მწერალთა ნაწილი, რომლებიც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანისთვის "მწერალთა სახლის" შესახებ გაგზავნილი წერილის ხელმომწერების ჩამონათვალში არიან, ამბობს, რომ არ იზიარებენ ტექსტის შინაარსს და მიმართვა მათი თანხმობის გარეშე გავრცელდა. ერთ-ერთი მათგანი ელდინო საღარაძეა.
"მირეკავენ შეშფოთებული მეგობრები, აინტერესებთ რამ მიმაღებინა მონაწილეობა ჩემთვის ამ სრულიად შეუფერებელ საქმეში, რასაც ქ. თეა წულუკიანის მიმართ მწერალთა აკადემიის მიმართვა ჰქვია. მე კი მხოლოდ მათგან გავიგე ამ მიმართვის შესახებ... გაოგნებული ვარ... სრულად ვემიჯნები წერილის პათოსს და ვთხოვ ბატონ კობა არაბულის, ჩემი ეს პოსტი მწერალთა აკადემიიდან გასვლის განაცხადად ჩათვალოს, სადაც მხოლოდ იმ მოტივით შევედი, რომ ქართული საქმე მეკეთებინა. ასე არ კეთდება ქართული საქმე!" - წერს ელდინო საღარაძე "ფეისბუკში".
მისივე თქმით, მისი ამ პოსტის შინაარსს იზიარებს წულუკიანის მიმართვაში ერთ-ერთ ხელმომწერად მოხსენიებული ლერი ალიმონაკი.
"განსაკუთრებული წუხილი ამ ფაქტის გამო ბატონმა ლერი ალიმონაკმა გამოთქვა, როგორც ერთ-ერთმა ვითომ ხელისმომწერმა ამ მიმართვაზე. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ წავიკითხე წერილი", - ამბობს საღარაძე.
კიდევ ერთი მწერალი, რომელიც ამბობს, რომ მისი ხელმოწერაც მისი ნებართვის გარეშე გაჩნდა, ტარიელ ხარხელაურია.
"ძალიან ვწუხვარ… დიდი გულისტკივილით, მაგრამ მაინც საყვედურის თქმა მომიწევს ჩემი მეგობრებისთვის, ჩემთვის მეტად ღირებულ და უაღრესად პატივსაცემი ადამიანებისთვის, რომელთა ხელმოწერებთან ერთად ჩემი ხელმოწერაც გაჩნდა გამოქვეყნებულ წერილზე…
მაგრამ განა ვინმე დაიჯერებს, რომ ტარიელ ხარხელაური, რომელმაც შვილის მკვლელის შეძულებაც ვერ შეძლო, ასეთ წერილზე ხელს მოაწერდა?!.
არა, ბატონებო!- ცდებით... ასე არ მიცხოვრია, ეს არაა ჩემი ცხოვრების წესი. ჩემთვის ზიზღისა და სიძულვილის ენა მიუღებელი იყო წარსულში, მიუღებელია ახლა, მიუღებელი იქნება მომავალში, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია,რომ მწერლის მოვალეობაა იყოს შუამავალი უფალსა და საზოგადოებას შორის, და ამ სიყვარულით ნაკლულ წუთისოფელში, ერთმანეთთან თანაცხოვრების აუცილებლობაზე სიყვარულის ენით ისაუბროს. ამ წერილში კი, ჩემდა გასკვირად, ამას ვერ ვხედავ, ღვარძლიანი ენა, როგორადაც არ უნდა სამართლიანად მოგვეჩვენოს, ვერ იქნება და არც გამოდგება საზოგადოების შემკვრელად და გამაერთიანებლად...
იქ, სადაც სიყვარული უხერხემლოა, ჩემი ადგილი არაა და არც არასოდეს იქნება. ამის უფლებას ის სიყვარული არ მაძლევს, რაც ჩემმა ხალხმა წუთისოფლის საგზლად დამიწესა", - წერს ის "ფეისბუკზე".
მწერალი გვანცა ჯობავა "ფეისბუკზე" ვანო ჩხიკვაძის სახელით წერს, რომ არც მისთვის შეუთანხმებიათ წერილის შინაარსი.
კიდევ ერთი მწერალი, რომლის ხელმოწერაც არ დასტურდება მინისტრ თეა წულუკიანისთვის გაგზავნილ წერილზე, ზაურ კალანდიაა.
„მამაჩემს, ზაურ კალანდიას, მწერალთა აკადემიის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე ხელი არ მოუწერია. მეტიც, მან წერილის ტექსტი მხოლოდ გამოქვეყნების შემდეგ წაიკითხა", - წერს „ფეისბუკის" პირად გვერდზე სალომე კალანდია.
"მწერალთა აკადემიის" წევრების სახელით, "მწერალთა სახლის" მოქმედი ხელმძღვანელებისა და მწერლების შეურაცხმყოფელი შინაარსის მიმართვა, გუშინ, 5 აგვისტოს გავრცელდა. გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ წერილიდან:
"ქალბატონო თეა! იცით თუ არა თქვენ, ვინ არიან მწერალთა სახლის ახლანდელი ბინადარნი? - სააკაშვილის ბორდი, გუგულის ბუდეში ჩასხმული ყვავის წიწილები... რა დრო დადგა ისეთი, ქალბატონო თეა, რომ მწერალთა ისტორიულ (სარაჯიშვილისეულ) სახლში შეჭრილი მედროვე-მოროდიორები ვერ გავიყვანეთ?! ახლა აქ ტიციანის, გალაკტიონის, გამსახურდიას, პაოლო იაშვილის, ლეონიძის, დუმბაძის და სხვა გენიალურ მწერალთა და მწიგნობართა ბრწყინვალე ტაძარში, ეს ქაჯები „ბაირამობენ“... ვინ განდევნეს ამ სააკაშვილის შემოყვანილმა ახალმა მასონურ-იეღოვურმა ლენინელმა პროლეტკულტელებმა?.. ლიბერასტების ეს კასტა და „კლასტერი“ კი მერე მოჰყვა სააკაშვილის ხროვას და მოიტანა ის ლენინურ-ბოლშევიკური (ლიბერასტური) ზნენი და თვისებანი, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირნენ პატრიოტი, უნიჭიერესი ქართველი მწერლები.
ქალბატონო თეა, მაჩაბლის 13 ნომერი ჩვენთვის არის წართმეული და კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. ეს სახლი არ არის, მაგალითად, „სიპის“ კუთვნილება... ამავე დროს, მწერალთა სახლში შეყვანილი „ხლისტები“, თქვენივე დაფინანსებული კონკურსის ჟიურიში ერთი წევრის შეყვანის ნებასაც კი არ გაძლევენ, უტიფარ განგაშს ტეხენ!.."
მიმართვის ბოლოს მითითებული იყო, რომ ეს ტექსტი მწერალთა ეროვნული აკადემიის სახელით ვრცელდებოდა და ჩამოთვლილი იყო მწერლების სახელები: კობა არაბული, ლერი ალიმონაკი, ვახტანგ ხარჩილავა, გური ოტობაია, ჯუბა ღებელი, ტარიელ ხარხელაური, თემურ შავლაძე, ელიზბარ ჯაველიძე, ზურაბ თორია, ვანო ჩხიკვაძე, ავთანდილ არაბული, ელდინო საღარაძე, ირაკლი ვაშაყმაძე, გურამ პეტრიაშვილი, ზაურ კალანდია, და ა. შ.
რადიო თავისუფლებას სურდა "მწერალთა აკადემიის" ერთ-ერთ დამფუძნებელთან, კობა არაბულთან დაკავშირება, მაგრამ მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
განახლებადი