Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველების მოლოდინი ავღანეთში და სახიფათო გზა აეროპორტამდე


ისევ ავღანეთში რჩება საქართველოს 16 მოქალაქე - კერძო კონტრაქტორები, რომლებმაც, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, ჯერ ვერ მიაღწიეს ქაბულის აეროპორტამდე.

ისინი საევაკუაციო დახმარებას მეოთხე დღეა უშედეგოდ ელოდებიან. „საერთოდ არაფერი შეცვლილა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას 19 აგვისტოს ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათი ევაკუაციისთვის პირველივე უსაფრთხო შესაძლებლობა იქნება გამოყენებული.

ამასობაში ვითარება სულ უფრო რთულდება ქაბულში.

გზას, რომელმაც ქაბულთან ახლოს მდებარე ბაზაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები ჰამიდ კარზაის აეროპორტამდე უნდა მიიყვანოს, შეიარაღებული თალიბები აკონტროლებენ. არაერთი წყარო ავრცელებს ცნობებს თალიბი მებრძოლების მხრიდან გამოვლენილ ძალადობასა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტებზე.

გზა აეროპორტამდე

ბაზა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების ჯგუფი იმყოფება, სხვადასხვა წყაროს ცნობით, აეროპორტიდან 10-15 კილომეტრით არის დაშორებული. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ამ მანძილის დასაფარად საჭირო დროს მშვიდობიანი ქალაქების პარამეტრებით ვერავინ გამოთვლის.

ჯგუფში ვარაუდობენ, რომ აეროპორტამდე მისასვლელად 50 წუთი იქნება საჭირო. თუკი, მთელი რიგი ბარიერების მიუხედავად, გადაადგილება საერთოდ მოხერხდება.

ადგილობრივებისა და თვითმხილველების ცნობით:

  • ქუჩებში განლაგებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, თალიბები საათობით ჩხრეკენ ავტომობილებს - იარაღს ეძებენ;
  • თალიბები განსაკუთრებით ინტერესდებიან მობილური ტელეფონებით - იმის გასარკვევად, ჰქონდათ თუ არა მათ მფლობელებს კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე;
  • აეროპორტისკენ გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ ავღანელებს და თალიბები მათ პასპორტებსა და საზღვარგარეთ გასამგზავრებლად საჭირო საბუთებსაც უხევენ;
  • გავრცელებულ ვიდეომასალებში კარგად ჩანს, რომ ქალაქში ჩახერგილი ავტომობილების გრძელი რიგები მხოლოდ ნელი სვლით თუ ახერხებენ გადაადგილებას.

სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალის მიხედვით, ქაბულის აეროპორტამდე მხოლოდ ერთი ცენტრალური გზა მიდის, რომელსაც ამ ეტაპზე მთლიანად თალიბი მებრძოლები აკონტროლებენ და ხალხზე ძალადობენ კიდეც.

ამ გზას ძალიან სახიფათოსა და არაპროგნოზირებადს უწოდებს CNN-ის კორესპონდენტი. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ ცდილობს თალიბანის ორი მებრძოლი გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ცეცხლსასროლი იარაღის კონდახებით.

ვიდეომასალაში არაერთხელ მეორდება იარაღის სროლის ხმაც და ჩანს, რომ თალიბები იარაღით დასდევენ ადგილობრივებსაც, რომელთა უმეტესობასაც ავღანეთის დატოვება სურს, მაგრამ ვერ ახერხებს.

აეროპორტისკენ მიმავალ გზას სახიფათოს უწოდებს „ნიუ-იორკ თაიმსიც“. უცხოეთის მედიასაშუალებების მიერ ბოლო დღეებში აღწერილია ავღანელების მიმართ გამოხატული აგრესიის, ძალადობისა და სროლით დაშინების არაერთი ფაქტი.

თალიბები ბლოკ-პოსტზე, ქაბული
თალიბები ბლოკ-პოსტზე, ქაბული

ლაპარაკია უკონტროლო ჯგუფების თარეშზეც - რომლებიც ქუჩაში ხოცავენ ადამიანებს და ავტომობილებს იტაცებენ.

ავღანეთიდან გავრცელებული ვიდეომასალები ასახავს თალიბების ძალადობრივი მოქმედებების არაერთ ეპიზოდს. წყარო განმარტავს, რომ მათი ქცევა სასტიკი ხდება, თუკი ირგვლივ მედიის წარმომადგენლებს ვერ ხედავენ.

ავღანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტამდე მისასვლელი მთავარი გზის გავლა, დიდი ალბათობით, აუცილებლად მოუწევთ.

ამერიკელები ამჟამად მხოლოდ აეროპორტს აკონტროლებენ და, შეზღუდული რესურსის გამო, უსაფრთხო გადაადგილებაში დახმარებას ვერავის ჰპირდებიან.

საქართველოს ხელისუფლების თავდაპირველი მოლოდინი თურქ სამხედროებს უკავშირდებოდა. თუმცა ამ დრომდე ვერც ეს მოხერხდა.

18 აგვისტოს, უნგრეთის სახელმწიფოს დახმარებით, საქართველოში დაბრუნდა ავღანეთში კერძო კონტრაქტით დასაქმებული კიდევ 6 პირი. ქვეყნიდან მათი გამოყვანა იმ მიზეზით გაადვილდა, რომ ისინი უშუალოდ ქაბულის აეროპორტში იმყოფებოდნენ.

როგორც ნატოს მისიაში ნამსახურებმა ქართველმა სამხედრომ უთხრა რადიო თავისუფლებას, თალიბებთან კარგი კავშირების გამო, გადაადგილების ყველაზე კარგი შესაძლებლობები მართლაც თურქ სამხედროებს აქვთ; მაგრამ ეს შესაძლებლობებიც შეზღუდულია და შექმნილ სიტუაციაში, შესაძლოა, უსაფრთხოების გარანტია ვერც დაჯავშნული ავტომობილები იყოს.

მეორე სამხედროს აზრით კი, შესაძლოა, რაც დრო გადის, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდეს; რადგან არავინ იცის, როგორ იმოქმედებენ „ისედაც არაპროგნოზირებადი თალიბები“ მას შემდეგ, რაც ისინი პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებენ.

თალიბები აეროპორტშიც

სხვადასხვა წყაროს ცნობთ, შეიარაღებული თალიბების ხელშია ქაბულის აეროპორტის ოთხიდან ორი შესასვლელი და მათ შორის - მთავარი შესასვლელიც.

  • იმისათვის, რომ ავღანეთიდან გამოფრენა შეძლო, აუცილებლად აეროპორტის სამხედრო ზონაში უნდა მოხვდე, რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ სამხედრო ხომალდების ფრენაა დაშვებული. სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენა თალიბებმა 17 აგვისტოს აკრძალეს.
  • ხოლო იმისათვის, რომ ამერიკელების მიერ დაცულ ტერიტორიამდე, აეროპორტის სამხედრო ზონამდე მიაღწიო, ჯერ მთავარი გზა უნდა გაიარო და შემდეგ, აეროპორტს პრაქტიკულად მეორე მხრიდან უნდა შემოუარო.

სწორედ ამ მარშრუტით მოხვდა საქართველოს ორი მოქალაქე აეროპორტის სამხედრო ნაწილთან ახლოს მდებარე ნატოს ბაზაზე. ზაურ ჯაყელიძე გვეუბნება, რომ ეს მათ მანამდე მოასწრეს, ვიდრე თალიბები ქაბულს აიღებდნენ და პოზიციებს დაიკავებდნენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ჯაყელიძემ და მასთან ერთად მყოფმა კიდევ ერთმა ქართველმა ავღანეთი უკვე დატოვეს. მათზე თავიდან ბოლომდე დამსაქმებლებმა ბრიტანელმა სამშენებლო კომპანიამ იზრუნა. გერმანელების დახმარებით, ისინი ამჟამად გერმანიაში იმყოფებიან და, სავარაუდოდ, 20 აგვისტოს დაბრუნდებიან საქართველოში.

„ნიუ-იორკ თაიმსი“ იტყობინება, რომ თალიბები ისვრიან აეროპორტის შესასვლელებთანაც და სცემენ ადამიანებს, რომლებიც აეროპორტში შეღწევას ცდილობენ. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავღანელების მიმართ ძალადობრივ მოპყრობას ინტერნეტში გავრცელებული არაერთი ვიდეო ადასტურებს.

ჩანს აგრესია და იარაღით დევნა.

აეროპორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც თალიბებმა ქაბული აიღეს. მიზეზებს შორის სახელდება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებიც.

გავრცელებული ცნობით, კიდევ რამდენიმე ავღანელი დაიღუპა 19 აგვისტოს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიტინგზე. ვარაუდობენ, რომ მათი ნაწილი ასევე ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG