Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის გააერთიანებს ოპოზიციის საერთო კანდიდატი - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 ივლისს


მელია vs კალაძე - ვინ ერთიანდება?

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე 10 კვირა რჩება, მაგრამ ამ დრომდე დასახელებულია დედაქალაქის მერობის მხოლოდ ერთი კანდიდატი - „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, მოქმედი მერი, კახა კალაძე.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი დედაქალაქის მერობის საერთო კანდიდატს პარასკევს, 23 ივლისს, დაასახელებს და ის, დიდი ალბათობით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ნიკა მელია იქნება.

ამ დრომდე რაც ვიცით:

  • მელიას ღია მხარდამჭერებს შორის ვერ ვიხილავთ „სტრატეგია აღმაშენებელს“; პარტია „ლელო“ კი, ჯერჯერობით ისევ ფიქრობს.
  • ამ ეტაპზე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს „ევროპული საქართველო“.
  • საკრებულოს თავმჯდომარედ წარადგენენ „დროას“ დამფუძნებელს, ელენე ხოშტარიას. ეს პოსტი არ ექვემდებარება პირდაპირი არჩევის წესს და კანდიდატს მოგვიანებით, უკვე დაკომპლექტებული საკრებულო ამტკიცებს.

ვის მოიაზრებს ოპოაიცია სხვა მნიშვნელოვან პოზტებზე მოახლოებულ არჩევნებში და რომელ პარტიებს გააერთიანებს მელიას კანდიდატურა? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი - მინისტრის ბრძანება

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

21 ივლისს გამოქვეყნებული ახალი რეგულაციის თანახმად, განსაზღვრულია ვაქცინაციის სქემა და ჩატარების წესი. შედეგად, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელია 16 წლის ასაკიდან.

ამ დროისთვის საქართველოში „ფაიზერის" ვაქცინაზე რეგისტრაცია შეჩერებულია. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში, როდესაც ჩამოიტანენ „ფაიზერის" ვაქცინის ახალი დოზებს, მოქალაქეები რეგისტრაციას 16 წლის ასაკიდან შეძლებენ.

მასობრივი ვაქცინაცია კორონავირუსის დამარცხების მთავარ საშუალებად მიაჩნიათ ქართველ ექიმებს ქვეყნის შიგნით და გარეთ. სამედიცინო სფეროს 21-მა წარმომადგენელმა გუშინ ერთობლივი მიმართვა გაავრცელა.

აღნიშნულია, რომ პანდემიის დამარცხებას ცალ-ცალკე ვერ შეძლებს ვერცერთი ჯგუფი, მათ შორის ვერც მთავრობა, ვერც ექიმები და ვერც მოსახლეობა, ამიტომ ისინი მიმართავენ საზოგადოებას და აცხადებენ, რომ პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია საერთო ძალისხმევა.

„გამოიყენეთ ამჟამად ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინა, რომელსაც მიღებული აქვს, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის, ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ჩინური წარმოების კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინის შემდეგ “ბუსტერად” შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიით წარმოებული ვაქცინის გამოყენება.“- ნათქვამია მიმართვაში.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

„ქართული ოცნება" გამოეხმაურა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" განცხადებას

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" განცხადებას, რომელიც ეხებოდა თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის ღონისძიებაზე კახა კალაძის სიტყვით გამოსვლას, გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნება".

„თითქოს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 20 ივლისის გამოსვლაში, მედიის საქმიანობა 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებს შეადარა. აღნიშნული განცხადება არის სამარცხვინო ცილისწამება და ფაქტების დამახინჯება.

განვმარტავთ, რომ 20 ივლისის გამოსვლაში კახა კალაძემ ისაუბრა ძალადობის ფორმებზე და აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალადობაზე „არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ჩვენ საზოგადოებაში“.

აქვე, კახა კალაძის თქმით, ეს საზოგადოებრივი პრობლემა აისახება ტელეეთერებშიც. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" მიიჩნევს, რომ კახა კალაძემ მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა. ქარტიამ მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა.

წაიკითხე მეტი.

პარლამენტი მეორედ შეეცდება ცესკოს თავმჯდომარის არჩევას

22 ივლისს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე მეორედ შეეცდება პარლამენტის თავმჯდომარის არჩევას. კანდიდატები არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი. პირველი კენჭისყრა 18 ივლისს გაიმართა, თუმცა საჭირო მინიმუმი - 100 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კანდიდატებიდან გიორგი კალანდარიშვილს აქვს. სწორედ მან მიიღო წინა კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 82 ხმა.

ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესები ასეთა: კანდიდატმა თუ პირველ ჯერზე ვერ მიიღო 100 ხმა, მაშინ მეორე კენჭისყრაზე ისევ მინიმუმ 100 ხმით უყრიან კენჭს. თუ ესეც უშედეგოდ დასრულდა, მინიმალური ზღვარი ჯერ 90 ხმამდე, შემდეგ კი 76 ხმამდე ჩამოდის. თუმცა, თუკი ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით (მინიმუმ 100 ხმით) ვერ აირჩევენ, მისი უფლებამოსილების ვადა 5 წლის ნაცვლად მხოლოდ 6 თვე იქნება. ამ შემთხვევაში 76 ხმით არჩეული თავმჯდომარეც კი მოახერხებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

ქართველი ემიგრანტების „ფეისბუკ"-გვერდებზე შეღწევის საქმე: ექვს პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტების „ფეისბუკ“-გვერდებზე უნებართვო შეღწევების და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ვერსიით, „ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, წინასწარ შეისწავლეს ამერიკის შეერთებეულ შტატებში და სხვა ქვეყნებში მყოფი ქართველების „ფეისბუკ“-გვერდების შესახებ ინფორმაცია, შექმნეს არავერიფიცირებული ონლაინ-კაზინო და ტოტალიზატორების ანგარიშები, გაუწიეს მობილიზება იმ პირებს რომელთა სახელზეც გაკეთდებოდა სწრაფი გზავნილები და დარიცხავდნენ დანაშაულებრივად მოპოვებულ თანხებს. აღნიშნული პირობების შექმნის შემდგომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს შვიდი მოქალაქის „ფეისბუკ“-გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე მეგობრებს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს. ბრალდებულები, თაღლითური გზით, 14 დაზარალებულის კუთვნილ 10 500 ლარს დაეუფლნენ".

წაიკითხე მეტი.

„ფალიაშვილი ოპერასა სწერსო“ - როგორ შეიქმნა „აბესალომ და ეთერი“

2021

წლის 16 აგვისტოს კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდება. 23 ივლისს იხურება ოპერის თეატრის სეზონი. ბოლო კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის იუბილეს ეძღვნება.

„ოპერის წერა მე დავიწყე 1912 წელს. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გამიგონია უკმაყოფილება, რომ ფალიაშვილი ოპერასა სწერსო და მის გამოქვეყნებას კი აქამდე არა ეშველა რაო! და ეს ერთნაირ ეჭვსაც ბადებდა საზოგადოებაში, მაგრამ საზოგადოებამ სრულიად არ იცოდა ის არა ნორმალური პირობები, რომელშიც მე მომიხდა ამ ვრცელი ოპერის წერა“.

ამას ზაქარია ფალიაშვილი თავის ჩანაწერებში ჰყვება. არანორმალურ პირობებში კი იგულისხმება ის, რომ „აბესალომ და ეთერზე“ წერის პარალელურად კვირაში 40-45 საათი პედაგოგად მუშაობდა. ამას თან დაერთო მისი ერთადერთი შვილის, ირაკლის, გარდაცვალება, რის გამოც ზაქარია ორი წელი საერთოდ აღარ გაჰკარებია ოპერას.

„აბესალომ და ეთერის“ წერას 10-11 წელი დასჭირდა და საბოლოოდ 1919 წლის 21 თებერვალს დაიდგა. დირიჟორი თავად ზაქარია ფალიაშვილი იყო. წარმოდგენა 6 საათს გაგრძელდა და არნახული ტრიუმფი ერგო. „აბესალომ და ეთერი“ ქართულ სცენაზე შესრულებული რიგით მესამე ოპერა იყო. წინ მას უსწრებდა რევაზ გოგნიაშვილის „ქრისტინე“ და დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, თუმცა მაინც ითვლება, რომ ქართული კლასიკური ოპერის ისტორია სწორედ 21 თებერვალს დაიწყო და არა მანამდე.

წაიკითხე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.

რატომ ესროლეს ქვები ერთმანეთს ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა დმანისში? ეთნიკური პრობლემები რეგიონში, სვანების ჩასახლებასთან ერთად, 1990-იანი წლებიდან გაჩნდა. დღეს ისინი გვერდიგვერდ, თუმცა დიდწილად სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ. ლაშა ჩხვიმიანი და ფარიდა ისმაილოვა კი ორ თემს შორის ხიდებს აშენებენ.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG