Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰარცელი მიიჩნევს, რომ გვიანი არც "მიშელის შეთანხმების" ხელმოწერაა და არც მასთან დაბრუნება


ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დაგვიანებულად არ მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული შეთანხმების ხელმოწერას.

„ჩემი აზრით, ხელმოწერა იმისა, რაც პირველ რიგში, დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს, არასდროს არის გვიან და შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან“, - განაცხადა დღეს კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩს მტკიცედ სჯერა, რომ ეს რეფორმები სარგებელს მოუტანს საქართველოს ყველა მოქალაქეს:

„სწორედ ამიტომ, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა რეფორმის სრულად შესრულება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ კვლავაც მზად ვართ ვიმუშაოთ ყველასთან, ვინც ამ რეფორმების განხორციელების ერთგულია".

კარლ ჰარცელი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეთანხმებას ხელი მოაწერა პარტიის სახელით, პარლამენტარების ჩათვლით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტის 150 არჩეული წევრიდან 147-მა სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა დროს მხარი დაუჭირა შეთანხმებას და მის შინაარსს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს, 2 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისში მოაწერა ხელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას, რომელსაც პარლამენტში არჩეული ოპოზიციური ძალების ნაწილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხელი აპრილში მოაწერეს და მმართველი პარტიის მიერ უკვე ანულირებულადაა გამოცხადებული.

"ქართულმა ოცნებამ" და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ცალკეულმა დეპუტატებმა 19 აპრილს მოაწერეს ხელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანი იყო საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.​ შეთანხმება მოიცავს დათქმას, რომლის თანახმად, თუ „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ამ დათქმის საფუძველზე ოპოზიცია 2 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს.

28 ივლისს პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა. "ქართულმა ოცნებამ" მიზეზად დაასახელა ისიც, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია - "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG