Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრძოლა „ანულირებული“ შეთანხმებისთვის


საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, 2 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუბრუნდება „შარლ მიშელის შეთანხმებას“, რომელიც „ანულირებულად“ 28 ივლისს გამოაცხადა.

შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აირიდა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებითაც. „ოცნება“ აცხადებს, რომ აღარ არსებობს წინასწარი გარანტიები 2%-იანი ბარიერისა თუ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებისთვის.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რა მიზანი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს, როდესაც შეთანხმებაზე ხელმომწერი პოლიტიკოსები 2 აგვისტოს თავის სასახლეში დაიბარა. სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 28 ივლისს შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, თავისი პოზიცია 2 აგვისტომდე არ გაუსაჯაროებია.

  • რას პასუხობს „ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორებსა და შეთანხმების ხელმომწერ პარტიებს, რომლებსაც მან ხელშეკრულება ცალმხრივად გაუუქმა?
  • რით შეიძლება დასრულდეს პოლიტიკური დაძაბულობა, რომელმაც არჩევნებამდე 2 თვით ადრე ახლებური ძალით იჩინა თავი?

პრეზიდენტის ბუნდოვანი მცდელობა

სალომე ზურაბიშვილი სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს 2 აგვისტოს, სასახლეში ცალ-ცალკე მასპინძლობდა, „ქართული ოცნების“ მიერ „შარლ მიშელის შეთანხმების“ ანულირების საკითხზე სასაუბროდ. პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა შეხვედრა დატოვა მკაფიო შთაბეჭდილებით, რომ პრეზიდენტი მათთან საუბრით „საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას“ ცდილობდა.

თუმცა დღის ბოლოს, პრეზიდენტმა საზოგადოებას არა აზრი და პოზიცია, არამედ, ჯერჯერობით, მხოლოდ შეხვედრების ამსახველი ფოტოები შესთავაზა.

რადგან „ქართული ოცნების“ მიერ „შარლ მიშელის შეთანხმების“ ცალმხრივად ანულირებიდან 5 დღის განმავლობაში პრეზიდენტს თავისი აზრი არ გამოუთქვამს, მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებელმა“.

როგორც პარტიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, პრეზიდენტის პოზიციის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან 19 აპრილის შეთანხმებას სწორედ მის სასახლეში მოეწერა ხელი; ამჯერად პარტიას ბრმად მოქმედება აღარ სურს, რადგან პრეზიდენტმა ისინი ერთხელ უკვე „გამოიყენა“.

„ჩვენ ერთხელ უკვე შევყევით პრეზიდენტს ასეთ მოლაპარაკებებში - ადმინისტრაციულ კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. იყო იმედი, რომ ვეტოს დაადებდა. არ დაადო და ფასადად გამოგვიყენა. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვინმეს ფასადი ვიყოთ... „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია ამერიკისა და ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმება. ჩვენ ვეუბნებით მას, გააკეთოს მკაცრი განცხადება, გადადგას ქმედითი ნაბიჯები და ჩვენ გვერდში დავუდგებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

ჯერჯერობით გაუგებარია, რას აპირებს პრეზიდენტი.

2 აგვისტომდე სალომე ზურაბიშვილს არც იმ შეხვედრის დეტალები გაუხმაურებია, რომელიც მასსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შორის 28 ივლისს, საფრანგეთში შედგა. ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში თავად მიშელმა დაწერა, რომ „საქართველოში კონსულტაციები იწყება“, თუმცა არ დაუკონკრეტებია - ჩააბარა თუ არა ეს პროცესი პრეზიდენტ ზურაბიშვილს.

პრეზიდენტის სასახლეში შეთანხმების ხელმომწერი არაერთი პოლიტიკოსი მივიდა. მათ შორის იყვნენ „ლელოს“, „რესპუბლიკური პარტიისა“ თუ „გირჩის“ წარმომადგენლები. შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ, როგორც პრეზიდენტისგან შეიტყო, „ოცნების“ გადაწყვეტილებამ შარლ მიშელი „გაოგნებული“ დატოვა.

პრეზიდენტმა 2 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ლიდერებსაც უმასპინძლა და, თუ ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის კომენტარებით ვიმსჯელებთ, პრეზიდენტმა მათ მხოლოდ მოუსმინა.

„ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის არათუ მხოლოდ უარს ამბობს „შარლ მიშელის შეთანხმებისკენ“ მიბრუნებაზე, არამედ მსგავსი შეთანხმების ხელმოწერას სამომავლოდაც გამორიცხავს.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ, ბუნებრივია, ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით, და არათუ მხოლოდ ამ შეთანხმებას არ დავუბრუნდებით, არამედ გამორიცხულია, რომ მომავალში მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, როგორი ხელოვნური კრიზისიც არ უნდა შექმნას რადიკალურმა ოპოზიციამ“, - უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

შეთანხმების გაცოცხლების იმედი და რეიტინგები

საერთაშორისო პარტნიორების ბოლო პერიოდის განცხადებებში მკაცრი მესიჯების მიღმა იკითხებოდა იმედი, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო სახელისუფლებო პარტიის დაბრუნება შეთანხმების კალაპოტში და ქვეყნისთვის სასიცოცხლო მრავალპარტიული რეფორმების გაგრძელება.

როდესაც აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს 1 აგვისტოს ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა სანქციების მოსალოდნელობასთან დაკავშირებით, ელჩმა არაფერი უარყო, მაგრამ, ამავდროულად, მისი პასუხი პროცესისთვის მეტი შანსის მიცემაზე იყო ორიენტირებული.

„ვიმედოვნებ, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება და კვლავაც სახელმძღვანელოდ დარჩება ქართველი ლიდერებისთვის აუცილებელი რეფორმების გასატარებლად... ძირითადი ყურადღება მიმართული უნდა იყოს იმ ვალდებულებების შესრულებისკენ, რომლებიც აიღო „ქართულმა ოცნებამ“ და შეთანხმების ხელმომწერმა ყველა მხარემ. მათ პირობა დადეს, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებდნენ ამ შეთანხმებას და მათ უნდა გააგრძელონ ეს.

სანქციები საკითხი, ჩემი შეფასებით, ნაადრევია მანამდე, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ კეთილსინდისიერად არ სულდება ხელმომწერების მიერ აღებული ვალდებულებები. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომლებსაც ჯერ ეს არ გაუკეთებიათ, მოაწერონ ხელი ამ შეთანხმებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ფართო შეთანხმება“, - განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი დარწმუნებულია, რომ თანდათან საერთაშორისო პარტნიორების ტონი უფრო გამკაცრდება, რადგან ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეეგუებიან 6-თვიანი შრომატევადი პროცესის შედეგად მიღწეული შეთანხმების ცალმხრივ „ანულირებას“. ალაფიშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო პარტნიორები განსაკუთრებით ვერ შეეგუებიან სასამართლო რეფორმის ჩავარდნას.

„საქართველოში კონცენტრირებულია დასავლეთის საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი, ინვესტიცია. ამერიკელი და ევროპელი ინვესტორებისა და მოქალაქეების დაცულობის უზრუნველყოფა არის მათი სახელმწიფოების ზრუნვის საგანი. ამიტომ ისინი ამ საკითხში იქნებიან ძალიან თამიმდევრულები და პრინციპულები...

შესაძლოა, რეაგირება განსხვავებული იყოს ამერიკისა და ევროკავშირის შემთხვევაში, რადგან ამერიკა ერთი სახელმწიფოა, ხოლო ევროკავშირში ბევრი ქვეყნის ინტერესებია; მაგრამ ამას რომ არ დათმობენ, ეს ცნობილია „ქართული ოცნებისთვისაც“. მას დათმობაზე მოუწევს წასვლა, მაგრამ რა ფორმით, ეს უკვე პოლიტიკური სპექტრის პროფესიონალიზმზეც იქნება დამოკიდებული“, - გვეუბნება ალაფიშვილი.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 2 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებმა ოპოზიციურ სპექტრს გაუმყარა რწმენა, რომ „შარლ მიშელის შეთანხმების“ უგულებელყოფა „ქართულმა ოცნებამ“ 43%-იანი ზღვრის ვერგადალახვის შიშით გადაწყვიტა. ასეთ შემთხვევაში, 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დანიშნულიყო.

  • მანამდე, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის დაკვეთით ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი (შეკითხვების ვარიაციების მიხედვით) თბილისის მასშტაბით 26-30%-ს შეადგენდა.
  • ბოლო პერიოდის კვლევებში ყველაზე მაღალი, 39%-პროცენტიანი რეიტინგი ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ (Edison Research) მიერ ჩატარებული და ივლისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად.
  • თავად „ქართული ოცნება“ კი აცხადებს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსაც (48%) გააუმჯობესებს.

უარი საკონსტიტუციო ცვლილებებზეც?

2 აგვისტოს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, „შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმომწერ ოპოზიციონერ დეპუტატებს უმრავლესობის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ ვალდებულება საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებითაც მოიხსნეს.

ითქვა, რომ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი კი გაგრძელდება, მაგრამ არ არსებობს იმ შედეგების მიღების გარანტია, რაც „შარლ მიშელის შეთანხმებაში“ ჩაიწერა და ყველაფერი, კონსტიტუციის თანახმად, საყოველთაო სახალხო განხილვამ უნდა გადაწყვიტოს.

„ჩვენ ამ განხილვაში არ შევდივართ წინასწარ ცნობილი შედეგებით. სწორედ ეს არის კონსტიტუციური ჩარჩო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იყოს განხილვის, დისკუსიის, შეჯერების შედეგი და არა წინასწარ ცნობილი შედეგებით განხილვა... 19 აპრილის შეთანხმება აღარ არსებობს“, - თქვა საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა.

  • „შარლ მიშელის შეთანხმების“ საფუძველზე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 5-დან 2%-მდე შემცირებას და ყოველი მომდევნო, მათ შორის - ვადამდელი არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას.
  • საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის 9-წევრიანი შემადგენლობა 12 ივლისს დამტკიცდა და, წესით, იმ დღესვე დაიწყო საყოველთაო სახალხო განხილვისთვის განსაზღვრული ერთთვიანი ვადის ათვლაც.
  • „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ აგვისტოში გაიმართება საყოველთაო სახალხო განხილვისთვის აუცილებელი ორი შეხვედრა და საკითხი სექტემბერში პარლამენტის სხდომაზე განიხილება.
  • საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას მინიმუმ 113 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება. საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტა არცერთ ფრაქციას არ შეუძლია, თუმცა შედეგზე ზეგავლენის ყველაზე დიდ ბერკეტს, 84 დეპუტატით, ისევ „ქართული ოცნება“ ფლობს.

საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის წევრი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე გვეუბნება, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების მიზანი აქვს.

„ახლა არის კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომ 2024 წლამდე ყველა ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს არა სრულად პროპორციული, არამედ ძველი, ანუ 120/30-ზე სისტემით. ანუ ვადამდელი არჩევნები 2023 წელს რომ ჩატარდეს, გამოდის, რომ პარლამენტი ერთი წლით უნდა ავირჩიოთ.

ახლა აშკარად არ უნდათ კონსტიტუციის ახალი ჩანაწერის დამტკიცება, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები, ვადამდელი თუ გეგმიური, სრულად პროპორციული წესით ჩატარდეს.

რაც არ უნდა დააბრალონ „ნაციონალურ მოძრაობას“, „შარლ მიშელის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით, ორი მთავარი შიში აქვს „ქართულ ოცნებას“, ეს არის ერთი 43%-იანი ბარიერის საკითხი და ასევე, სრულად პროპორციული არჩევნები... ეშინიათ, რადგან იბრძვიან ძალაუფლებისთვის“, - გვეუბნება პაატა მანჯგალაძე.

მისი ვარაუდით, ამ პროექტს „ქართული ოცნება“ ერთი მოსმენით დაამტკიცებს, დროს გაწელავს და შემდეგ უკვე ოქტომბრის არჩევნების შედეგს დაელოდება. თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატი გვეუბნება, რომ პროპორციული არჩევნები მათთვის იმთავითვე იმდენად პრინციპული მნიშვნელობის საკითხი იყო, რომ არ მოერიდებიან განხილვის პროცესში შესვლასა და ბოლომდე მიყოლას.

ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა", რომელშიც "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატებიც ერთიანდებიან, მხარი დაუჭირა "შარლ მიშელის შეთანხმების" ფარგლებში დამტკიცებულ საარჩევნო კოდექსს და, შესაბამისად, "ქართულ ოცნებას" ვერ ექნება მასთანაც იგივე პრეტენზია, რაც, მაგალითად, "ლელოს" მისამართით აქვს.

მაშინ რატომ გაუუქმა მათ შეთანხმება "ქართულმა ოცნებამ"?

როგორც ამ ფრაქციის წარმომადგენელს, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერს, ხათუნა სამნიძეს 2 აგვისტოს "ოცნების" წარმომადგენლებმა განუმარტეს, მხარდამჭერთა რიცხვით ისინი ვერ ქმნიან ამინდს ქვეყანაში რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის შემცირების კუთხით და ამიტომ იყო აუცილებელი, რომ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა "ნაციონალურ მოძრაობას". ეს ლოგიკა გაუგებარი და მიუღებელია ამ ფრაქციისთვის და არა მხოლოდ.

შეთანხმება კონსტიტუციის დარღვევით დაიდო?

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესის წინასწარი პირობებით დაწყება კონსტიტუციის ჩარჩოში არ ჯდება; რაც, ფაქტობრივად, სხვა სიტყვებით იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო მედიატორები, „შარლ მიშელის შეთანხმების“ მომზადებისას, საქართველოს კონსტიტუციას არ გაუფრთხილდნენ.

თავდაპირველად, 19 აპრილის შეთანხმების კონსტიტუციასთან შეუსაბამობის საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით წამოსწია, როცა საერთაშორისო პარტნიორები მას, შეთანხმების ჩანაწერის მიხედვით, ამ პროცესის შეჩერებას სთხოვდნენ.

ეს საკითხი კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა ორიოდე დღის წინ „უცნობის კიდობანში“ სტუმრობისასაც წამოჭრა. მან სუვერენიტეტის ხელყოფაზეც მიანიშნა.

  • „მოსამართლეების დანიშვნა შეაჩერეთო, იყო თხოვნა თუ მოთხოვნა სუვერენულ ქვეყანაში...“;
  • „ბევრმა ადამიანმა, ვისაც ახსოვს, რის ხარჯზეა ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მოპოვებული, ეს აღიქვა როგორც საკუთარი სუვერენიტეტის დათმობა... ვინაიდან შარლ მიშელის დოკუმენტის არაერთი წინადადება და ნორმა პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ცხოვრებას არეგულირებს (ასე ვიტყვი - კორექტულობას შევეცდები) ცოტა სხვანაირად, ვიდრე თავად ჩვენს კონსტიტუციაში წერია“.

2 აგვისტოს კი, როცა „შარლ მიშელის შეთანხმების“ მსგავსი დოკუმენტების სამომავლოდ უგულებელყოფის პირობაც დადო, ირაკლი კობახიძემ ასეთი არგუმენტი მოიშველია:

„ეს ყველაფერი გულისხმობს, თუნდაც დროებით, მაგრამ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. ჩვენ, ბუნებრივია, ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის, რომ ქვეყანა თუნდაც დროებით გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან“.

19 აპრილის შეთანხმებაში კონსტიტუციასთან შეუსაბამოს საერთოდ ვერაფერს ხედავს კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი. მისი განმარტებით, ყველაფერი ჯდებოდა „საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოში“.

რაც შეეხება დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ალაფიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ განხილვის პროცესი ბოლომდე მიიყვანოს და პროექტი სულ ბოლოს ჩააგდოს, როგორც ეს 2019 წლის 14 ნოემბერს მოხდა.

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხი მაშინაც საყოველთაო სახალხო განხილვის მასშტაბური პროცესის შემდეგ პარლამენტში, „ამბოხებული მაჟორიტარების“ ხმების გამოყენებით ჩავარდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG