Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდის შემდეგ - გახანგრძლივებული კოვიდი - რა ვიცით მასზე?


ილია კოვიდით 8 თვის წინ დაავადდა, მალევე გამოჯანმრთელდა, თუმცა დღემდე კოვიდის შემდგომი გართულებები აწუხებს.

„კოვიდამდე საერთოდ სხვანაირი ადამიანი ვიყავი, უფრო ენერგიული, ხალისიანი და პროდუქტიული. არასდროს ვიძინებდი 9-10 საათზე ახლა, უფრო მეტად ვიღლები და შესაბამისად მალევე მეძინება. ძალიან იმოქმედა ნერვულ სისტემაზეც, ისეთ წვრილმანზე შეიძლება გავღიზიანდე, რასაც აქამდე არც მივაქცევდი ყურადღებას. წელი აქამდეც მაწუხებდა თუმცა კორონავირუსის შემდეგ, წელის ტკივილს გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვუმკლავდები. შემექმნა მახსოვრობის პრობლემა, რაც დღემდე მომყვება.“- ეუბნება ილია რადიო თავისუფლებას.

მის მსგავსად დღეს მსოფლიოში მილიონობით კოვიდგადატანილს ექმნება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა - უზიანდებათ ნერვული სისტემა, კარგავენ კონცენტრაციის უნარს, უქვეითდებათ მეხსიერება, უვითარდებათ ნევროლოგიური დაავადებები, სუნთქვის უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები და ა.შ. სამეცნიერო ჟურნალ ლანცეტში 200 სიმპტომია აღწერილი რაც კოვიდის გადატანის შემდეგ შეიძლება განვითარდეს.

ამ ყველაფერს სხვადასხვა ტერმინით აღნიშნავენ სპეციალისტები: პოსტ-კოვიდური სინდრომი (PCS), გახანგრძლივებული ე.წ „ლონგ კოვიდი“, მწვავე კოვიდის შემდგომი სინდრომი და ა.შ

“ გახანგრძლივებულია კოვიდი თუ კორონავირუსის სიმპტომების შემდეგ, პაციენტს უგრძელდება ეს სიმპტომები 1-3 თვემდე; პოსტ-კოვიდი კი არის, როცა პაციენტს სიმპტომები გაუქრა, მაგრამ რაღაც მომენტში ხელმეორედ იწყება სხვადასხვა სიმპტომების გამოვლინება. მაგრამ ძირითადად ეს ტერმინები მკვეთრად გამიჯნული მაინც არ არის და გამოიყენება ხოლმე ერთმანეთის მონაცვლეობით, კორონავირუსის შემდგომი გართულებების აღსანიშნავად“ - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ექსპერტები მსოფლიოს გარშემო ცდილობენ დაადგინონ COVID–19-ის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობაზე; გაიგონ ვის და რატომ უხანგრძლივდება დაავადება.

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ეროვნულმა სტატისტიკურმა სამსახურმა (ONS) 20 000 -ზე მეტ ადამიანზე დაკვირვების შედეგად ნახა, რომ მათ 13,7 % სიმპტომები 12 კვირის შემდეგაც ჰქონდა. ONS გახანგრძლივებულ კოვიდად მიიჩნევს სიმპტომების გამოვლინებას, რომელიც გრძელდება 4 კვირაზე მეტ ხანს.

ეროვნული სტატისტიკის ოფისმა 2021 წლის 6 მარტისთვის შეაფასა 4 კვირიანი პერიოდი, რომლის მიხედვითაც დიდ ბრიტანეთში 1,1 მილიონ ადამიანს ჰქონდა გახანგრძლივებული კოვიდი, რაც პირდაპირ გავლენას ახდენდა მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

საქართველოში გახანგრძლივებული კოვიდის ოფიციალური სტატისტიკა ან კვლევის შედეგები ჯერჯერობით არ არსებობს.

ნინოს ილიასგან განსხვავებით, კორონავირუსის დროს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, კოვიდის გადატანიდან 2 თვეში კი თრომბოზული გართულება გამოუვლინდა.

„ კორონას შემდგომი პერიოდი, ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე არ არის. ვგულისხმობ იმას, რომ სიცხე არ მაქვს, ენერგია არ დამიკარგავს, სუნებსაც აღვიქვამ. მე ვერ გრძნობ, მაგრამ აღმოჩნდა რომ დაქვეითებული მაქვს გემოს შეგრძნება, რადგან კერძების მომზადებისას ოჯახის წევრებისგან გავიგე, რომ საჭმელს ძალიან ვამლაშებ. ეს უმნიშვნელო რაც არის, ისე კი ჰემოროიდული თრომბოზული გართულება დამიტოვა ვირუსმა, რასაც ვმკურნალობ ექიმთან.

ინფექციონისტი - ალექსანდრე გოგინავა
ინფექციონისტი - ალექსანდრე გოგინავა

ე.წ გახანგრძლივებული კოვიდის სინდრომი, შეიძლება განუვითარდეს ყველა ადამიანს განურჩევლად იმისა, რა სიმძიმით გადაიტანა დაავადება. თუმცა ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვეუბნება, რომ დაავადების მძიმე მიმდინარეობისას რისკები იზრდება, რომ პაციენტს განუვითარდეს ისეთი სიმპტომები, რის გამოც დასჭირდება სტაციონარული მკურნალობა.

„ ფართომასშტაბიანი კვლევა ჩვენთან არ ჩატარებულა და ზუსტი ციფრები არ გვაქვს, მაგრამ იქიდან გამომდინარე რასაც ვხვდები სხვადასხვა კლინიკაში, სადაც შეხება მაქვს პაციენტებთან - სტატისტიკა დაახლოებით მსგავსია, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. კოვიდის შემდგომი გართულებებით დაახლოებით 30 პროცენტის რეჰოსპიტალიზაცია ხდება. ძირითადად ეს არის სასუნთქი სისტემის [დაავადებათა] გართულებები, გახანგრძლივებული პნევმონიის ჩამოყალიბება; გულ-სისხლძარღვთა პრობლემები.... ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც კორონავირუსის შემდეგ ხდება ქრონიკული დაავადებების გამწვავება, რაც საჭიროებს დამატებით გამოკვლევებს და მკურნალობის შეცვლას.“- ამბობს ალექსანდრე გოგინავა

გახანგრძლივებული კოვიდის ხშირი სიმპტომების ჩამონათვალი გამოაქვეყნა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმაც:

  • სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი
  • დაღლილობა
  • კონცენტრაციის უნარის დაკარგვა
  • ხველა
  • ტემპერატურა
  • გულმკერდის ან კუჭის ტკივილი
  • გულისცემის აჩქარება
  • კუნთების ან სახსრების ტკივილი
  • დიარეა
  • ძილის პრობლემები
  • თავბრუსხვევა დგომისას
  • გამონაყარი
  • ყნოსვის ან გემოვნების შეცვლა

ხშირად ეს სიმპტომები გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისით გადის. როგორ ინფექციონისტი გვეუბნება, ხშირია კიდურების დაბუჟების შემთხვევებიც, რაც პაციენტებს უქმნის თრომბის წარმოშობის შიშს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ სიმპტომს პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება იწვევს. ზოგჯერ შემაწუხებელ შეგრძნებებს დრო სჭირდება რომ თავისით გაიარონ, ზოგჯერ ნევროლოგის დახმარება ხდება საჭირო.

ინფექციონისტი ასახელებს იმ სიმპტომებს, რომელთა გახანგრძლივების შემთხვევაშიც, პოსტ კოვიდური პრობლემის მქონე პაციენტები ყურადღებით უნდა იყვნენ.

„ მაგალითად თუ დაბუჟებები არის მზარდი და ხანგრძლივი, ყველამ უკვე ვიცით სატურაციის შესახებ, რაც მარტივად რომ ვთქვათ, ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგების მაჩვენებელია, უნდა იქონიონ სატურაციის აპარატი და თუკი 90-ს ქვემოთ ჩამოვა მაჩვენებელი, აუცილებელი იქნება პულმონოლოგის ან თერაპევტის კონსულტაცია. ტუჩ-ცხვირის მიდამოში ციანოზური სილურჯე თუ გამოუვლინდა პაციენტს, თუ აქვს ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში, ან შემაწუხებელი ხველა და სიმპტომები მზარდია, ასევე უნდა მიმართონ ექიმს კონსულტაციისთვის.“

როგორია ვაქცინების და გახანგრძლივებული კოვიდის ურთიერთქმედება?

ამასთან დაკავშირებით, ისევე როგორც კოვიდის შემდგომ გართულებებზე არაერთი კვლევა ტარდება. ერთე-ერთი ყველაზე დიდი და გრძელვადიანი კვლევა ამ მიმართულებით ლონდონის კინგ კოლეჯმა ZOE აპლიკაციასთან თანამშრომლობით ჩაატარა- “ფარული პანდემია: გახანგრძლივებული კოვიდი”. განიხილეს ვაქცინების გავლენა Covid-19-ის სიმპტომებზე და გახანგრძლივებული Covid–ის განვითარების შანსები.

„მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ორჯერადი ვაქცინაცია ამცირებს ინფიცირების შანსს სულ მცირე 85 პროცენტით, ჩვენი ნამუშევარი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაშიც ვაქცინები 30%-მდე ამცირებენ გახანგრძლივებული კოვიდის ალბათობას„- ამბობს “კინგს კოლეჯის” ეპიდემიოლოგიისა და გენეტიკის პროფესორი ტიმ სპექტორი.

გარდა ამისა, მაისში ინგლისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომელშიც მონაწილეობდა გახანგრძლივებული კოვიდის მქონე 900 ადამიანი, 57%-მა – განაცხადა, რომ ვაქცინაციის შემდეგ დაინახა სიმპტომების საერთო გაუმჯობესება, 24% ამბობდა რომ არ შეცვლილა და 19% გაუარესდა ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ.

მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცდილობენ განაგრძონ კვლევები იმის დასადასტურებლად, რომ გარდა იმისა რომ ვაქცინა მაღალი პროცენტულობით იცავს ადამიანს გარდაცვალებისგან, ასევე ამცირებს პოსტ კოვიდურ გართულებებს.

საქართველოში, ჯერ კიდევ თებერვალში ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მედიას აცნობა, რომ მისი გუნდი პოსტკოვიდური სინდრომის დიაგნოსტიკაზე, კვლევასა და მკურნალობის პროგრამაზე იწყებდა მუშაობას. მან გეგმებზე მაშინ რადიო თავისუფლებასთანაც ისაუბრა.

თუმცა ახლა რა ეტაპზეა კვლევა, ამ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოვახერხეთ. ვიდრე საქართველოსა და მსოფლიოში პოსტ-კოვიდური გართულებების შესახებ მეტი ეცოდინებათ, პაციენტები ექიმების დახმარებით ინდივიდუალურად ცდილობენ სიმპტომებთან გამკლავებას.

საქართველოში გაჩნდა კერძო კლინიკების პოსტ-კოვიდური ცენტრებიც, რომლებიც საერთაშორისო პოსტ კოვიდის კვლევის პროტოკოლზე დაყრდნობით სიმპტომურად მკურნალობენ პაციენტს კოვიდის შემდგომ გამოწვეულ გართულებებზე.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG