Accessibility links

site logo site logo

რუსეთის მოქალაქე რეზინის ნავით მიცურდა იაპონიაში და თავშესაფარი ითხოვა


რუსეთის მოქალაქე მამაკაცმა სადავო კურილის კუნძულებიდან მცირე ზომის რეზინის ნავით ჩააღწია იაპონიაში და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

იაპონური მედიის ცნობით, 40 წლის მამაკაცმა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, 17 აგვისტოს დატოვა რუსეთის ადმინისტრირების ქვეშ მყოფი კუნძული კუნაშირი და, რამდენიმე დღის შემდეგ, იაპონიის კუნძულ ჰოკაიდომდე ჩააღწია, სადაც ის სანაპირო დაცვამ დააკავა. ცნობების თანახმად, მამაკაცმა 20 კილომეტრზე მეტი განვლო ნავით, შემდეგ კი წყალში ჩახტა და ბოლო მონაკვეთი გაცურა.

მამაკაცი საპოროს საიმიგრაციო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც გადაწყვეტენ, მიანიჭებენ მას თავშესაფარს თუ რუსეთს გადასცემენ.

რუსეთის საკონსულოს წარმომადგენლები საპოროში აცხადებენ, რომ იაპონიის ხელისუფლებას მათთვის დეტალების შესახებ არ უცნობებია.

„მიუხედავად იმისა, რომ იაპონური მედია ინციდენტის ახალ დეტალებზე წერს და პოლიციის წყაროებს ეყრდნობა, იაპონიის ოფიციალურ უწყებებს ჩვენთვის ოფიციალური ინფორმაცია არ გადმოუციათ“, - ნათქვამია საკონსულოს მიერ „ფეისბუკზე“ გაკეთებულ განცხადებაში.

რუსული მედიის ცნობით, მამაკაცი კუნაშირში სამი წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად უდმურტიის რესპუბლიკიდან და ის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობდა, რომელიც მოქალაქეებს შორეულ აღმოსავლეთში მიწას უფასოდ გადასცემს.

ქალაქ იუჟნო-კირილსკის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ მამაკაცი მტვირთავად და ტრაქტორის მძღოლად მუშაობდა. მათი ცნობით, მამაკაცს იაპონური კულტურა უყვარდა. რუსეთის პოლიციამ მის სახლში იაპონური პოსტერები აღმოაჩინა.

უცნობია, იყო თუ არა მამაკაცი პოლიტიკური ან სამოქალაქო აქტივისტი.

ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი არაერთმა პოლიტიკოსმა, აქტივისტმა, ჟურნალისტმა და უფლებადამცველმა დატოვა. ისინი კრემლის რეპრესიულ პოლიტიკას ევროპასა და აშშ-ში გაურბიან.

საბჭოთა კავშირმა კურილის კუნძულები მეორე მსოფლიოს ომის მიწურულს ჩაიგდო ხელში. იაპონია დღემდე აცხადებს, რომ კუნძულები მათ ეკუთვნის და ოფიციალურად „ჩრდილოეთ ტერიტორიებად“ მოიხსენიებს. ამ უთანხმოების გამო რუსეთსა და იაპონიას დღემდე არ მოუწერიათ ხელი სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რომელიც ომს ფორმალურად დაასრულებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG