Accessibility links

site logo site logo

ფინანსთა მინისტრი „მთავარი არხის" შესახებ განმარტებას აქვეყნებს


ლაშა ხუციშვილი

„მთავარი არხის" სარეკლამო კომპანიასთან დაკავშირებული შემოწმების შესახებ წერს „ფეისბუკის" პირად გვერდზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი. ის ასახელებს ხუთ საკითხს, რომელზეც, მისი განმარტებით, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება:

  1. "მთავარ არხში" ფინანსური პოლიცია შევიდა" - ნახსენები "ფინანსური პოლიცია, რომელიც არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არსად არ შესულა და არანაირ ღონისძიებას არ ახორციელებს;
  2. "მთავარ არხში" საგადასახადო სამსახური შევიდა - შემოსავლების სამსახური "მთავარ არხში" არ შესულა და არანაირ ღონისძიებას იქ არ ახორციელებს. შემოსავლების სამსახური ატარებს გეგმიურ კამერალურ საგადასახადო შემოწმებას სარეკლამო სააგენტოში, რომელიც სხვა პირებთან ერთად მომსახურებას უწევს მთავარ არხს;
  3. შემოსავლების სამსახური მთავარი არხის გაყიდვების სახლში შევიდა - შემოსვლების სამსახური არსად არ შესულა. შემოსავლების სამსახური ახორციელებს კამერალურ საგადასახადო შემოწმებას ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში (მიმდინარე თვეში სხვა 500 კომპანიასთან ერთად), რაც წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ჩვეულებრივ, სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე პროცედურის დასრულებას;
  4. ხდება უკანონო, ე.წ. შავი ფულით დაფინანსების შემოწმება - შემოსავლების სამსახურის ფუნქცია და ვალდებულება არ არის დაფინანსების წყაროების შემოწმება და კამერალურ საგადასახადო შემოწმება მხოლოდ და მხოლოდ მოიცავს საგადასახადო ვალდებულების სიზუსტის შემოწმებას;
  5. შესაძლებელია ხელი შეეშალოს ტელეკომპანიას საქმიანობაში - გარდა იმისა რომ შემოწმებას არანაირი შეხება არ აქვს "მთავარ არხთან", კამერალური საგადასახადო შემოწმების ეს პროცესი თეორიულადაც კი არ ითვალისწინებს იმგვარ პროცედურას, რომ რამენაირად ხელი შეეშალოს კომპანიას საქმიანობაში. მაქსიმუმ რამოდენიმე საათი დაეხარჯოს კომპანიის აუდიტორს ინფორმაციის მოწოდებაში.

ფინანსთა მინისტრის მტკიცებით, „ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ეს შემოწმებაც დაიწყება და დასრულდება, გადასახადის გადამხდელისთვის ყოველგვარი ზედმეტი დისკომფორტის გარეშე. უბრალოდ, ამ თემით სპეკულირება, პოლიტიკური ქულების დაწერა და საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, არ არის კარგი. სულ ეს არის!"

„მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების დაწყება არჩევნების გაყალბებას უკავშირდება: „ამას შეგვპირდა ბატონი კობახიძე, რომ გამოსაკვლევია ყველა მედიის დაფინანსება და ა.შ. გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ემუქრებათ... ამ ქვეყანაში ყველა მეთოდით ამთავრებენ თავისუფალ მედიას... ამ ქვეყანაში ოპოზიციური მედიების გაჩუმება დამთავრდება არჩევნების გაყალბებით... არჩევნების გაყალბება იწყება არა საარჩევნო დღეს, არამედ ბევრად უფრო ადრე...“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG