Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს


პარტიის "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარ თავს აყენებს.

"ეს ქალაქი არის ჩვენი მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებისთვის და მათი კერძო ინტერესებისთვის. ეს ქალაქი არ არის ბავშვებისთვის, რომელთა სკოლის გვერდზე არის ბენზინგასამართი სადგურები. ეს ქალაქი არ არის დედებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ტროტუარები, რომ ბავშვები გაასეირნონ. ეს ქალაქი არ არის მშობლებისთვის, რომელთაც არ აქვთ პარკები, სადაც მანქანის გარეშე გაიყვანენ ბავშვებს, ეს ქალაქი არ არის ასაკოვანი ხალხისთვის, სადაც არც ერთი სივრცე არ არსებობს, სადაც პენსიონერი ადამიანი თავისი თავის რეალიზებას მოახდენს, იპოვის კოლეგებს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, ეს ქალაქი არ არის ოჯახებისთვის, რომლებიც პირველ რიგში ეძებენ ეზოებს", - თქვა დოლიძემ დღეს გამართულ წარდგენაზე.

ანა დოლიძე მონაწილეობდა 2020 წლის ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებშიც - მაშინ ის დიდუბეში იყო მაჟორიტარი კანდიდატი. ამ ოლქში მმართველი პარტიიდან გია ვოლსკი იყრიდა კენჭს, ოპოზიციიდან - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება. ამ არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" მოქმედი მერი, კახა კალაძეა, 4 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებისა - ნიკა მელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG