Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მითხრეს, რომ კოტიკოს საფლავი ამოიცნეს“- როგორ იპოვეს ბოლოს  აფხაზეთში 5 უგზო-უკვლოდ დაკარგული 


აფხაზეთში უგზო -უკვლოდ დაკარგულთა ძებნა გრძელდება. რადიო თავისუფლება ბოლოს ნაპოვნი ადამიანების ახლობლებს ესაუბრა.

მხოლოდ ბოლო სამი წელი აღარ ვფიქრობდი, რომ ცოცხალია“, - ჰყვება ნინელი ანდრიაძე. მისი 29 წლის წინ დაკარგული შვილისა და კიდევ ოთხი ადამიანის ნეშტი რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოასვენეს.

უგზო-უკვლოდ დაკარგულებს აფხაზეთში „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” ეძებს. წინა კვირას გადმოსვენებული ხუთი ადამიანიდან ორი სამხედრო იყო, ხოლო სამი - მშვიდობიანი მოქალაქე.

გული რომ მეტყოდა მკვდარიაო, ტვინით მაშინვე ვეწინააღმდეგებოდი“, - ჰყვება ნინელი ანდრიაძე. 24 წლის კოტე ანდრიაძე გაგრაში აფხაზეთის ომის დროს,1992 წელს, დაიღუპა. წითელი ჯვრის კომიტეტმა მისი საფლავი მხოლოდ ახლა, თითქმის 30 წლის შემდეგ, იპოვა.

ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩემი შვილი, შევარდნაძის დროს უკვე დეპუტატობის კანდიდატი გახდა. რომ მიდიოდა აფხაზეთში, ოთხშაბათს ჩამოვალო, არ ჩამოვიდა და ეს იყო მისი პირველი გატეხილი სიტყვა. მერე დარეკა, საქმეზე გავდივართ, მამას ბოდიში მოუხადე, დაბადების დღე რომ ვერ მივულოცე, რამდენიმე დღეში ჩამოვალო. არ უთქვამს, რომ გაგრაში წავიდნენ. უყოყმანოდ წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ფეხი დაშავებია კამანის ბრძოლაში. არც ეს ვიცოდი.

გაგრაში სასტუმროგრებეშოკთანგაიმართა ბრძოლა. მერე იქ იპოვეს მისი საფლავი. არ ვიცი ამის შემდეგ კიდევ როგორ უნდა თქვა, რუსეთთან გვინდაო. მათ მხოლოდ იმპერიალისტური ზრახვები აქვთ, არავითარი ერთმორწმუნეობა მაგათ არ აჩერებთ. აგერ, ძმათა სასაფლაოზეა მათი მსხვერპლი ამდენი ბიჭი დასაფლავებული და ჩემს შვილსაც დავკრძალავთ აგვისტოში.

1992 წლის შემდეგ ნინელი ანდრიაძე და კიდევ 14 ადამიანი (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახლობლები) მთელ საქართველოში დადიოდნენ და უცხო საფლავებს ეძებდნენ. 14 ივლისს კოტე ანდრიაძეს დაბადების დღე ჰქონდა, 16-ში კი ნათელი გახდა, რომ „წითელმა ჯვარმა“, ბოლოს და ბოლოს, მის საფლავს, მიაგნო. მოვიდნენ და მითხრეს, რომ კოტიკოს საფლავი ამოიცნეს, დნმ დაემთხვა. ხომ გინახიათ, როგორ ქვავდება ადამიანი. ეს გაქვავება გადავიტანე 16 ივლისს“.

ორიოდე კვირაში კოტე ანდრიაძეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

იქ გაგრის კვადრატი ცალკე გააკეთა კოტეს მამამ, კვიპაროსები დარგო, რომლებიც უკვე გაიზარდნენ. აი, იქ დავასაფლავებთ“.

2021 წელს „წითელ ჯვრის“ ექსპერტებს 30-ზე მეტი სავარაუდო სამარხის გახსნა ჰქონდათ დაგეგმილი. მიუხედავად კოვიდპანდემიისა, ეს პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. სამარხების მოძიება იწყება ინფორმაციის შეგროვებით. შემდეგ ექსპერტები იღებენ ახლობლების დნმ-ს, ხოლო უშუალოდ სამარხის გახსნისას ნეშტებისგან დნმ-ის პროფილები მზადდება. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები ერთმანეთს დაემთხვა, გარდაცვლილი ამოცნობილია.

დაკარგული და ნაპოვნი ორი შვილი

უცნობი საფლავების ძებნაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახლობლები რამდენჯერმე აფხაზებსაც შეხვდნენ. ნინელი ანდრიაძე განსაკუთრებით ერთ ამბავს იხსენებს. ჯგუფს 14 და 15 წლის ქართველი გოგონები დაუკავშირდნენ, 10 წლის წინ დაკარგული აფხაზი დედის საფლავს ეძებდნენ.

„ბავშვებს მამა ქართველი, დედა აფხაზი ჰყავდათ. ომის დროს მამამ ბავშვები აფხაზეთიდან იმერეთში წამოიყვანა და დას დაუტოვა გასაზრდელად, თვითონ კი რუსეთში წავიდა. ბავშვებმა იცოდნენ, რომ დედა დაღუპული იყო. აფხაზურ მხარეს ვთხოვე, ასეთი ამბავია, ბავშვებს უნდათ დედის საფლავი მოძებნონ-მეთქი, დავუტოვე სახელი და გვარი. ორ კვირაში დამიკავშირდნენ და მკითხეს, როდის ჩამოუყვან მარინეს (სახელი შეცვლილია) ბავშვებს სანახავადო. აღმოჩნდა, რომ ქალი ცოცხალი იყო. მასაც ეუბნებოდნენ, რომ მისი ქმარ-შვილი ომის დროს დაიღუპა. 2006 წელს, 18 სექტემბერს, ენგურის ხიდზე შევახვედრე ერთმანეთს. მთელი ცხოვრება რომ სხვა არაფერი მეკეთებინა, ესეც კმარა ჩემთვის, რომ დედას შვილები დავუბრუნე“, - ჰყვება ნინელი ანდრიაძე.

დახვრეტილი მშობლები

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ პირთა შორის არის აფხაზეთის მკვიდრი ცოლ-ქმარიც. რადიო თავისუფლება მათ ვაჟს ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მე მაშინ სახლში არ ვიყავი. ეტყობა, რომ ვიბრძოდი, იმის გამო დახოცეს ჩემი მშობლები. სიით მისულან და სახელი და გვარი უკითხავთ. მაშინ მამა 72 წლის იყო, დედა - 64 წლის. მონაყოლით ვიცი, რომ რამდენიმე დღე მეზობლებს ცხედრების დამარხვის საშუალებას არ აძლევდნენ. მერე ნაცნობი აფხაზი ჩაერია და მისცეს უფლება იქვე, ეზოში დაეკრძალათ. ეს მოურჩენელი ტკივილია, მშობლები რომ ასე მოგიკვდება, ვერც მოეფერები, ვერც გამოემშვიდობები... სანამ ცოცხალი ვარ, არ ვაპატიებ“.

დღევანდელი მონაცემებით, დარჩენილია 2 300-ზე მეტი ოჯახი, რომლებმაც ამ დრომდე არაფერი იციან თავიანთი ახლობლების ხვედრის შესახებ. „წითელი ჯვრის“ ეგიდით 2010 წლიდან დღემდე ნაპოვნია 583 ნეშტი. მათგან იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა 206.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG