Accessibility links

site logo site logo

აშშ-ში სახელმწიფო დროშები დაუშვეს


აშშ-ში სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე ეროვნული დროშები დაუშვეს ქაბულში მომხდარი ტერაქტებისას დაღუპულთა გლოვის ნიშნად. დროშები დაშვებულია სხვა ქვეყნებში აშშ-ის საელჩოების შენობებზეც.

ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, ქაბულის აეროპორტთან 26 აგვისტოს მომხდარი აფეთქებების შედეგად დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედრო. საერთო ჯამში, თავდასხმებს ემსხვერპლა სულ მცირე 90 ადამიანი.

პირველი აფეთქება მოხდა ქაბულის აეროპორტის ერთ-ერთ შესასვლელთან, სადაც ქვეყნის დატოვების მსურველი ავღანელები იმყოფებოდნენ, ხოლო მეორე აფეთქება აეროპორტთან მდებარე სასტუმროსთან, საიდანაც ამერიკელ სამხედროებს ხალხი ევაკუაციისთვის აეროპორტში გადაჰყავდათ. მედიასაშუალებები თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ ტერაქტები თვითმკვლელებმა განახორციელეს. ეს ინფორმაცია სააგენტო AFP-ს დაუდასტურა ამერიკული არმიის მაღალჩინოსანმაც.

ქაბულის აეროპორტთან 26 აგვისტოს მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანურმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო ხორასანი“, რომელიც რადიკალური მოძრაობა თალიბანის მეტოქეა.

„ჩვენ არ გაპატიებთ, არ დავივიწყებთ, გიპოვით და სამაგიეროს გაზღვევინებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 26 აგვისტოს, თეთრი სახლიდან საგანგებო ტელემიმართვისას.

პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ქაბულში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა ვერ შეაჩერებს ავღანეთიდან ამერიკელების და მათი მოკავშირეების ევაკუაციას.

აშშ-მა და სხვა სახელმწიფოებმა ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეების, და თალიბანის რეჟიმს გაქცეული ავღანელების ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც რადიკალურმა დაჯგუფებამ დაიბრუნა 20 წლის წინ დაკარგული ძალაუფლება. ევაკუაციის პროცესში ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოებას რამდენიმე ათასი ამერიკელი სამხედრო იცავს.

ქაბულიდან უკვე ევაკუირებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი. ავღანეთში იმყოფებოდა საქართველოს 20-ზე მეტი მოქალაქეც, რომლებიც სხვადასხვა უცხოურ კომპანიაში მუშაობდნენ. მათი ევაკუაცია გასული კვირის ბოლოს დასრულდა.

თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისიდან დაიწყეს და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება მას შემდეგ დაიბრუნა, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო. შეერთებული შტატების გეგმით, სექტემბრიდან ავღანეთში არცერთი ამერიკელი სამხედრო აღარ იქნება.

აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა. მათ შორის იყო საქართველო, რომელმაც ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეების გაყვანა 2021 წლის ივნისის ბოლოს დაასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG