ავღანეთის საზღვრებზე შეიკრიბა ათასობით ადამიანი, რომელიც თალიბანის რეჟიმისგან გაქცევას ცდილობს მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვეს აშშ-ის ჯარებმა და შეწყდა დედაქალაქ ქაბულიდან მასობრივი საჰაერო ევაკუაციის ოპერაცია.
პაკისტანის ოფიციალური პირის თქმით, ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე, ტორხამის საკონტროლო პუნქტში, 1 სექტემბერს დიდი რაოდენობით ხალხი იცდის და ელის საზღვრის გახსნას. თვითმხილველთა თქმით, ათასობით ავღანელმა მიაშურა ასევე ისლამ ყალის გამშვებ პუნქტს ირანის საზღვარზე.
აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა 14 აგვისტოს შემდეგ 123 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს ქაბულის აეროპორტიდან. 15 აგვისტოს თალიბანმა კვლავ ხელში ჩაიგდო ავღანეთში ძალაუფლება მას მერე, რაც ის 2001 წელს დაემხო აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებული ინტერვენციის შედეგად.
ჯერჯერობით ქვეყანაში რჩება ათიათასობით ავღანელი, რომელსაც სავარაუდოდ საფრთხე ემუქრება თალიბანის რეჟიმის პირობებში.
1 სექტემბერს დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ თალიბანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყანაში დარჩენილი ბრიტანეთის რამდენიმე მოქალაქისა და ავღანელის „თავისუფლად გამოშვების“ შესახებ.
გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუციით მოუწოდა თალიბანს, ქვეყნის თავისუფლად დატოვების უფლება მისცეს იმ ავღანელებს, ვისაც ეს სურს. თალიბანმა პირობა დადო, რომ ავღანელებს ქვეყნის დატოვებისა და უკან დაბრუნების უფლებას მისცემს, მაგრამ ჯერჯერობით ბევრს ეჭვი ეპარება მკაცრი კურსის მომხრე ისლამისტური დაჯგუფების მიზნებში.