Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტში დაინიშნა ენერგეტიკის ექსპერტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებზე სამუშაოდ


რობინ დანინგანი
რობინ დანინგანი

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ენერგეტიკის სფეროში გამოცდილების მქონე დიპლომატი, რობინ დანინგანი დანიშნა სახელმწიფო დეპარტამენტში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკის განმსაზღვრელ პოსტზე.

დანინგანი, რომელიც 2014-2017 წლებში მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკის რესურსების ბიუროს ენერგეტიკული დიპლომატიის მდივნის მოადგილედ, იმუშავებს პოლიტიკის განსაზღვრაზე უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვის, პოლონეთის, უნგრეთის და ჩეხეთის რესპუბლიკის მიმართ - უთხრა ერთ-ერთმა პრესმდივანმა რადიო თავისუფლებას.

ბოლო სამი წლის განმავლობაში დანინგანი მუშაობდა ვენაში აშშ-ის საელჩოში - ჯერ როგორც მისიის შეფი, შემდეგ როგორც ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ახალ თანამდებობაზე მუშაობა მან 7 სექტემბერს დაიწყო.

დანინგანი ერთ-ერთი პირველი პირი იყო, ვინც კრიტიკულად გამოეხმაურა რუსეთის გეგმას ბუნებრივი აირის მეორე მილსადენის აშენებაზე გერმანიასთან - ბალტიის ზღვის გავლით, რათა ევროპაში ექსპორტის მარშრუტი შეცვლილიყო და გვერდი აეარა უკრაინისთვის, რომელიც წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს დაკარგავს სატრანზიტო გადასახადის სახით. "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის სახელით ცნობილი, 11 მილიარდი დოლარის ღირებულების ეს პროექტი მალე დასრულდება.

ბაიდენის ადმინისტრაცია და გერმანია ივლისში შეთანხმდნენ, რომ უკრაინას დაეხმარებიან "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის აშენებით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგთან გამკლავებაში, მათ შორის ენერგეტიკის ინდუსტრიაში ინვესტირების გზით.

უკრაინის, ბელარუსის და მოლდოვის პოლიტიკის წარმართვას დანინგანი გადაიბარებს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯორჯ კენტისგან - რომელიც ასევე განსაზღვრავდა პოლიტიკას საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართ.

XS
SM
MD
LG