Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო წილოსანი გამოდის ინიციატივით დეპუტატ ქალებზე ძალადობის საკითხი პარლამენტის გენდერულმა საბჭომაც გაარკვიოს


ნინო წილოსანი
ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი გამოდის ინიციატივით, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ იმსჯელოს იმაზე, იყო თუ არა ძალადობა 18 ივლისს საქართველოს პარლამენტში დეპუტატებზე თინა ბოკუჩავაზე, ნონა მამულაშვილსა და ანა წითლიძეზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის ფაქტები. ნინო წილოსანის თანახმად, სხდომაზე მიიწვევენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც, რომლებიც 22 ივლისს პარლამენტში არ შეუშვეს.

„შევიკრიბოთ დახურული სამუშაო ფორმატის ფარგლებში და მე დაგიმტკიცებთ და ჩვენს არგუმენტებს წარმოგიდგენთ, ისევე როგორც მოვისმენ თქვენს არგუმენტებს, რატომ იყო ეს თქვენი მოსაზრებით ქალზე ძალადობა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ამ ინიციატივის გაჟღერებისას მან თქვა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების დისკრედიტირებით არიან დაკავებულები:

„განცხადებით, რომ ქალს არავინ უნდა შეეხოს მაშინაც კი, როდესაც ქალი შეიძლება დანაშაულს ჩადის და როდესაც მანდატური ცდილობდა მის გამოყვანას, ამითი თქვენ გინდათ, რომ დისკრედიტაცია გაუკეთოთ ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს და საზოგადოება განაწყოთ, რომ ქალს თურმე ყველაფრის უფლება აქვს და ეს არის ყველაზე ცუდი შემოტრიალება ამ საკითხის, რომელიც შეიძლებოდა გაგეკეთებინათ“, - მიმართა ნინო წილოსანმა ბიუროს სხდომაზე მყოფ დეპუტატებს ხატია დეკანოიძეს და ხათუნა სამნიძეს.

ნინო წილოსანის ინიციატივაზე გამოხმაურებისას თავის მხრივ ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ გენდერული საბჭო იმისთვის უნდა იქნას გამოყენებული, რომ ერთმანეთს დაუმტკიცონ, ვინ არის მართალი:

„დავუმტკიცებთ და დაგიმტკიცებთო, ასეთი ფრაზა თქვა. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკურ-პარტიული საკითხი, როდესაც გენდერულ საკითხებზე ვლაპარაკობთ? ეს არ არის პარტიული საკითხი“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

18 ივლისის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, როდეცას შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლისთვს ემზადებოდა, პარლამენტის წევრებმა შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ გამოიყენეს ფიზიკური ძალა ქალი პარლამენტარების თინა ბოკუჩვასა და ნონა მამულაშვილის მიმართ. პარლამენტის სხვა კაცმა წევრებმა, მათ შორის, ლევან მგალობლიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პარლამენტის წევრ ანა წითლიძეს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დეპუტატმა ქალებმა მომხდარის გამო საჩივრით პარლამენტის ეთიკის საბჭოსაც მიმართეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ 22 ივლისს გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ საკითხი ეთიკის საბჭოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოზე განიხილება.

XS
SM
MD
LG