Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უნდა ვიფიქროთ, ჩვენს ქვეყანაზეც არ ჩაიქნიოს ხელი ამერიკამ“ - ინტერვიუ აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილთან


ქაბულის აეროპორტში ისვრიან. ხალხი ავღანეთის დატოვებას ცდილობს. თალიბებმა უკვე დაიკავეს პრეზიდენტის სასახლე და თავიანთი წესრიგის დამყარება დაიწყეს - ისინი ამბობენ, რომ „ავღანეთშო ომი დასრულდა“, თუმცა ჯერ არავინ იცის, როგორი იქნება მათი „მშვიდობა“, რა ელის ავღანეთს და დანარჩენ მსოფლიოს ავღანეთიდან აშშ-ის წასვლის შემდეგ ან როგორ აისახება ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები რეგიონზე. ავღანეთში მიმდინარე ამბების შეფასება რადიო თავისუფლებამ სთხოვა რონდელის ფონდის მკვლევარს, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილს.

რადიო თავისუფლება: ბატონო, ზურაბ, რა მოხდა ავღანეთში, რა სახელი შეიძლება ეწოდოს დღეს ქაბულში მიმდინარე მოვლენებს?

ზურაბ ბატიაშვილი: ამერიკული მხარდაჭერის გარეშე ავღანეთის მთავრობა ჩამოიშალა. და ალბათ, ეს უნდა იყოს მაგალითი ყველა სხვა ქვეყნისთვისაც, რომ შეიძლება სხვები დაგეხმარონ, მაგრამ თუ თავად არ იბრძოლე გადარჩენისთვის, საბოლოო ჯამში, მუდმივად ვერავინ დაგეხმარება. ეს რესურსიც შეიძლება ამოიწუროს. დახარჯული ასეულობით მილიარდი დოლარი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ავღანეთი ფეხზე დაეყენებინათ და ამერიკელებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. და ეს არ ყოფილა ახალი გადაწყვეტილება. უბრალოდ, იმაზე მალე ჩამოიშალა ავღანეთის მთავრობა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

რადიო თავისუფლება: ანუ ამერიკა მეტს ელოდა მათგან და როგორც დღეს აცხადებენ, იმედი ჰქონდა, რომ ასე მოკლე დროში არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა?

ზურაბ ბატიაშვილი: რა თქმა უნდა. იგივე ავღანეთის არმია, ქაღალდზე მაინც, 300 000 ჯარისკაცისგან შედგებოდა - მოწინააღმდეგე 85 000-ის წინააღმდეგ. არ ელოდნენ ასე სწრაფად მოვლენების განვითარებას. სამწუხაროდ, ეს მოხდა.

რადიო თავისუფლება: და რაც ნიშნავს რას?

ზურაბ ბატიაშვილი: იმას, რომ რეგიონში გაძლიერდება რადიკალური იდეოლოგია. შეიზღუდება ადამიანის უფლებები. განსაკუთრებით ეს აისახება ქალთა უფლებებზე და ამის ნიშნები უკვე არის, დავინახეთ, რომ ქალებისთვის სპეციალური სამოსი სავალდებულო უკვე არის. ითქვა, რომ თითქოს გოგონებს მისცემენ უფლებას მიიღონ ექვსი კლასის განათლება, მაგრამ რეალურად როგორ იქნება, ეს არავინ იცის და ჯერ ეს საკითხიც ღიაა, რადგან თალიბანის წინა მმართველობის დროს, მხოლოდ ვაჟებს ეძლეოდათ ამის უფლება. ქალებისთვის სწავლა აკრძალული იყო. ასეთი შევიწროებების გამო კიდევ უფრო მეტი ავღანელი წავა ლტოლვილად და ვხედავთ კიდეც, რომ ათეულათასობით ადამიანი უკვე დაიძრა თურქეთისა და ირანისკენ. მათი საბოლოო მიზანია, რომ როგორმე ევროპამდე მიაღწიონ... სამწუხაროდ, უნდა ველოდოთ ახალ ლტოლვილთა ნაკადებს და ნარკოტრეფიკის გაზრდასაც იმიტომ, რომ ავღანეთი, ნარკოტრეფიკის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ცხელი წერტილია, სადაც ნარკოტიკებს აწარმოებენ და შემდეგ უცხოეთში გააქვთ.

რადიო თავოსუფლება: შეიძლება, რომ ეს საქართველოსთვისაც იქცეს საფრთხედ?

ზურაბ ბატიაშვილი: ცხადია, რადგან არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. და საფრთხე რომ რეალურია, ეს სირიის შემთხვევამაც აჩვენა, იდეოლოგის შემოდინებას ვგულისხმობ, ჩატაევთან დაკავშირებულ გართულებებს და ა.შ. მით უმეტეს, რომ არცთუ ისე შორსაა საქართველოდან ავღანეთი.

რადიო თავისუფლება: ის, რაც მოხდა ავღანეთში, „ამერიკის ფიასკოდაც“ შეფასდა, ითქვა, რომ ამერიკამ მიატოვა ავღანეთი.

ზურაბ ბატიაშვილი: მე ამას არ დავარქმევდი ღალატს და მიტოვებას. 20 წელი ჰქონდათ ავღანელებს, რომ თავიანთი სახელმწიფო აეშენებინათ. სამწუხაროდ, მათი ხელისუფლება ჩართული აღმოჩნდა კორუფციაში. საკუთარი ბიზნესის კეთებაში. მათ ვერც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა შექმნეს, რაც ხალხში იწვევდა უარყოფით დამოკიდებულებას და, გარკვეული მხარდაჭერაც კი გაჩნდა თალიბანის მიმართ. ეს მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, თალიბანი ვერ შეძლებდა ავღანეთის ხელისუფლების დამარცხებას. ასე რომ, ამ საკითხში ავღანეთის ხელისუფლების დანაშაული უფროა, ვიდრე ამერიკის. ამერიკულმა მხარემ, ჩემი აზრით, ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, უბრალოდ, სადღაც მათი მოთმინება და რესურსებიც ამოიწურა. სადამდე შეიძლება, ერთმა ქვეყანამ შეინახოს მეორე ქვეყანა? მთავარია ახლა რა იქნება. დღეს ვნახეთ, რომ სროლა იყო ქაბულის აეროპორტში. ჯერ ქაოსია და არ ვიცით, როგორი იქნება მშვიდობა. თუ ამ მშვიდობაში ისინი აპირებენ შარიათის კანონების შემოღებას, ამას კარგი არაფერი მოჰყვება ავღანელი ხალხისთვის.

რადიო თავისუფლება: ცალკე საკითხია რუსეთის და ჩინეთის პოზიცია - რა სტრატეგიას აირჩევენ ისინი და ეს როგორ იმოქმედებს დანარჩენ ქვეყნებზე, მათ შორის, ჩვენზეც, მთლიანად რეგიონზე. თქვენი პროგნოზი როგორია?

ზურაბ ბატიაშვილი: ძნელია ახლა ითქვას, როგორი იქნება რუსეთის ან ჩინეთის დამოკიდებულება თალიბანის მიმართ. ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს მოიმადლიეროს თალიბანი, მოლაპარაკებებს აგრძელებს მასთან და არც საელჩოს ხურავს. მეორე მხრივ, პაკისტანს ახლო ურთიერთობა აქვს და ხშირ შემთხვევაში, თალიბანის სპონსორი იყო სწორედ პაკისტანი და მისი გავლენაც დიდი იქნება ავღანეთზე. ვნახოთ, როგორი იქნება ჩინეთის გავლენა, რადგან ჩინეთი დიდი ძალაა და მეზობელი ქვეყანაა. რაც შეეხება ირანს, მას არც ისე კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, რადგან თალიბანი, პირველი მმართველობის დროს, ხშირად ავიწროებდა შიიტურ უმცირესობას, ეს კი ირანისთვის პირდაპირი გამოწვევაა. ვნახოთ, ახლა რა მოხდება, რადგან ირანსაც სამ მილიონზე მეტი ავღანელი ლტოლვილი ჰყავს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე და ამ ეკონომიკური პრობლემების დროს, როცა უმძიმესი სანქციების ქვეშ უწევს ირანს ყოფნა, საკუთარი თავის შენახვა უჭირს, არათუ სამი მილიონი ავღანელი ლტოლვილის, რომელთა რაოდენობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს. მოკლედ, ბევრი რამ არის იმაზე დამოკიდებული, თავად თალიბანი როგორ მოიქცევა.

რადიო თავისუფლება: თავისთავად თალიბანის მმართველობა რას მოიტანს, როგორ ფიქრობთ?

ზურაბ ბატიაშვილი: ეს კარგს არაფერს მოუტანს არც ავღანეთს, არც მეზობელ ქვეყნებს, იქნება მუდმივი პრობლემები. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 20 წლის წინანდელ ავღანეთთან შედარებით, დღევანდელი ავღანეთის სიტუაცია, თუნდაც დემოგრაფიული თვალსაზრისით, შეცვლილია. მოსახლეობა გაორმაგებულია - დღეს იქ 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ამდენი ადამიანის რჩენა, მათი ეკონომიკური მდგომარეობა და ა.შ., მუდმივად ლტოლვილთა ახალი ნაკადების გენერატორად შეიძლება იქცეს. ამას, შესაძლოა, მოჰყვეს რთული პროცესები მოშორებით მდებარე ქვეყნებშიც. სირიის მოვლენებმაც დაანახვა დასავლეთს, რომ არცთუ ისე შორეულია ახლო აღმოსავლეთში არსებული პრობლემები. მათი პირველი დანიშნულება, ცხადია, საქართველო არ იქნება, მაგრამ საქართველოც შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი მიმართულება, რადგან აქ ავღანეთთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა.

რადიო თავისუფლება: საქართველოსთან მიმართებით ასეთი კითხვაც ისმის, ხომ არ მიატოვებს აშშ საქართველოსაც, ხომ არ დარჩება ის რეგიონში მარტო?

ზურაბ ბატიაშვილი: ამის ნიშნები ახლა არ არის, მაგრამ ამაზეც უნდა ვიფიქროთ ქვეყანამ, რადგან ჩვენც ვიღებთ დიდი რაოდენობით ამერიკულ დახმარებას, სიტყვიერად ვაცხადებთ, რომ ვართ პროდასავლური ქვეყანა, მაგრამ რეალურად, ჯერ არ გვაქვს სასამართლო დამოუკიდებლობა, მედიაზე არის ზეწოლა, დემოკრატიის ხარისხი დაბალია, არის არაფორმალური მმართველობა... ჩვენც უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენზეც, როგორც ქვეყანაზე, არ ჩაიქნიოს ამერიკამ ხელი.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG