Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთიდან საქართველოს 16 მოქალაქე ნატოს ბაზიდან გამოფრინდება


საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი საქართველოს 16 მოქალაქე ქაბულიდან დუბაიში, შემდეგ კი საქართველოში ჩამოფრინდება.

„16 ქართველი იყო დარჩენილი, ქაბულში, დღეს დილით მოხდა მათი უსაფრთხო გადაყვანა სამხედრო ბაზაზე აეროპორტში, ნატოს ბაზაზე, შესაბამისად, ეხლა მიდის პროცესი, ისინი სხდებიან თვითმფრინავში, ბრიტანელების მიერ არის უზრუნველყოფილი რეისი, დუბაის მიმართულებით, ამ წუთას მიმდინარეობს ჩასხდომა და ისინი გაფრინდებიან დუბაიში და სავარაუდოდ დღეს, დღის განმავლობაში ჩამოფრინდებიან საქართველოში“, - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

გერმანიის დახმარებით, ქაბულიდან ევაკუირებულია საქართველოს ორი მოქალაქეც, რომლებიც ბრიტანულ კომპანიაში მუშაობდნენ. მანამდე, უნგრეთის სპეცრეისით ქაბულიდან თბილისში დაბრუნდა ამერიკულ კომპანიაში დასაქმებული 6 ქართველი.

ქაბულის აეროპორტამდე მისვლა უკიდურესად გართულებულია, რადგან თალიბებს გზები ჩაკეტილი აქვთ.

სააგენტო Reuters-ი ნატოს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო ხუთ დღეში, ქაბულის აეროპორტიდან ევაკუირებულია 18 000-ზე მეტი ადამიანი.

ავღანეთიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც რადიკალურმა დაჯგუფება თალიბანმა 20 წლის წინ დაკარგული ძალაუფლება დაიბრუნა. დასავლეთის სახელმწიფოები ცდილობენ, საკუთარ მოქალაქეებთან ერთად ქაბულიდან გაიყვანონ ავღანელები, რომლებიც აშშ-თან, ნატოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდნენ, ან ავღანეთის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენ. ცნობები მათზე თალიბების შურისძიების დაწყების შესახებ, ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად ვრცელდება.

თალიბანმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისიდან დაიწყო და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარა დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება მას შემდეგ დაიბრუნა, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო, რის შემდეგაც "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა. მათ შორის იყო საქართველო, რომელმაც თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთიდან გაყვანა 2021 წლის ივნისის ბოლოს დაასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG