Accessibility links

site logo site logo

გიორგი ვაშაძე: ეს ქვეყანა არ არის არც ბიძინა, არც მიშა


საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, დეპუტატთა განცხადებების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, „სტატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, საქართველოში მის დაბრუნების გეგმებთან დაკავშირებით. გიორგი ვაშაძის თქმით, ეს განცხადება ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზებას. მმართველ ძალას „ქართულ ოცნებას“ კი არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ყურადღება ამ განცხადებაზე გადაიტანოს, ვინაიდან 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად საჭირო რეფერენდუმი.

„ეს რეფერენდუმი ტარდება არა იმაზე, ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, არამედ გავუშვებთ თუ არა „ქართულ ოცნებას" ხელისუფლებიდან და ეს ფოკუსი აუცილებლად უნდა გავასწოროთ ამ არჩევნებზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ ალბათ ყველაზე ბედნიერია „ქართული ოცნება“, ვანაიდან ის დაიწყებს სტანდარტულ კამპანიას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის რისკზე იქნება აგებული.

ვნახავთ ბანერებს მიშას ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ვნახავთ ძალიან ბევრ შემაშინებელ ფეისბუკპოსტს, ვნახავთ ძალიან ბევრ ჩასხმულ ფულს იმაში, რომ ხალხი ისევ შეაშინონ. მე მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, მეგობრებო, უნდა შევცვალოთ ეს უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდება. ქვეყანა არ არის არც ბიძინა და არც მიშა, არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“, საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს. ყველამ ერთად უნდა გავარღვიოთ ეს უბედური მოჯადოებული წრე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ განცხადება გუშინ, 6 სექტემბერს გააკეთა, თუმცა არ დაუკონკრეტებია დრო, როდის აპირებს ჩამოსვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG