Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პატრიარქს, ცხინვალიდან კიდევ ერთი პატიმრის გათავისუფლების თხოვნით მიმართავენ


ცხინვალი
ცხინვალი

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. სესიაზე ორი პროექტი გაიტანეს და ვერც ერთმა ვერ მოაგროვა ხმების საჭირო რაოდენობა. დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები ვერ შეთანხმდნენ უნდა მოხვედრილიყო, თუ არა ის მუხლი კანონპროექტში, რა მუხლითაც დე ფაქტო ყოფილი კომუნიკაციების მინისტრი გიორგი კაბისოვია გასამართლებული. ეს არის მუხლი კორუფციის და სახელმწიფო ქონების მითვისების შესახებ. კაბისოვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და ნახევარი უკვე მოხდილი აქვს. კაბისოვი და მისი ოჯახი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური მოტივით იდევნებიან. კაბისოვი დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ოპონენტია, იგი დე ფაქტო ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მეგობარი და მისი ხელისუფლების მინისტრი იყო. დე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი დავით სანაკოევი ამბობს, რომ ვერც სახელისუფლებო და ვერც ოპოზიციის კანონპროექტმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა.

„ამნისტიის საკითხი შემდეგნაირად განვიხილეთ: ორი პროექტი იყო შემოტანილი. პირველი პროექტი, უცვლელი სახით, შეიმუშავა კანონმდებლობის, კანონიერების და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტმა, ხოლო მეორე პროექტი, რომელშიც დეპუტატთა ჯგუფმა შეიტანა ცვლილებები. ეს ცვლილებები შევიდა იმისთვის, რომ პატიმრები, რომლებიც საშუალო სიმძიმის და მსუბუქი მუხლებით არიან გასამართლებული და ის პატიმრებიც , რომლებიც იბრძოდნენ და სახელმწიფო ჯილდოები აქვთ მიღებული ამ ამნისტიის ფარგლებში მოქცეულიყვნენ. კენჭისყრის დროს ერთ-ერთ პროექტს უნდა მიეღო 18 ხმა, ანუ უმრავლესობა. მაგრამ არცერთ პროექტს არ მიუღია ხმების უმრავლესობა. ეს ნიშნავს, რომ საკითხი არ გავიდა და ახლო მომავალში მისი განხილვა აღარ მოხდება. აქ ხელისუფლებისა და სამთავრობო პარტიების გაღიზიანების მთავარი ფაქტორი იყო გიორგი კაბისოვის ფიგურა.“- უთხრა სანაკოევმა „ეხო კავკაზას.“

დე ფაქტო პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტების განხილვამდე ერთი დღით ადრე, დე ფაქტო დეპუტატებს თვითაღიარებული ალანიის ეპარქიის სასულიერო პირებმაც მიმართეს და გიორგი კაბისოვის ამნისტირებულთა სიაში შეყვანა სთხოვეს.

„სამღვდელოება და ეპარქიის მრევლი ხალხის მიერ არჩეულებს სთხოვენ, შეიწყალონ და ალანთა ეპარქიის მრევლის წარმომადგენელი გიორგი კაბისოვი შეიტანონ ამნისტირებულთა სიაში. ეს კეთილი საქმე ხელს შეუწყობს ოსეთის ხალხის კონსოლიდაციას და ჩვენს საზოგადოებაში მშვიდობისა და სიკეთის დამკვიდრებას. ”- წერია სამღვდელოების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა დე ფაქტო პარლამენტის მიერ ამნისტიის კანონპროექტის ჩაგდების და საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის შეწყალების შესახებ, გიორგი კაბისოვის ოჯახი ამ მოვლენას გამოეხმაურა. ყოფილი ე.წ მინისტრის დედა მარინა კაბისოვა ამბობს, რომ თვითონაც რუსეთის პატრიარქს მიმართავს, რადგან გიორგი კაბისოვი რუსეთის მოქალაქეცაა და ის პოლიტიკური ნიშნით იდევნება.

ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა საქართველოს მოქალაქე გახელაძე, რომელიც სასჯელს იხდიდა საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის და სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისთვის. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ მივმართოთ პატრიარქ კირილეს შუამდგომლობისთვის, რუსეთისა და ოსეთის მოქალაქე კაბისოვის გასათავისუფლებლად. წინა დღეს ალანიის ეპარქიამ კაბისოვისთვის ამნისტიის მოთხოვნა შეიტანა, მაგრამ ყველაფერი უსარგებლოა. საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ოსი სასულიერო პირებისა და ჩვენი საზოგადოების ყველა მიმართვა, რომელსაც წარმოადგენდნენ პრაქტიკულად ყველა, ყველაზე ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერები, გარდა პრო-სამთავრობო პარტიისა ”.

გეორგი კაბისოვის ახლობლების განცხადებით, პატრიარქ კირილისადმი წერილი მოსკოვში უკვე გაიგზავნა და ახლა იქიდან პასუხს ელოდებიან.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გენადი ბესტაევი იმყოფება. დე ფაქტო პარლამენტს ამნისტიის კანონი რომ მიეღო, მას აუცილებლად შეეხებოდა, რადგან სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვს. ბესტაევი ე.წ საზღვრის გადაკვეთის და ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბესტაევმა ცხინვალის ციხეში ორი წელი უკვე გაატარა. ცხინვალიდან დაბრუნებულმა ზაზა გახელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გენადის ერთი წელიც აღარ დარჩა მოსახდელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG