Accessibility links

site logo site logo

„ევროპულ საქართველოს“, „დროას“ და „გირჩი-მეტ თავისუფლებას“ თბილისში საერთო მაჟორიტარი კანდიდატები ეყოლებათ


სამი ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში საერთო მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებაზე შეთანხმდა. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა აღნიშნული პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ, „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ხელმძღვანელმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ კოალიციური შეთავაზების ფარგლებში თბილისში, მაჟორიტარულ ნაწილში შეთანხმებულ კანდიდატებს დაასახელებენ, რომელთაც მხარს დაუჭერს ასევე „ნაციონალური მოძრაობაც“. ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ თბილისის მაჟორიტარობის შეთანხმებულ კანდიდატებს აღნიშნული პარტიები 15 აგვისტოს წარადგენენ.

„კვირას მაჟორიტარულ კანდიდატებს გაგაცნობთ და მე იმედი მაქვს, სწორედ ისე, როგორც აქ მოხდა კრიტიკულ ნაწილს შორის ოპოზიციის შეჯერება ამ საკითხებზე, ასევე მოხდება შეჯერება სხვადასხვა კონფიგურაციით რეგიონებში და ეს მოხდება რამდენიმე დღეში და არა კვირეების შემდეგ. ჩვენ უკვე დავაგვიანეთ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე კიდე უფრო გვიან ან არასდროს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე.

რადიო თავისუფლებას "ნაციონალურ მოძრაობაში" დაუდასტურეს, რომ პარტიას დედაქალაქში საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატები არ ეყოლება და მხარს აღნიშნული სამი ოპოზიციური პარტიის მიერ შეთანხმებულ კანდიდატებს დაუჭერს.

ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია, ხოლო დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია 23 ივლისს დაასახელა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG