Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტამიშის ბრძოლა - მოულოდნელი  დესანტის პირისპირ


ტამიშის ბრძოლა აფხაზეთის ომის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფრაგმენტია. 1993 წლის 2-11 ივლისში აქ ქართულმა მხარემ 250-მდე მებრძოლი დაკარგა - მიზეზი მოწინააღმდეგის მხრიდან მოულოდნელად გადმოსხმული 500-კაციანი დესანტი იყო.

ტამიში აფხაზური სოფელია, ის სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის მდებარეობს. მთებიდან ზღვის მიმართულებით ჩამოდის მდინარე, რომლის მარჯვენა მხარეს (სოხუმისკენ) 2 ივლისს მე-11 საარმიო ბრიგადა იდგა, დავით თევზაძის მეთაურობით, მარცხენა მხარეს კი (ოჩამჩირეში) - 24-ე ბრიგადა. უშუალოდ ტამიში შედარებით დაუცველი იყო, განსაკუთრებით ზღვიდან, რადგან მანამდე ყოველთვის ხმელეთიდან უტევდნენ და, შესაბამისად, საბრძოლო ტაქტიკაც ამაზე იყო აწყობილი.

პოლკოვნიკი ნაური ჯიქია მაშინ 24-ე ბრიგადის არტილერიის უფროსი იყო. იხსენებს, რომ სოხუმის გემებზე განთავსებულმა რადიოლოკაციურმა სადგურებმა 4 უცნობი გემი დააფიქსირეს. ისინი ნოვოროსიისკიდან ბათუმის მიმართულებით მიდიოდნენ. შემოვიდა შეტყობინება, რომ დესანტის გადმოსხმა იყო მოსალოდნელი.

ნაური ჯიქია: „ოჩამჩირეში რუსული ფლოტი იდგა, დავურეკე და ვკითხე ამ გემებზე. მითხრეს, ჩვენს შეტყობინებაზე არ გვპასუხობენო. დავეჭვდი და ბრიგადა მზადყოფნაში მოვიყვანე“.

გემები ტამიშთან ღამე შემოვიდნენ. მათ დაუპირისპირდნენ როგორც 24-ე და მე-11 არმიის ბრიგადები, ასევე დუშეთისა და შავნაბადას ბატალიონებიც.

ვინ იყვნენ დესანტები?

ტამიშის ბრძოლის მონაწილე გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ იმ ღამეს ტამიშში დაახლოებით 500-კაციანი დესანტი გადმოსხეს. მათ რუსი გენერალი ალექსანდრ ლებედი ხელმძღვანელობდა.

ალექსანდრ ლებედი
ალექსანდრ ლებედი

დესანტი ოფიციალურად რუსეთს არ წარმოადგენდა, მაგრამ ყველას ჰქონდა საბუთები, რომელთა მეშვეობითაც მათი წარმომავლობის გარკვევა იყო შესაძლებელი. მებრძოლებში ბევრი იყო რუსი, კაზაკი, განსაკუთრებით მრავლად იყვნენ ჯარისკაცები ყირიმიდან და მოლდოვიდან, რაც იმით აიხსნება, რომ ლებედის ძმა მაშინ მოლდოვაში ერთ-ერთ პოლკს ხელმძღვანელობდა. გურამ ნიკოლაიშვილი ჰყვება, რომ ამ ჯარისკაცებიდან ზოგს საგანგებოდ შვებულება ჰქონდა გაფორმებული, ზოგი დემობილიზაციაში იყო მოხვედრილი.

გურამ ნიკოლაიშვილი: „150 დაღუპული მხოლოდ ჩვენ გადავეცით რუსულ მხარეს. საბუთები ისე ჰქონდათ გაფორმებული, რომ... შვებულებაში იყო და მე რა ვიცი სად იყოო. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღეს“.

დესანტის გადმოსხმასთან ერთად ტყვარჩელიდან აფხაზური მხარე გადმოვიდა შეტევაზე, დესანტზე 2-3-ჯერ მეტი მებრძოლით. ქართულ მხარეს ბრძოლაში ჩაბმა ორი ათასამდე ადამიანმა მოახერხა, ეს უშუალოდ ტამიშსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. გურამ ნიკოლაიშვილი იხსენებს, რომ დანარჩენები ისეთ პოზიციებზე იდგნენ, რომელთა მიტოვება არ შეიძლებოდა, რადგან დესანტის გადმოსხმის მთავარი მიზანი არა უშუალოდ ტამიში, არამედ სოხუმის აღების ხელშეწყობა იყო.

გურამ ნიკოლაიშვილი: „ჩვენი ძირითადი ძალები გუმისთაზე იყო განლაგებული და მასზე მზადდებოდა შეტევა. შეუტიეს კიდეც, ამიტომაც ვერ მოვხსენით იქიდან ხალხი. ტამიშში დესანტი იმიტომ გადმოსხეს, რომ იქ სოხუმში დამატებითი ძალები ვერ შესულიყო“.

ქაოსი

ტამიშის დესანტმა სრული არეულობა გამოიწვია. ვიცე-პოლკოვნიკ მურთაზ გაბიტაშვილს მაშინ კინდღში სამხედრო ნაწილი ებარა. ღამის 4 საათი იქნებოდა, როცა ჩოჩქოლი ატყდა.

მურთაზ გაბიტაშვილი: „დათო თევზაძის ყვირილი შემომესმა, ლაბრაში დესანტია შემოსულიო. 25 კაცამდე მყავდა, ბეტეერზე დავსხედით სუყველა და ლაბრისკენ წავედით. თურმე, ლაბრა კი არა, აქვე ტამიშია გადაკეტილი“.

ბეტეერი დიდი სიჩქარით მიდიოდა. რახრახში ჯარისკაცებმა სროლის ხმა ვერ გაიგეს და კარგა ხანს ვერც ის აღიქვეს, რამდენად რთულად იყო საქმე. უკან სამი „ურალით“ შავნაბადელები მიჰყვებოდნენ, ამათგან ორმა გზა გააგრძელა ანუარხუს მთის მიმართულებით, რომელიც კინდღთანაა ახლოს, მესამე „ურალი“ კი ტამიშისკენ დაიძრა. ამ მესამე „ურალის“ ძარაზე მსხდომი ბიჭებიდან იმ დღეს ბევრი დაიღუპა.

მაშინ ჯარისკაცის ფორმა თითქმის ყველასი ერთნაირი იყო, ამიტომ უკვე ბრძოლის ველს მიახლოებულებმა მტერი თავისიანებად აღიქვეს.

მურთაზ გაბიტაშვილი: „ჩვენიანები მეგონნენ და იმათ თავისიანები ვეგონეთ. რას წარმოვიდგენდი, რომ მთელი ტამიში გადაკეტილი იყო“.

ეს გაუგებრობა კარგა ხანს გაგრძელდა. მურთაზ გაბიტაშვილი იხსენებს 15-მდე ადამიანს, რომლებიც გზად შემოხვდნენ.

მურთაზ გაბიტაშვილი: „ზოგს ხელი ჩამოვართვი, გადავკოცნე, მადლობა გადავუხადე დახმარებისთვის და ბოლოს ვიღაცამ რუსულად დაიძახა, ჩქარა, წამოდით, ქართველებს დედა ვუტიროთო... მივხვდით, ვინც იყვნენ და, რა თქმა უნდა, ადგილზე გავანადგურეთ“.

ჯარისკაცები აფხაზეთის ომში
ჯარისკაცები აფხაზეთის ომში

გაბიტაშვილის ნაწილს ტამიშამდე არ მიუღწევია, ბეტეერი შეამჩნიეს და ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს.

მურთაზ გაბიტაშვილი: „10-12 საათი ალყაში ვიყავით. ბეტეერი აგვიფეთქეს. უფრო სიღრმეში დუშელების ხმა მესმოდა, ყვირილი, გადაძახილი... გვარდიის დეპარტამენტის ხალხიც ომობდა. სასაფლაოსთან მიდიოდა ბრძოლა. ვხედავდი, საფლავის ქვებს ეფარებოდნენ. სასწრაფო შემოვიდა, ააფეთქეს. ტანკი შემოვიდა დასახმარებლად, ისიც ააფეთქეს.

წამოსვლისას დათომ მითხრა, ტყვია-წამალი ბევრი წაიღეთ, დახმარებას არ ელოდოო. მაგრამ ასეთ რამეს მაინც არ ველოდი და გველეოდა ტყვიები. ძალიან ცოტა რომ დამრჩა, ტყე-ტყე გამოვედით. მე თავში დავიჭერი. ბიჭები მეუბნებოდნენ, ტყვია რომ მოგხვდა, სამჯერ გადატრიალდიო, მაგრამ გრძნობა არ დამიკარგავს, უბრალოდ თვალებში მიბნელდებოდა“.

ათდღიანი ბრძოლა

ტამიშის ბრძოლაში თითქმის ყველა ჩაერთო, მათ შორის ახალციხის, ქუთაისის, ბათუმის ბრიგადები, „ავაზა“ და სხვა შენაერთებიც. ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანი იყო, როდესაც ისინიც კი ერთად იბრძოდნენ, ვინც მანამდე ერთმანეთთან იყო დაპირისპირებული.

ნაური ჯიქია: „2 ივლისი რომ გათენდა, ზუგდიდს დავუკავშირდი, ლოთი ქობალიას. ვუთხარი, დიდი პრობლემა გვაქვს, გზა გადაკეტილია, სოხუმში ბრძოლები მიდის, ხალხი სჭირდებათ-მეთქი. ლოთის სიტყვა არ უთქვამს, ისე, მოვდივარო და 300-350 კაცით 12 საათზე უკვე ოჩამჩირეში იყო. მერე შინაგანი ჯარი წამოვიდა, „მხედრიონი“ ჩამოვიდა. დაიგეგმა გარღვევითი ოპერაცია. ცენტრალურ მიმართულებაზე „მხედრიონი“ მიდიოდა, მარცხნივ - ლოთის ხალხი და მარჯვნივ - შინაგანი ჯარი. პირველი შეტევით ვერაფრით ვერ გავარღვიეთ და უკან დავაბრუნეთ მეომრები. რამდენიმე დღე დაგვჭირდა მოსამზადებლად. შემდეგ 8 საათი მიდიოდა ბრძოლა, ოჩამჩირის მხრიდანაც ვუტევდით და სოხუმიდანაც და გავარღვიეთ, გავხსენით გზა“.

დუშეთის ბატალიონი
დუშეთის ბატალიონი

გურამ ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მაშინ რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს, შეცდომა არ დაუშვიათ, უბრალოდ ჯარი იყო სახელდახელოდ შეკრებილი და მოუმზადებელი.

მურთაზ გაბიტაშვილი: „შეცდომა ხალხის რაოდენობაში იყო, არასდროს იყო ხალხი საკმარისი. ყველა გამოუცდელები ვიყავით. ახლა მთელი სამხედრო ლოჯისტიკა მაგაზეა აწყობილი, წინ რომ ჯარი დგას, 400 კაცი უკან ზურგს უმაგრებს. მსგავსი რამ მაშინ არ ყოფილა, თორემ მტერი ზღვიდან კი არა, საიდანაც არ უნდა გადმოსულიყო, ამხელა მსხვერპლი მაინც არ უნდა ყოფილიყო“.

10 ივლისს საბრძოლო მოქმედებები უკვე დასრულებული იყო, დესანტი განადგურებული. ქართულმა მხარემ ამ ბრძოლაში 250-მდე ჯარისკაცი დაკარგა, მათგან ყველაზე მეტი - დუშეთის ბატალიონიდან, „შავნაბადადან“ და მე-11 ბრიგადიდან.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG