Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო დეპუტატები ისევ ბოიკოტის რეჟიმში არიან


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის შენობა
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის შენობა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატების ნაწილი ისევ ბოიკოტის რეჟიმშია. კვორუმის არარსებობის გამო ე. წ. პარლამენტი შეკრებას ვერ ახერხებს. უთანხმოება მმართველ პარტია „ედინაია ოსეტიას“ ლიდერებსა და ოპოზიციურად განწყობილ დეპუტატებს შორის ე. წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასანიშნი კანდიდატების საპარლამენტო კვოტას მოჰყვა.

თოთხმეტი ე. წ. დეპუტატი დაჟინებით მოითხოვს სახელისუფლებო პარტიასთან წინასწარი შეთანხმების შესრულებას. ამ შეთანხმებით, „სახალხო პარტიას“, „ნიხასს“, ე. წ. დეპუტატთა გაერთიანებას „სამართლიანობისთვის“ კომისიაში თითო-თითო კანდიდატი უნდა აერჩიათ, მმართველ „ედინაია ოსეტიას“ კი - ორი. ოპოზიციონერი ე. წ. დეპუტატების განცხადებით, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერსა და ფრაქცია „ერთიანი ოსეთის“ ლიდერთან მიღწეული იყო შეთანხმება კვოტის გადანაწილების შესახებ, მაგრამ ბოლო მომენტში ეს შეთანხმება ბიბილოვის მომხრე პოლიტიკოსებმა დაარღვიეს. დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ალან ტადტაევი ე. წ. დეპუტატებს სთავაზობდა, თითოეული კანდიდატურა გაეტანათ კენჭისყრაზე და დალოდებოდნენ ვინ რა ხმებს მიიღებდა, თუმცა ოპოზიციონერები წინასწარ მიღწეული შეთანხმების შესრულებას მოითხოვენ, რადგან ინდივიდუალური კენჭისყრის შემთხვევაში მათი ვერცერთი კანდიდატი ცესკოში ვერ მოხვდებოდა - მათი აზრით, მმართველი პარტია თავისთვის ხელსაყრელ კანდიდატებს დაუჭერდა მხარს. ამის გამო ე. წ. ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა და დე ფაქტო პარლამენტი კვორუმის არარსებობის გამო ვერ იკრიბება. დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა, ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას საერთოდ უარყო ოპოზიციისთვის რაიმე პირობის მიცემა:

მე არ შემეძლო რაიმე პირობა მიმეცა დეპუტატთა კორპუსისთვის იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ხმას მივცემდით ამა თუ იმ კანდიდატს. ეს არის თითოეული დეპუტატის პირადი აზრი და პირადი პოზიცია და მან ეს უნდა გამოხატოს პარლამენტის სხდომაზე, კენჭისყრაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს ოპოზიციონერი დეპუტატები ხვდებიან თავიანთ შეცდომას, თავიანთი ქმედებების უკანონობას, მათთან ერთად უნდა განვიხილოთ, როგორ ვუყაროთ კენჭი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობას, ინდივიდუალურად თუ სიით. ეს ყველაფერი დეპუტატების გადასაწყვეტია“.

ოპოზიციონერი ე. წ. დეპუტატი დავით სანაკოევი ამბობს, რომ მისთვის უცნაურია ასეთი გამოსვლები - ე. წ. საპარლამენტო საქმიანობა ყოველთვის ემყარებოდა შეთანხმებებს და კომპრომისებს ფრაქციებს შორის, ყოველ შემთხვევაში, ვიდრე საკანონმდებლო ორგანოში „ედინაია ოსეტია“ არ მივიდა.

„ეს უცნაური ლოგიკაა. სპიკერი, ფაქტობრივად, ამბობს, რომ არ შეიძლება იყოს წინასწარი შეთანხმება საპარლამენტო ფრაქციებს შორის, რადგან სხდომაზე თითოეული დეპუტატი ხმას აძლევს ისე, როგორც მას უნდა. ამ ლოგიკის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას არ შეუძლია რაიმე ვალდებულების აღება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველმა არ უნდა დაიჯეროს საარჩევნო დაპირებების. მართლაც, თუ ყველამ ხმა უნდა მისცეს მხოლოდ საკუთარი შეხედულების მიხედვით, მაშინ რა საერთო პარტიულ, კოლექტიურ ვალდებულებებზე შეიძლება ვისაუბროთ? არაფერია სათქმელი, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი არის საბაბი, რადგან სახელისუფლო პარტია გამოირჩევა თითქმის სამხედრო დისციპლინით. ისინი ყოველთვის პარტიის ხელმძღვანელობის სიგნალის მიხედვით აძლევენ ხმას. ვფიქრობ, არც ახლა შეიცვალა რამე”.

დავით სანაკოევის თქმით, ჩაშლილი საპარლამენტო სესიის შემდეგ ოპოზიციამ ორჯერ გაგზავნა მომლაპარაკებლები, ამირან დიაკონოვი და ალან პლიევი, სპიკერ ტადტაევთან, რათა განეხილათ არსებული ვითარებიდან გამოსვლის გზები, თუმცა, სანაკოევის თქმით, ტადტაევმა ორჯერვე უარი თქვა უთანხმოების დაძლევის შესაძლებლობებზე.

დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი სპიკერი, სტანისლავ კოჩიევი, მიიჩნევს, რომ სურვილის შემთხვევაში შეთანხმების მიღწევა მარტივია და მსგავსი კენჭისყრის ჩატარებისას წინა მოწვევის პარლამენტის წევრებს არაერთხელ მიუღწევიათ შეთანხმებისთვის.

„არსებობს ისეთი პრაქტიკა, როგორიცაა პაკეტის შეთანხმება. ნება მომეცით მაგალითი მოგიყვანოთ. ვთქვათ, არის ახალი პარლამენტი, რომელიც შედგება სხვადასხვა ფრაქციებისგან. მათ არ იციან, რას უნდა ელოდონ კოლეგებისგან, ამიტომ ფრთხილად არიან, არ ენდობიან ერთმანეთს. მაგრამ მათ უნდათ გაინაწილონ კომიტეტები ერთმანეთში, აირჩიონ პარლამენტის პრეზიდიუმი. შემდეგ, პაკეტური შეთანხმებით, ანუ ერთი ხმით, ისინი ირჩევენ კომიტეტების ყველა თავმჯდომარეს ან პრეზიდიუმის შემადგენლობას, ანუ თანამდებობების მთელი ჩამონათვალი, რომელზეც მიღწეული იყო შეთანხმება წინადღეს, ერთდროულად გადის კენჭისყრაზე. ამის გამოყენება შესაძლებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირებაზეც, რადგან პარლამენტში ახლა უფრო მეტი უთანხმოებაა, ვიდრე ოდესმე. პარლამენტის სპიკერმა უნდა დაარეგულიროს ყველა პროცესი, მოიწვიოს ერთი ფრაქცია, მეორე, დაუსვას კითხვები მათ და განიხილონ თითოეული კანდიდატი ყველა მხრიდან. როდესაც ისინი საერთო შეთანხმებამდე მივლენ, წარუდგინონ პარლამენტს კენჭისყრაზე ერთიანი სია, ყველა კვოტის გათვალისწინებით. ეს არის ერთადერთი ნორმალური გზა მძიმე ვითარებიდან გამოსასვლელად“, - უთხრა სტანისლავ კოჩიევმა „ეხო კავკაზას“.

ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც კონსულტაციებს გადიან ექსპერტებსა და სამოქალაქო აქტივისტებთან, ფიქრობენ, რომ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ანატოლი ბიბილოვსა და მის გადაწყვეტილებაზე, თუმცა, მათი აზრით, ბიბილოვს კომპრომისებზე წასვლა არ სიამოვნებს და ამით კრიზისს უფრო აღრმავებს ხოლმე. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, საგაზაფხულო საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სამხრეთ ოსეთში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება, რადგან ბიბილოვს ოპოზიციასთან მოლაპარაკება არ შეუძლია და მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით იცის პრობლემების გადაჭრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG