იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე ყოფილმა წევრმა, რომელიც სასამართლო სისტემას საბჭოდან აკრიტიკებდა, ვადის ამოწურვის შემდეგ ორგანიზაცია დააფუძნა. ორგანიზაციას "საქართველოს სასამართლოს გუშაგი" ჰქვია. მისი დამფუძნებელები არიან: ნაზი ჯანეზაშვილი, ნათია კაპანაძე, რაისა ლიპარტელიანი და თამუნა ჩეჩელაშვილი.
"სულ მალე ვიწყებთ ორი ახალი პროექტის განხორციელებას. დეტალებზე ჯერ არ ვისაუბრებ, მაგრამ ორივე მათგანი საკმაოდ საინტერესო და ინოვაციურია... ვიწყებ მჭიდრო თანამშრომლობას ევროპაში სასამართლო სფეროში ერთ-ერთ წარმატებულ ორგანიზაციასთან, რომლებიც მათ უნიკალურ გამოცდილებას მიზიარებენ... ასევე, ვთანამშრომლობ აშშ-ში ერთ-ერთ ძალიან გამოცდილ და წარმატებულ ორგანიზაციასთან, რომლებიც ინდივიდუალურად მეხმარებიან ფანდრაიზინგის მიმართულებით.
პირადად მე დამიმტკიცეს ორი სამეცნიერო სტატია, აქედან ერთი საქართველოში, ხოლო მეორე უცხოეთში რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნდება", - წერს ჯანეზაშვილი "ფეისბუკზე".
ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იკავებდა. ამ დროის განმავლობაში ის ღიად საუბრობდა სასამართლო სისტემაში არსებულ კლანსა და ნეპოტიზმით დანიშნულ ახალ მოსამართლეებზე.