Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთველი ჩაატარეთ და მერე იქეიფეთ - მიმართავს პაატა იმნაძე კახელ მევენახეებს


მიმდინარე კვირის ბოლოდან კახეთში რთველი დაიწყება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ადგილობრივ მევენახეებს და ყურძნის კრეფის პროცესში ჩართულ პირებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან არსებული რეგულაციები. მათ შორის, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. გაბუნია მათ ასევე მოუწოდებს, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ.

"რთვლის პროცესში მონაწილე პირი რაც მალე მიიღებს გადაწყვეტილებას და ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვება, მით უკეთესი. ერთი დოზაც კი იცავს ადამიანს. ინფიცირების პრევენციისთვის ეს იქნება კარგი გამოსავალი", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

მოახლოებულ რთველზე ილაპარაკა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც.

"კახელებს ვთხოვ ერთს, როგორც ყოველთვის, ახლაც გამოიჩინონ სიდაბაისლე და გონიერება, გადადონ დიდი ქეიფები. მესმის, ამის გაკეთება ძნელია, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. რთველი ჩაატარეთ კარგად და მერე იქეიფეთ, იქნებ მაშინ უკეთესი მდგომარეობა იყოს".

ვაქცინაციის საკითხზე ჯანდაცვის მინისტრი, მისი მოადგილე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები კახეთში ხვდებიან პედაგოგებს, ჰოსპიტალური სექტორის და ბიზნესის წარმომადგენლებს.

გასულ 24 საათში საქართველოში, კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.

23 აგვისტოს მონაცემებით

  • სულ ჩატარებულია 979 813 აცრა
  • სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 685 448 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.0%
  • სრულად ვაქცინირებულია 294 365 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 10.3%
  • 22 აგვისტოს აიცრა 17 670 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG