დღეს იწყება საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი. მისი დახვედრის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზეა დაგეგმილი.
ცერემონიის შემდეგ, საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრები, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი სამთავრობო დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ღარიბაშვილი და ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
დღესვე სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი ხვალ, 9 სექტემბერს დასრულდება.
საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთის პრემიერ-მინისტრად პირველად არჩევიდან რამდენიმე დღეში, 2018 წლის 11 მაისს.
საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის მეორე ოფიციალური ვიზიტი 2020 წლის 3-4 მარტს შედგა. სომხეთის პრემიერ-მინისტრს პირველი და მეორე ოფიციალური ვიზიტებისას მასპინძლობდნენ საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი გახარია.
ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 2021 წლის 25 აპრილს გადადგა, რასაც წინ უძღოდა აზერბაიჯანთან ხელმოწერილი საზავო შეთანხმების გამო დაწყებული კრიზისი. ოპოზიცია ფაშინიანს ადანაშაულებდა კაპიტულაციასა და სახელმწიფოს ინტერესების ღალატში და მის გადადგომას მოითხოვდა 2020 წლის ნოემბრიდან, როცა რუსეთის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანს დაუბრუნდა 90-იან წლებში დაკარგული არაერთი რაიონი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ დანიშნულ რიგგარეშე არჩევნებში, რომელიც 2021 წლის 20 ივნისს ჩატარდა, ფაშინიანის პარტიამ ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა, ახალი მოწვევის პარლამენტმა კი, პრემიერ-მინისტრად კვლავ ნიკოლ ფაშინიანი აირჩია.
საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა 2021 წლის მაისში.