Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუნიციპალიტეტებში მერის ანაზღაურება 2,600 ლარიდან 4,500 ლარამდე მერყეობს - IDFI


ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ქალაქის მერებისთვის ხელფასების ზრდის შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაცია მიმოიხილავს საკანონმდებლო ჩარჩოს და არსებულ რეალობას, რომლის მიხედვითაც, მერების ანაზღაურება სხვადასხვა ქალაქში 2 600 ლარიდან 4 500 ლარამდე მერყეობს.

მოქმედი კანონმდებლობა მერებს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი წარდგინებით და საკრებულოს თანხმობით, ხელფასი განისაზღვრონ მაქსიმუმ 6 ათას ლარით. ეს შესაძლებლობა დღეის მდგომარეობით არცერთი მუნიციპალიტეტის მერის მიერ არ არის გამოყენებული და ყველა მოქმედი მერი მაქსიმალურ თანხაზე ნაკლებს იღებს ყოველთვიური სარგოს სახით.

დღეის მდგომარეობით, მერების ყოველთვიურ სარგოებს შორის არსებული განსხვავება არ არის დამოკიდებული მუნიციპალიტეტის სიდიდეზე. მაგალითად, ყველაზე მაღალი შრომის ანაზღაურება (4,500) ლარი განსაზღვრულია ბათუმის, რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერებისთვის. სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მაღალი ანაზღაურებით გამოირჩევიან მესტიის მერი (4,200 ლარი), მარნეულის მერი (4,100 ლარი), ბოლნისის მერი (3,950 ლარი), ბორჯომის მერი (3,750 ლარი) და თეთრიწყაროს მერი (3,600 ლარი). დანარჩენი მუნიციპალიტეტების მერების ყოველთვიური სარგო 3,500 ლარზე ნაკლებია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების ზრდის აუცილებლობაზე 2021 წლის 9 აგვისტოს ისაუბრა, მთავრიბის სხდომაზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება ვერ უწევს კონკურენციას კერძო სექტორს. შესაბამისად, 2022 წლიდან სახელმწიფო სექტორში ხელფასების ზრდა იგეგმება.

IDFI მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერ-მინისტრის მხრიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული დაპირებები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც საარჩევნო პროცესზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დაპირება მერების ხელფასების გაორმაგებასთან დაკავშირებით, იმ პირობებში როდესაც კანონმდებლობა არ უზღუდავს მათ დამოუკიდებლად მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება, ცალსახად მიანიშნებს თვითმმართველობებში დეცენტრალიზაციის არსებულ პრობლემებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG