Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძიმე ავადმყოფები ცხინვალიდან თბილისის ნაცვლად ვლადიკავკაზში გადაჰყავთ


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო სამ დღეში კორონავირუსით ინფიცირების ასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ოსური მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში ინფიცირების კიდევ 42 შემთხვევა გამოვლინდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარიული სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს დაიცვან რეკომენდაციები - ატარონ პირბადე, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლება ამის მაგალითს არ აძლევს ადგილობრივ მოქალაქეებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ინტენსიური თერაპიის განყოფილების უფროსმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ალექსანდრე პლიევმა განაცხადა, რომ ასამდე ადამიანი მკურნალობს კოვიდჰოსპიტალში. აქედან ერთი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„საერთოდ, ვერ ვიტყვი, რომ რთული მდგომარეობა გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა ჩვენ არ გვაქვს ის, რაც გვქონდა გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც თორმეტი- თხუთმეტი უმძიმესი პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აპარატზე იყო შეერთებული. მეორე მხრივ, ჩრდილოეთ ოსეთიც აქტიურად გვეხმარება, დიდი მადლობა მას. პირველი ტალღის დროს ჩრდილოეთ ოსეთის საავადმყოფოებმა პრაქტიკულად არ მიიღეს ჩვენი პაციენტები, მაგრამ ახლა ისინი ხელმისაწვდომი გახდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა. ჩემი ინფორმაციით, ვლადიკავკაზის საავადმყოფოში სამხრეთ ოსეთის ორი მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მანამდე სამი მოქალაქე დაიღუპა“, - თქვა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ალექსანდრ პლიევმა.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი ინფიცირება ცხინვალის ერთ-ერთი კერძო სკოლის ღონისძიებაზე მოხდა. ამ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ცხინვალელი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა და ცნობილი პოლიტიკოსი ბორის ჩოჩიევი. მოგვიანებით ისინი კორონავირუსით ვლადიკავკაზის საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.

„არავინ არ იცავს რეკომენდაციებს. ადამიანები ავადმყოფობენ. წინა ტალღის დროს დაავადებულები უფრო მეტად საქართველოს კლინიკებში გადაჰყავდათ, ახლა ვლადიკავკაზისკენ მიჰყავთ, მაგრამ, როგორც ჩანს, მკურნალობა გვიანდება. დინა ალბოროვა და ბორის ჩოჩიევი ერთ ღონისძიებაზე დაინფიცირდნენ და შემდეგ გარდაიცვალნენ. ინფიცირებულია ბორის ჩოჩიევის ცოლიც. ვითარება რთულია. ჩოჩიევის გასვენებას ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ და ნიღაბი არც ერთს არ ეკეთა. რა მაგალითს აძლევენ ამით საზოგადოებას? ვაქცინაციის ტემპიც ისევ დაბალია, ამისთვის არაფერს აკეთებს ხელისუფლება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ცხინვალელმა წყარომ.

ცხინვალმა რუსული წარმოების ვაქცინები რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ სთხოვა, თუმცა მაისში შეტანილი 1000 დოზა ვაქცინა ჯერ გახარჯულიც არ არის. ორ თვეში მხოლოდ 750-მდე მოქალაქეა აცრილი.

უახლოეს დღეებში ცხინვალს რუსული წარმოების ვაქცინების მეორე პარტია მიეწოდება - „სპუტნიკ-ვ“– ის ათასი დოზა და „სპუტნიკ ლაითის“ ასევე ათასი დოზა. ალექსანდრე პლიევის თქმით, კოვიდგადატანილებს ვაქცინაცია მაინც ჩაუტარდებათ, თუ ანტისხეულები ხუთზე ნაკლები ექნებათ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ალანია-რუსეთის კავშირის“ თანათავმჯდომარის როლანდ ქელეხსაევის დაკვირვებით, ამ ტალღაში, ისევე როგორც წინა ტალღაზე, მოქალაქეების ნაწილი უარს ამბობს შეზღუდოს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა და, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ სურს დახურულ სივრცეში პირბადის ტარება. ხელისუფლება აწესებს შეზღუდვებს მასობრივ ღონისძიებებზე, იმუქრება სანქციებით, მაგრამ ეს შეზღუდვები ფორმალური ხასიათისაა.

„ბორის ჩოჩიევის დაკრძალვაზე, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის წევრები, კუბოსთან იდგნენ - და ყველა ნიღბის გარეშე! ეს ის ხალხია, რომლებიც ხელს აწერენ ბრძანებებს პირბადეების რეჟიმის დაცვისა და სოციალური დისტანციის შესახებ. სწორედ ისინი ითხოვენ დაკრძალვისა და საქორწილო ცერემონიების შეზღუდვას, წესების შეუსრულებლობის გამო ჯარიმებით ემუქრებიან მოქალაქეებს და მთელი რესპუბლიკის თვალწინ ისინი ნიღბების გარეშე და ერთმანეთთან ახლოს დგანან. ამასობაში, სახელმწიფო მოღვაწეები, პრეზიდენტის მეთაურობით, კიდევ ერთ მაგალითს გვაძლევენ: არაფერი რეკომენდაცია არ დაიცვათ, იყოს ისე, როგორც არის! ხალხი ამ მაგალითს მიჰყვება. ამიტომ, დიდი ალბათობით, ამ ტალღას გადავიტანთ შემდეგი პრინციპით: ყველა პასუხისმგებელია საკუთარ თავზე”.

ამჟამად ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 563 პაციენტი რჩება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 4 167 ადამიანი დაავადდა, აქედან 3 604 გამოჯანმრთელდა.

XS
SM
MD
LG