Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელ რობოტისტ ქალთა ჯგუფი, ასევე ჟურნალისტები, მექსიკაში ჩაფრინდნენ


ავღანელ რობოტისტ გოგონათა ჯგუფი, 2017 წელი.
ავღანელ რობოტისტ გოგონათა ჯგუფი, 2017 წელი.

ავღანელ რობოტისტთა ჯგუფი, რომელშიც ხუთი ქალია, ასევე ასამდე ჟურნალისტი მექსიკაში ჩაფრინდნენ, სადაც თავი შეაფარეს შინ მოსალოდნელ გაურკვეველ ვითარებას ქაბულის მთავრობის დაცემის და თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. აეროპორტში ჩასულებს, ავღანელ რობოტისტ გოგონებს გულთბილად მიესალმა მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მარტა დელგადო.

ავღანეთში თალიბანმა ჩაიგდო ხელში ძალაუფლება მას მერე, რაც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა დაიწყეს ჯარების გაყვანა ამ ქვეყანაში თითქმის 20-წლიანი ომის შემდეგ.

თეთრი სახლი და აშშ-ის მოკავშირეები ცდილობენ, სწრაფად, თალიბანთან შეთანხმების მიხედვით, 31 აგვისტომდე, დაასრულონ უცხო ქვეყნების მოქალაქეთა და იმ ავღანელების ევაკუაცია, რომლებსაც თალიბანისგან საფრთხე ემუქრებათ.

ავღანელი რობოტისტების გუნდმა, რომელიც ქალებისა და 14 წელზე უფროსი გოგონებისგან შედგება, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დაჯილდოვდა მის მიერ შექმნილი რობოტებისთვის. მათ მარტში დაიწყეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის იაფი აპარატის წარმოება, როცა ომით განადგურებულ ქვეყანაში კორონავირუსი მძვინვარებდა.

თალიბანმა თავისი წინა მმართველობის დროს გოგონებს აუკრძალა სკოლაში სიარული, ხოლო ქალებს - სამსახურში. ახლა თალიბებმა პირობა დადეს, რომ პრიორიტეტულ ყურადღებას მიაქცევენ ქალთა უფლებებს და გოგონების განათლებას.

მექსიკამ ვალდებულება იკისრა, დახმარებოდა ავღანელ გოგონებს და ქალებს: ამის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, მერსელო ებრარდმა განაცხადა 18 აგვისტოს.

მექსიკაში უსაფრთხო ჩასვლას 24 აგვისტოს ხელი შეუწყო „ფართო საერთაშორისო ძალისხმევამ და კოორდინაციამ მოხალისეთა ჯგუფებს შორის“, რომლებიც გოგონებს დაეხმარნენ, განუცხადა სააგენტო Reuters-ს წყარომ, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა.

რობოტისტების სხვა ჯგუფი ყატარში ჩაფრინდა.

რობოტისტი ქალების ჩაფრენის შემდეგ რამდენიმე საათში, როცა ქაბულიდან ჩასულ 124 ჟურნალისტსა და ავღანეთის და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ხვდებოდა, 25 აგვისტოს დილით, მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდმა განაცხადა, რომ თავშესაფრის მიცემა მათთვის, ვინც გასაჭირშია, მექსიკის ძველი ტრადიციაა.

ავღანეთი და მექსიკა ჟურნალისტებისათვის ყველაზე სახიფათო ქვეყნებად მიიჩნევიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG