Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-მა გამოძიება დაიწყო სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საქმეზე


განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, ვკითხულობთ, რომ უკანასკნელ პერიოდში გახშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტები, რაც ცალსახად წარმოადგენს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტს.

განცხადების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება. „ამჟამად საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გამოვლენის, სამართლებრივი რეაგირებისა და შემდგომში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გახმაურების პრევენციის მიზნით“, - აცხადებს სუსი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებას გულისხმობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია.

საქმე, სავარაუდოდ, დაკავშირებულია, „ქართული ოცნების" ყოფილ წევრთან, ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის" თავმჯდომარე გიორგი ყუფარაძესთან. „სუსი შემოვიდა ჩვენს ოფისში", - დაწერა მან „ფეისბუკის" პირად გვერდზე.

რადიო თავისუფლება ცდილობს გიორგი ყუფარაძესთან დაკავშირებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ საქმე გრიფით საიდუმლოა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG