Accessibility links

site logo site logo

ბიბილოვის თვითნებობა - ქორეოგრაფებისთვის წოდებების ჩამორთმევას ცხინვალში დისკუსია მოჰყვა


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 10 აგვისტოს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც „სამხრეთ ოსეთის დამსახურებული არტისტის“, „სამხრეთ ოსეთის სახალხო არტისტის“ და „სამხრეთ ოსეთის დამსახურებული კულტურის მოღვაწის“ წოდებები დაკარგეს ე.წ. სახელმწიფო ანსამბლ „სიმდის“ მთავარმა ქორეოგრაფმა ტამერლან მურაცევმა და ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა როდიონ გულაროვმა.

ძალადაკარგულად ჩაითვალოს: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2010 წლის 13 მაისის ბრძანებულება N83, იმ ნაწილში, რომელიც ეხება „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწის“ საპატიო წოდების მინიჭებას ტამერლან მურაცევისთვის. ასევე ძალადაკარგულად ითვლება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2014 წლის 7 მაისის ბრძანებულება N106, იმ ნაწილში, რომელიც ეხება „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტის" საპატიო წოდების მინიჭებას თამერლან მურაცევისთვის და ასევე როდიონ გულაროვისთვის "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის" საპატიო წოდების მინიჭებას", - ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.

როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოსურ სააგენტო „რესს“ განუმარტეს, ანსამბლის ლიდერებმა დაკარგეს წოდება სახელმწიფო ანსამბლ „სიმდის“ გასტროლის ჩაშლის გამო. როდიონ გულაროვი ანსამბლ „სიმდს“ 2019 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობდა.

ბიბილოვი კანონს და კონსტიტუციას გადაახტა, ასეთია სოციალურ ქსელებში იმ კომენტატორების მოსაზრებები, რომლებიც დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებენ. დისკუსია ამ დრომდე გრძელდება.

ანსამბლი "სიმდი"
ანსამბლი "სიმდი"

რას ამბობენ ცხინვალში ჩაშლილი გასტროლის შესახებ

თვე-ნახევრის წინ ანსამბლის წევრებს გაუჩნდათ იდეა, წასულიყვნენ დე ფაქტო აფხაზეთში გასტროლებზე და პარალელურად ზღვისპირეთშიც დაესვენათ. იქაურ კოლეგებთან სიტყვიერი შეთანხმებაც მოხდა, მაგრამ გამგზავრებამდე ანსამბლში ვითარება დაიძაბა. „სიმდის“ დირექტორ ქრისტინა გაგლოევასა და ერთ-ერთ მოცეკვავე ალანა ბიაზროვას შორის ჩხუბი მოხდა. კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, რომ მის გადაჭრაში თავად ბიბილოვი ჩაერია და ამის შემდეგ მათ სასჯელად გასტროლზე წასვლა აუკრძალა, თუმცა ამ ისტორიაში ქორეოგრაფები საერთოდ არაფერ შუაში იყვნენ.

რამდენიმე დღის წინ ცხინვალში ვიზიტით იმყოფებოდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელმაც, ცხინვალელი წყაროების ცნობით, „სიმდის“ ჩაშლილი ვიზიტიც ახსენა და აღნიშნა, რომ ეს კარგად არ გამოვიდა, რადგან სოხუმში კონცერტები უკვე დანიშნული იყო.

ამის შემდეგ, წყაროების ცნობით, ბიბილოვი განრისხდა და მისი რეაქცია იყო სასტიკი. მან დასაჯა ის ადამიანები, ვისაც ამ საქმესთან ყველაზე ნაკლები შეხება ჰქონდა. ასეც რომ ყოფილიყო, ეს არ უნდა გამხდარიყო მიზეზი ქორეოგრაფებისთვის წოდებების ჩამორთმევისა, თან მათ ეს წოდებები წინა დე ფაქტო პრეზიდენტებმა ედუარდ კოკოითიმ და ლეონიდ თიბილოვმა მიანიჭეს.

ცხინვალში ამ ინციდენტზე ბევრს საუბრობენ და მოქალაქეებს უჩნდებათ უსამართლობის განცდა. ყველამ იცის ამ პატარა ქალაქში, რომ თავად ბიბილოვმა არ გაუშვა ანსამბლი გასტროლზე.

ადგილობრივი იურისტების ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტმა კანონი დაარღვია, როცა საპატიო ჯილდოები საკუთარი ბრძანებით ჩამოართვა. საპატიო წოდება არის სახელმწიფო ჯილდო. მისი ჩამორთმევის მხოლოდ ორი გზა არსებობს. პირველი არის დაჯილდოების შესახებ ბრძანებულების გაუქმება, თუკი ჯილდოზე წარდგენის დოკუმენტებში აღმოჩნდა არაზუსტი ინფორმაცია. ამ შემთხვევაში, ცრუ ინფორმაცია უნდა გამჟღავნდეს და გამოქვეყნდეს. ამის გარდა, მხოლოდ სასამართლოს შეუძლია ჩამოართვას საპატიო წოდება და სხვა სახელმწიფო ჯილდოები.

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 45-ე მუხლით („სასჯელის ძირითადი და დამატებითი სახეობები“). ამ მუხლის თანახმად, „სპეციალური, სამხედრო ან საპატიო წოდების ჩამორთმევა, გამოიყენება მხოლოდ როგორც დამატებითი სახის სასჯელი“.

კონკრეტულად რისთვის შეიძლება ჩამოერთვათ წოდება, ნათქვამია 48-ე მუხლში („სპეციალური, სამხედრო ან საპატიო წოდების ჩამორთმევა, რანგის წოდება და სახელმწიფო ჯილდოები“): რომ მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის შეიძლება ეს მოხდეს. ესე იგი, სასამართლოსაც კი არ შეეძლო ტამერლან მურაცევისა და როდიონ გულაროვისთვის საპატიო წოდებების ჩამორთმევა, თუ არ იკვეთება მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნები.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო გვეუბნება, რომ ანატოლი ბიბილოვი თვითნებობს და კანონს ყურადღებას საერთოდ აღარ აქცევს.

„ცხინვალში ამ ინციდენტზე ბევრს საუბრობენ და მოქალაქეებს უჩნდებათ უსამართლობის განცდა. ყველამ იცის ამ პატარა ქალაქში, რომ თავად ბიბილოვმა არ გაუშვა ანსამბლი გასტროლზე და ბჟანიას შენიშვნის შემდეგ ის ქორეოგრაფები დასაჯა, ვისაც საერთოდ არ ჰქონდა შეხება ამ საქმესთან. რატომ არ გადააყენა ანსამბლის დირექტორი ქრისტინა გაგლოევა, რომელიც მისი კადრია? სწორედ გაგლოევამ აურია ამ ანსამბლში ვითარება, მოცეკვავეებთან კონფლიქტი აქვს, ჰოდა ბიბილოვმა აბა ჩემებს ხომ არ დავსჯიო და სხვებზე გადატეხა ჯოხი. სირცხვილია, ასე მოექცე ადამიანებს, მას არ მიუნიჭებია ეს ჯილდოები, თუ ასე უნდოდა, მიემართა კანონისთვის და სასამართლოსთვის, მაგრამ ვერც სასამართლო გაამტყუნებდა ამ ხალხს, ამიტომ ასე მოიქცა. „სიმდის“ გარშემო უამრავჯერ აგორდა სკანდალი და არც ეს იქნება ალბათ ბოლო. ბიბილოვის განსაკუთრებულ განწყობებზე ამ ანსამბლის მიმართ უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება და ალბათ ოდესმე ყველაფერს ნათელი მოეფინება, თუმცა ახლა რომ ის უსამართლოდ მოექცა ქორეოგრაფებს, ეს მთელმა ცხინვალმა შესანიშნავად იცის“.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, დაახლოებით ორი წლის წინ დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოულოდნელად დაინტერესდა ხელოვნებით და პირად კონტროლზე აიყვანა ანსამბლი „სიმდი“. ანსამბლში ახალი სოლისტების და ქორეოგრაფების დანიშვნა პირდაპირ მასთან თანხმდებოდა. ბიბილოვი ძალიან დიდ დროს და ყურადღებას უთმობდა ანსამბლს, რაც საერთოდ არ იყო მისი ფუნქცია. ამიტომ ანსამბლის სოლისტების და ბიბილოვის ურთიერთობის შესახებ ცხინვალში ჭორები სწრაფად ვრცელდებოდა. ამჟამად კი ცხინვალის სამოქალაქო სექტორი ამ ამბავს აღიქვამს, როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის თვითნებობას, უკონტროლო ემოციებს და ადამიანების მიმართ უსამართლო მოქცევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG