Accessibility links

site logo site logo

მრავალეროვნული „მტკიცე სული“ და კავკასიური გეოპოლიტიკა


„მტკიცე სული 2021“-ის გახსნის ღონისძიება. 26 ივლისი, 2021 წ.

რუსეთი, როგორც მოსალოდნელი იყო, უარყოფითად გამოეხმაურა სუვერენული ქვეყნის - საქართველოს - ტერიტორიაზე მიმდინარე მრავალეროვნულ სწავლებას „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021), რომელიც, ამ სახელწოდებისა და შინაარსის წინამორბედი წვრთნების მსგავსად, მხოლოდ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

„ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ნატო თავის ინფრასტრუქტურით არა უბრალოდ ჩვენი საზღვრების ირგვლივაა, არამედ ეხება ჩვენს საზღვრებს. ამას (სწავლებას), რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. მთავარი ისაა, რომ ეს გვავალდებულებს მივიღოთ ზომები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“,- აღნიშნა 29 ივლისს საქართველოში მიმდინარე სწავლების კომენტირებისას დმიტრი პესკოვმა, იმ ქვეყნის პრეზიდენტის პრესმდივანმა, რომელიც არა მხოლოდ შეეხო საქართველოს საზღვარს, არამედ 2008 წლის აგვისტოში 58-ე არმიით შემოიჭრა მეზობელი სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე და მისი ორი რეგიონის - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს (ყოფილი სამხრეთი ოსეთი) - ოკუპაცია მოახდინა.

მაგრამ კრემლის პრესმდივნის აგრესიული რიტორიკა მოულოდნელად შეიცვალა, როდესაც ჟურნალისტები შეეკითხნენ, თუ რას ფიქრობდა პესკოვი საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სწავლებაში აზერბაიჯანის სამხედრო ქვედანაყოფის მონაწილეობაზე.

პესკოვი, რომელიც რამდენიმე წამის წინ „ზომების“ მიღებაზე ლაპარაკობდა, აზერბაიჯანის ხსენებაზე უცებ მოლბა.

„აზერბაიჯანი - ეს არის სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ ვუფრთხილდებით ერთმანეთთან ურთიერთობას. ეს არის პარტნიორული ურთიერთობები და არსებობს მათი განვითარების პოლიტიკური ნება. მთავარია, მსგავსი სწავლების სცენარი არ ითვალისწინებდეს შენიღბულ მოქმედებას ჩვენი მიმართულებით“, აღნიშნა დმიტრი პესკოვმა, რომელიც, ჩანს, აპრიორი დარწმუნებულია, რომ ალიანსის შტაბებში დაგეგმილი ნებისმიერი წვრთნა ასეთ „შენიღბულ მოქმედებას“ ისახავს მიზნად.

„მაგრამ სწავლების სცენარი იკვრება ნატოში, ხოლო ალიანსი არ მალავს, თუ ვინ არის მისი მთავარი მოწინააღმდეგე“, - დასძინა პესკოვმა. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს არ დაუზუსტებია, ნიშნავს თუ არა მისი ეს სიტყვები, რომ მოსკოვი უკმაყოფილოა საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ წვრთნაში აზერბაიჯანის ქვედანაყოფის მონაწილეობით.

აზერბაიჯანის საგარეო კურსს შეგუებული რუსეთი?

ერთი კია, რომ ბოლო ერთ თვეში პესკოვს ნატოს კონტექსტში მეორედ უხდება აზერბაიჯანის ნაბიჯის კომენტირება.

15 ივნისს, ბაქოში ვიზიტის დროს, ნატოს წევრი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, თქვა, რომ არ გამორიცხავს ანკარის მიერ სამხედრო ბაზის აგებას აზერბაიჯანში იმ შეთანხმების თანახმად, რომელსაც მან აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა 15 ივნისს.

საუბარია სამოკავშირეო ურთიერთობის შესახებ აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივ შუშის განცხადებაზე, რომელიც ანკარასა და ბაქოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას ითვალისწინებს.

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა, 18 ივნისს განაცხადა, რომ მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალყურს აზერბაიჯანში თურქეთის პოტენციური ბაზის შექმნას. მან თქვა, რომ რუსეთი თურქეთთან მჭიდრო კონტაქტშია სამხრეთ კავკასიაში ვითარების სტაბილიზაციის საკითხთან დაკავშირებით, შარშან შემოდგომაზე სომხეთის ძალებსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო ექვსკვირიანი ომის შემდეგ.

შეკითხვაზე, იქნება თუ არა რუსეთის რეაქცია ამაზე (ნატოს წევრი თურქეთის შესაძლო სამხედრო ბაზის შექმნაზე.-რედ.) ისეთივე მკვეთრი, როგორიც რუსეთს აქვს ნატოსთან უკრაინის თანამშრომლობაზე, პესკოვმა ნაცნობი სიტყვები გაიმეორა.

„ალიანსის წევრი სახელმწიფოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება ჩვენს საზღვრებთან ნებისმიერ შემთხვევაში არის ჩვენი მომეტებული ყურადღების საგანი და მიზეზი ჩვენი იმ ნაბიჯებისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი“, - განაცხადა 18 ივნისს დმიტრი პესკოვმა.

ბაქოში მსგავსი მინიშნებების პასუხად აცხადებენ, რომ იმ გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რომელიც სომხეთთან 44-დღიანი ომის შემდეგ შეიქმნა, აზერბაიჯანი მოქმედებს მხოლოდ თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, იქნება ეს თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობა თუ ნატოს სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობა.

ნატოს სამხედრო სწავლება. 28 ივლისი, 2021 წ.
ნატოს სამხედრო სწავლება. 28 ივლისი, 2021 წ.

„აზერბაიჯანი ნატოს „მშვიდობისათვის პარტნიორობის“ პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეყანაა და მოცემულ კონტექსტში გვაქვს გარკვეული პროგრამები ნატოსთან ურთიერთობის, გვაქვს წარმომადგენლობა ნატოში და სხვა. ასე რომ, ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან არ იწყება იმ სწავლებით, რომელიც თქვენ ახსენეთ. ეს არის ძალიან წინ წასული და ღრმა ურთიერთობები. ჩვენ ვმონაწილეობთ ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში და მთელ რიგ სამშვიდობო მისიებში, რომლებშიც ნატოს ქვეყნების სამხედრო ძალები არიან ჩაბმული. ამდენად, ჩვენთვის საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილეობა ნატოსთან ჩვენი ურთიერთობების მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აზერბაიჯანის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტოფიკ ზულფუქაროვმა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იწვევს ნატოს სწავლებებში აზერბაიჯანის მონაწილეობა რუსეთის ისეთ მკვეთრ გაღიზიანებას, როგორიც კრემლს მსგავს შემთხვევაში საქართველოსა და უკრაინის მიმართ აქვს, - ამას ტოფიკ ზულფუქაროვი ხსნის აზერბაიჯანის მიერ არჩეული საგარეო კურსით, რომელსაც რუსეთი შეგუებულია.

„ეს, რა თქმა უნდა, იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი, რომელსაც თავისი შეხედულება და კონცეფცია აქვს პოსტსაბჭოთა სივრცესა და საბჭოთა კავშირის შემდეგ შექმნილ გეოპოლიტიკაზე, მოცემულ შემთხვევაში აღიარებს აზერბაიჯანის უფლებას, რომ ააგოს ისეთი ურთიერთობები, როგორიც მას მიაჩნია სწორად. გარდა ამისა, (რუსეთის) ასეთი მიდგომა ალბათ იმის შედეგიცაა, რომ აზერბაიჯანი საერთაშორისო ურთიერთობებს აგებს არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ხელმძღვანელობს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, იმ მთავარი ამოცანით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გულისხმობს და რომელსაც, პრაქტიკულად, დღეს უკვე მივაღწიეთ“, - აღნიშნა ტოფიკ ზულფუქაროვმა.

ჩვენი თანამოსაუბრე აზერბაიჯანის მიერ შარშანდელი შემოდგომის 44-დღიანი ინტენსიური ბრძოლების შედეგად მიღწეულ წარმატებას გულისხმობს.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 2020 წლის 27 სექტემბერს განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.

10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის - რაიონი.

ამავე განცხადებაში ასახული მოკონფლიქტე მხარეთა შეთანხმებით, მალევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად მთიან ყარაბაღში რუსეთის 2 000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.

„ავარიული ვითარება“ საზღვარზე და რუსეთის „საყრდენი პუნქტები"

მაგრამ რუსეთის სამშვიდობო დანაყოფის მანდატი - მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის თვალის დევნება და მისი უზრუნველყოფა - აღარ აკმაყოფილებს სომხეთის ხელისუფლებას, რომელმაც 2021 წლის დასაწყისში აქტიურად დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ აზერბაიჯან-სომხეთის ყველაზე „ცხელ“ სასაზღვრო მონაკვეთზე შეიქმნას საყრდენი პუნქტები რუსეთის მონაწილეობით.

მაისის დასაწყისში სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე ბევრისთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ სიუნიქის ოლქში შეიქმნა რუსეთის 102-ე გიუმრის ბაზის ორი საყრდენი პუნქტი.

„სომხეთის საზღვრის დაცვა ხორციელდება სომხეთ-რუსეთის ერთობლივი დაჯგუფების ძალისხმევითა და ძალებით. ეს არის არა მხოლოდ სიუნიქის ოლქის, არამედ სრულიად სომხეთის უსაფრთხოების დამატებითი გარანტია“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა 3 მაისს.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ ვითარება უკიდურესად დაიძაბა გეღარქუნიქ-ქელბაჯარისა და ერასხ-ნახიჩევანის სასაზღვრო რაიონებში, გაირკვა, რომ მხოლოდ ერთ „ცხელ წერტილში“ საყრდენი პუნქტი არ არის უსაფრთხოების გარანტია და ნიკოლ ფაშინიანმაც კვლავ წამოაყენა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეების ახალი საყრდენი პუნქტის განთავსების წინადადება.

„საქმე გვაქვს ავარიულ ვითარებასთან. საზღვარზე ვითარების ესკალაცია არ მთავრდება, დაახლოებით, 12 მაისიდან მოყოლებული და, თუ არ მეშლება, ასე გრძელდება აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებული ძალების შეხების მთელ მონაკვეთზე. შეიარაღებული აზერბაიჯანელი სამხედროები ზოგჯერ შედიან სომხეთის ტერიტორიაზე და ზოგიერთ მონაკვეთს იკავებენ და აღარ გადიან. შარშანდელი ომის შემდგომ ვითარებაში და არსებული რისკების გათვალისწინებით, სომხეთს არ გააჩნია საკმარისი რესურსები, რათა მომავალში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს უფრო ფართომასშტაბიან შეიარაღებულ მოქმედებებს. ამიტომ გიუმრის სამხედრო ბაზის გაძლიერება და რუსეთის საყრდენი სასაზღვრო საგუშაგოს შექმნის იდეა სომხეთის ხელისუფლების მიერ აღიქმება, როგორც საზღვარზე შექმნილი რთული ვითარების დროებით მოწესრიგების მცდელობა“, - უთხრა ანალიტიკოსმა ალექსანდრ ისკანდარიანმა რადიო თავისუფლებას.

ამასთან, ნიკოლ ფაშინიანი იმედოვნებს, რომ საზღვრიდან სომეხი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების „სარკისებური უკანდახევა“ და სოტკიდან ზოხნავარამდე რუსი მესაზღვრეების განთავსება, შესაძლებლობას მისცემს მხარეებს, „სამხედრო შეტაკების რისკის გარეშე მოახდინონ საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია“.

აღსანიშნავია, რომ, შარშანდელი 44-დღიანი ომის შემდგომ შექმნილი სტატუს-კვოს გათვალისწინებით, სომხეთთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას და დიდ სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც დადგება ორივე მხარის მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხი, აზერბაიჯანის მხარეც მიესალმება.

მაგრამ ასეთ შეთანხმებას მძლავრი მოწინააღმდეგეები ჰყავს სომხეთში, ოპოზიციური ალიანს „სომხეთისა“ და მისი ლიდერის, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის, სახით, რომლის თქმით, ასეთი შეთანხმება ძალიან სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა სომხეთს.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი ხალხის მნიშვნელოვანმა ნაწილმა გადაყლაპა ის, რაც (გასული წლის) ოქტომბერ-ნოემბერში მოხდა, დიახ, ეს (ინციდენტი) შესაძლოა ასეთი შეთანხმების სამზადისზე მიუთითებდეს. ასეთ დოკუმენტზე შეთანხმება შეუძლებელი იქნებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გარეშე. ეს არის ყარაბაღის მომავლისათვის ჯვრის დასმა“, - განაცხადა რობერტ ქოჩარიანმა სომხეთის სამი ოპოზიციური ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში.

თავის მხრივ, ბაქომ არაერთხელ განაცხადა, რომ შარშანდელი 10 ნოემბრის სამმხრივი აზერბაიჯან-სომხეთ-რუსეთის შეთანხმების შემდეგ აუცილებელია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფართო შეთანხმების მიღწევა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და გადაიჭრება სასაზღვრო პრეტენზიები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG