Accessibility links

site logo site logo

წულუკიანმა სენაკის თეატრის სცენიდან თქვა, როდის დააბრუნებს „მთავარი არხის" მიკროფონს


თეა წულუკიანი

კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია სენაკის თეატრის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე თეა წულუკიანის გამოსვლა. მინისტრს ხელში „მთავარი არხის" მიკროფონი უკავია, რომელიც მან ჟურნალისტ ემა გოგოხიას წაართვა.

„ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას" გაუმარჯოს და მე ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ (ტყუილად ჰყავთ გამოძახებული იქ ვიღაცები), როცა 3 ოქტომბერს დილით ესენი სამუდამოდ ჩაეყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი", - თქვა სცენიდან წულუკიანმა.

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში, ფონდი „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა მოგვიანებით "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე თავადვე დაწერა და თქვა, რომ მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს. თეა წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევის ფაქტზე "მთავარი არხის" კორესპონდენტმა, ემა გოგოხიამ რეაგირებისთვის პოლიციას მიმართა.

„მთავარი არხის“ იურისტის, თამთა მურადაშვილის შეფასებით, ჟურნალისტ ემა გოგოხიასთვის მიკროფონის წართმევით თეა წულუკიანმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „რუსთავი 2"-ის ეთერში თქვა, რომ ცოტა ხნის წინ მოახსენეს წულუკიანთან დაკავშირებული ფაქტის შესახებ. როგორც მინისტრმა თქვა, მას არ უნახავს, რა მოხდა. „აუცილებლად მოვიკითხავ, დაზუსტებით ვერ გეტყვით, რა მოხდა", - აღნიშნა გომელაურმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG