლევად.

„სწორედ ამ პარტნიორობის შედეგი იყო საქართველოს, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყნის, მონაწილეობა „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“. გრძელდება ბრძოლა, ბრძოლა დასავლური არჩევანისთვის და ღირსეული მომავლისთვის, ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სტაბილურობისათვის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. უმნიშვნელოვანესია, რომ ვეტერანებმა კვლავ განაგრძონ საქართველოს სამსახურში ყოფნა, მონაწილეობა მიიღონ მომავალი თაობების აღზრდაში. სამშობლოს დაცვის ვალდებულება უწყვეტი თავდადებისა და ერთგულების ვალდებულებაა. საქართველო არასდროს შეწყვეტს სწრაფვას ნატოსკენ, ყოველთვის იქნება საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერი შემსრულებელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, სწორედ თანამედროვე, ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალები აახლოებს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობასთან.

ქართველ ჯარისკაცებს, თავის მიმართვაში, სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მონაწილეობას და წვლილს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. გაქვთ პოტენციალი თავი დაიცვათ მტრულად განწყობილი ძალებისგან და სწორი გზავნილები გაუგზავნოთ მეგობრებს, - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა სენაკში გამართულ ცერემონიაზე.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, განსაკუთრებული მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის სამხედრო მოსამსახურეები მედლით „მხედრული მამაცობისთვის“ დაჯილდოვდნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით კი, სამხედროები საშტატო იარაღითა და მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“ და „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდნენ.

ავღანეთიდან ქართული კონტინგენტის გამოსვლის პროცესი 21 მაისს დაიწყო. ავღანეთი საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფმა 28 ივნისს დატოვა. ქართული ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიაში, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (International Security Assistance Force - ISAF) შემადგენლობაში, 2004 წლის აგვისტოში ჩაერთო. 2015 წლიდან ქართული ქვედანაყოფები „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობენ.

2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს თავდაცვის ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული დაიჭრა და დაშავდა.

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები წლების განმავლობაში მისიას ოცეულის, ასეულისა თუ ბატალიონის დონეზე, ამერიკული, ფრანგული და გერმანული სარდლობების დაქვემდებარებაში, ასევე, ქაბულში მდებარე რეგიონული სარდლობის ცენტრში, თურქული კონტინგენტის შტაბბინაში როტაციის პრინციპით ასრულებდნენ. საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო.

ავღანეთის მისიის დასრულების შესახებ ნატომ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG